სიახლე საჯარო სკოლების დირექტორებისთვის – მასწავლებელთა შეფასების კომისიების მართვა eSchool-ით
გამოქვეყნდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია საჯარო სკოლების დირექტორებისთვის იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მართონ მასწავლებელთა შეფასების კომისია. ახალი „eSchool“-ის ელექტრონული სისტემა სკოლის ადმინისტრაციული პროცესების მართვისა და სხვადასხვა პროცედურის ელექტრონულად განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.
ახალი ელექტრონული სისტემის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება „კოლეგიური ორგანოს“ მოდულია, რომელიც მასწავლებლებისა და სპეციალური მასწავლებლების შეფასების პროცესთან დაკავშირებული კომისიების შექმნასა და ადმინისტრირებას ემსახურება. სისტემაში შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, სკოლის დონეზე შექმნას შესაბამისი კომისია, დაამატოს წევრები და მართოს კომისიასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
როგორც ინსტრუქციაშია აღნიშნული, სკოლის კომისია დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე იქმნება. სისტემა სკოლებს მოქნილ მექანიზმებს სთავაზობს: სკოლას აქვს შესაძლებლობა, კომისია შექმნას მიმართულებებისთვის ერთჯერადად ან თითოეული მათგანისთვის ცალ-ცალკე. შესაბამისად, საჭიროებიდან გამომდინარე, დირექტორს შეუძლია, თვითონ განსაზღვროს კომისიის შექმნის ფორმატი და სისტემაში შესაბამისი მიმართულება შეარჩიოს.
პორტალზე ასევე გამოქვეყნებულია დეტალური ინსტრუქცია, რომელიც სკოლის დირექტორებს „eSchool“-ის ახალ ელექტრონულ სისტემაში კომისიის შექმნისა და მართვის პროცესს ეტაპობრივად აცნობს.