რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს პრეზიდენტს გზავნილი გადასცა
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს საჰაერო სივრცის გადაკვეთისას საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს თბილი მისალმებისა და კეთილი სურვილების გზავნილი გადასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„თქვენო აღმატებულებავ, სამხრეთ კორეისკენ მიმავალ გზაზე, საქართველოს საჰაერო სივრცის გადაკვეთისას, მსურს, პირადად ჩემი და ჩემი დელეგაციის სახელით გადმოგცეთ ყველაზე გულწრფელი მოკითხვა და საუკეთესო სურვილები თქვენს აღმატებულებასა და ქვეყანას. ვიყენებ შესაძლებლობას, რათა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩემი მტკიცე რწმენა იმისა, რომ ჩვენს ორ ერს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, განმტკიცდება და განვითარდება. თქვენს აღმატებულებას ვუსურვებ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას, ხოლო მეგობრულ ქართველ ერს – ხანგრძლივ მშვიდობას, პროგრესსა და კეთილდღეობას“, – ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის გზავნილში.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობითვე, მიხეილ ყაველაშვილმა თურქ კოლეგას მადლობა გადაუხადა კეთილი სურვილებისთვის.
მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საქართველოსა და თურქეთს, როგორც მეზობელ ქვეყნებს, მრავალწლიანი ურთიერთობები და საერთო პასუხისმგებლობა აკავშირებთ რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის განმტკიცების საქმეში.
საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის ხალხებს შორის მეგობრობა მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება ურთიერთპატივისცემისა და საერთო ინტერესების საფუძველზე.