მამუკა არეშიძე: ცივილიზაციას ვერ კლავენ, ცივილიზაცია თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს
By

მამუკა არეშიძე: ცივილიზაციას ვერ კლავენ, ცივილიზაცია თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ ხუთი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის მიზნით მიმდინარე სასამართლო პროცესი გაიწელება და მხოლოდ ორიოდ პარტია დაისჯება. მისი აზრით, მიმდინარე ეტაპზე, მსგავსი სასამართლო მიუღებელია როგორც ქვეყნისთვის, ისე საზოგადოებისთვის. „აჭარასთან“ ინტერვიუში მამუკა არეშიძე, ასევე, საუბრობს რუსეთ-უკრაინის ომსა და ევროპაში მიმდინარე პოლიტიკურ დაპირისპირებებზე.

– ხუთ ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესის მიმდინარეობაზე რა პროგნოზს გააკეთებთ, როგორ ფიქრობთ, რომელ პარტიას აკრძალავენ?

– ვფიქრობ, საქმე იქითკენ მიდის, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ორი განაყოფი, ალბათ, აიკრძალება, დანარჩენი პარტიები კი, მგონია, დარჩებიან ამ პროცესის მიღმა.

– 2028 წლის საპარლამენტო არჩევნები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ჩატარდება?

– ის, რაც ვთქვი, არ არის კატეგორიული განცხადება, არავინ იცის, რეალურად რა მოხდება, თუმცა იმასაც ვფიქრობ, სასამართლო პროცესი სწორედ საპარლამენტო არჩევნებამდე გაიწელება და არ არის გამორიცხული, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საკითხი მუდმივად იდგეს დღის წესრიგში 2027 წლის განმავლობაში მაინც… ვერ გეტყვით ზუსტად. . .

– რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ პარტიების აკრძალვა? საზოგადოების ნაწილი აცხადებს, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში პოლიტიკურ პარტიებს არ კრძალავენ. . .

– დიახ, დღესდღეობით ეს ფრაზა ოპოზიციის ლოზუნგად იქცა, რომელსაც არ ვეთანხმები, რადგან კრძალავენ როგორც დემოკრატიულში, ისე არადემოკრატიულში, ამის უამრავი პრეცედენტი არსებობს, მაგრამ ამაში არ არის საქმე, მე პარტიების აკრძალვის წინააღმდეგი ვარ შინაგანად, რაშიც არ ვარ ობიექტური. ობიექტურობა მოითხოვს: ყველამ პასუხი აგოს თავის დანაშაულზე, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ჩადენილი კოლექტიური პარტიული დანაშაული. ახლა აქ არ დავიწყებ ამ დანაშაულების ჩამოთვლას, აზრი არა აქვს, მაგრამ ხაზს ვუსვამ შემდეგ გარემოებას – ყველა პოლიტიკურმა ძალამ – ოპოზიციურმაც და მმართველმაც – თუ მისი წევრები ხალხის და ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიმართულ დანაშაულს ჩაიდენენ – პასუხი უნდა აგოს. ეს პროცესი მაგალითად უნდა გამოადგეს ყველა პარტიას, რათა არ დაუშვას ისეთი შეცდომა, რომელიც ამ ფორმულირების ქვეშ მოხვდება.

– მაშინ რატომ ხართ ამ პარტიების აკრძალვის წინააღმდეგი?

– მიმაჩნია, რომ ეს პროცესი უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის ცხოვრების წესზე, საზოგადოებრივ ფსიქიკაზე და ძალიან ცუდ შედეგებს მოიტანს მომავალში. ვგულისხმობ, თუ შექმნი ასეთ პრეცედენტს, კაცმა არ იცის, რა მოხდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ზუსტად ამიტომ ვარ წინააღმდეგი, თორემ ისე, პასუხისმგებლობა რომ აუცილებელია – ფაქტია. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ რეჟიმში, რომლის ფსიქოლოგიური ფონი შექმნილია 90-იანი წლების დასაწყისში. სიძულვილი, რაც გაჩნდა მაშინდელ საზოგადოებაში, ის სისხლი, რომელიც მაშინ დაიღვარა, აქამდე ექოსავით ისმის ჩვენს ყოველდღიურობაში. ჰოდა, ამიტომ ვარ ასეთი კატეგრიული ნაბიჯების წინააღმდეგი… თუმცა უნდა ითქვას, ცხოვრებაა ისეთი, რომ ითხოვს ასეთ კატეგორიულ გადაწყვეტილებებს. . . პრაქტიკულად, ჩემს თავს ვეწინააღმდეგები ახლა, მაგრამ ჩემი ასაკი მაძლევს ასეთი შეფასებების გაკეთების უფლებას.

– ბევრის აზრით, თავის დროზე რომ არ აკრძალეს, სწორედ ამან მოგვიყვანა დღევანდელ პოლიტიკურ ქაოსამდე. . .

– მოდით, ამაზეც ვიმსჯელოთ: მე განსაკუთრებული წინააღმდეგობა და დაპირისპირება მქონდა „ქართულ ოცნებასთან“ იმ კოაბიტაციის მახინჯი ფორმის გამო. საზოგადოებაში შემორჩენილია კითხვები ამის თაობაზე. აინტერესებთ – „მაშ, ეს კოაბიტაცია რა იყო“, ან „აქამდე სად იყავით“ და სხვ. კოაბიტაცია თავს მოხვეული ურთიერთობები იყო. ეს ვიცი ძალიან კარგად და საკამათო არ არის, მაგრამ მსგავსი მახინჯი ფორმა, როგორითაც ეს პროცესი შედგა (გადაჭარბებულად, ქართულად, როგორც გვჩვევია), არავის დაუძალებია. არც ის უთქვამთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოსული პიროვნებების ჯგუფური პორტირება მოეხდინათ, რომლებსაც გარკვეული წილი აქვთ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილ დანაშაულებში. რაც შეეხება, კითხვას „აქამდე სად იყავით“, მისი დასმის ლეგიტიმური უფლება აქვს ყველას, მაგრამ დასავლეთი გულდასმით აკვირდებოდა, რომ კოაბიტაციის თავსმოხვეული რეჟიმის არცერთი პირობა არ დარღვეულიყო, აქედან გამომდინარე, რთული იყო რეაგირება. ახლა მმართველი ძალა მიიჩნევს, რომ ხელი გახსნილი აქვს, რადგან კონფრონტაციულ რეჟიმშია ევროპულ სტრუქტურებთან და უკვე შეუძლია გადადგას ის ნაბიჯები, რომელსაც სამართალი ითხოვს. პრაქტიკულად, ეს ორივე კითხვა ლეგიტიმურია, პასუხებიც არსებობს, რომელიც შეიძლება არის ან არ არის მისაღები, მაგრამ… გასაგებია.

– უკრაინა-რუსეთის ომზე რას იტყვით, რამდენად არის შესაძლებელი მხარეების მორიგება?

– სულ ვამბობდი (რისთვისაც მლანძღავდნენ გაუთავებლად), პატარა ქვეყანა არის ხურდა დიდი ქვეყნების პოლიტიკაში – სწორედ ამის რეალიზაცია ხდება ახლა. 45-მილიონიანი მოსახლეობის მქონე უკრაინაც კი დღეს ხურდად არის ქცეული მსხვილი პოლიტიკური მოთამაშეების ხელში. ეს არის უბედურება და საშინელება… ძალიან რთულია გამოსავლის მოძებნა. აქაც ორმაგი სტანდარტი მოქმედებს – ერთი მხრივ, ზელენსკი მართლაც ვაჟკაცურად იქცევა იმ თვალსაზრისით, რომ შექმნა სწორი პიარსივრცე, დარბის ქვეყნიდან ქვეყანაში, ცდილობს, შეინარჩუნოს პოლიტიკური წონა როგორც თავისთვის, ისე ქვეყნისთვის და ფასი დაადოს იმ უბედურებას, რაც უკრაინაში ხდება, რისთვისაც არ ერიდება უხეშ მიმართვებს დასავლელ ლიდერებთან, მაგრამ ამასობაში, ქვეყანა დაინგრა და მოხდა ისე, რომ არაერთხელ მოტყუებული აღმოჩნდა ზელენსკიც და უკრაინაც. ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობ, ეს ჩვენ გავიარეთ და ვიცით, როგორც ხდება. მე ვიყავი მიწვეული კონსულტანტი 2016-2019 წლებში უკრაინაში. კერძოდ, ჩვენი შეცდომების და გამოცდილების მაგალითზე ვუხსნიდით, რისი გათვალისწინება იქნებოდა უკეთესი მათი ქვეყნისთვის და იმის მიუხედავად, რომ ყურადღებით გვისმენდნენ, ზუსტად ისეთი შეცდომები დაუშვეს უკრაინელებმა, როგორიც – ჩვენ. ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ, რომ თავიდან ბოლომდე დაიჯერეს ყველაფერი, რასაც დასავლელი ლიდერები ჰპირდებოდნენ. ამის ნათელი მაგალითია 2022 წლის მარტში სტამბოლის მოლაპარაკება, როდესაც რუსეთთან შეთანხმდნენ უკრაინისთვის ბევრად უფრო მისაღები გადაწყვეტილებების მიღებაზე (ზავი მცირე ტერიტორიული დანაკარგებით), მაგრამ ჩავიდა ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი ბორის ჯონსონი და… არია ყველაფერი. მან აიძულა უკრაინული მხარე, არ მოეწერა ხელი სამშვიდობო შეთანხმებაზე, რადგან უფრო მეტის მიღებას დაჰპირდა და რაც მიიღო ზელენსკიმ, კარგად ვხედავთ. ასე ხდებოდა და ხდება – დასავლეთის პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც გარანტიებს გაძლევენ, მეორე დღეს აღარ არიან, დაპირებები კი ყველას ავიწყდება. ასე დაავიწყდათ ის გარანტიებიც, რომლებიც მისცა დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა და რუსეთმა უკრაინას 1990-იან წლებში ბუდაპეშტის დოკუმენტის საფუძველზე… ასეა თუ ისე, ახლა უკრაინა ინგრევა, ხალხისგან იცლება, მისი მიწები და წიაღისეული სხვის ხელში გადადის, ქვეყანა ნადგურდება, მაგრამ მსოფლიო მედიაში უკრაინელი ხალხის ჰეროიკა დღის წესრიგში დგას და მასზე ყოველ დღე იწერება. . .

– უკრაინის მმართველ წრეებში არსებულ კორუფციულ სქემებზეც ბევრი რამ იწერება. . .

– კი, არის ძალიან მძიმე კორუფციული სქემები, მაგრამ, პრაქტიკულად, მსხვილი პოლიტიკური მოთამაშეები – როგორც ქვეყნები, ისე პიროვნებები და პოლიტიკური ძალები, სამწუხაროდ, კორუფციაზე დგანან. ასეთივე კორუფციული სკანდალი აგორდა აშშ-შიც, სადაც ჯარედ კუშნერის (ტრამპის სიძის, ივანკა ტრამპის მეუღლის) სახელი აქტიურად ფიგურირებს… თუ კორუფციული არ არის, მაშინ პოლიტიკური სკანდალია, ისეთი, როგორც ტრამპის გარშემო ტრიალებს მისი და პუტინის ძველ ურთიერთობებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, დღევანდელი მსოფლიო ასეა მოწყობილი..

– შეიცვალა პოლიტიკური სპექტრი დასავლეთში, პოლიტიკური ლიდერები. . .

– დღევანდელი პოლიტიკური ლიდერების 90% გარკვეული ფინანსური სტრუქტურების მიერ დაყენებული (სიტყვა „დაყენებულს“ მე აქ შეგნებულად ვამბობ) ადამიანები არიან, ისეთი ლიდერები კი, რომლებიც ქმნიდნენ პოლიტიკურ კლიმატს ევროპაში, პრაქტიკულად, აღარ არიან, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა. მათ შორის მინდა დავასახელო ფინეთის პრეზიდენტი და კანადის პრემიერი, ხოლო ისეთი დიდი ქვეყნების ხელმძღვანელები, როგორებიც გერმანია და საფრანგეთია, ფინანსური სტრუქტურების მიერ სახელდებული ადამიანები არიან, რის გამოც ისინი იძულებული ხდებიან ამ ფინანსური სტრუქტურების მითითებების მიხედვით იმოქმედონ.

– ევროპაში არსებულ არეულობაზე რას გვეტყვით, რა არის ამ დაპირისპირებების ძირითადი მიზეზი, ემიგრაცია?..

– დავიწყოთ იქიდან, რომ ე.წ. მსოფლიო წესრიგი მოიშალა. ვინ რას აკეთებს, მის სურვილზეა დამოკიდებული. რასაკვირველია, ეცდებიან სამომავლოდ ახალი თამაშის წესების, კულტურის ჩამოყალიბებას, მაგრამ ვიდრე ეს მოხდება, ყველა საშუალო თუ მსხვილი დონის მოთამაშე ცდილობს, მოირგოს დღევანდელი ვითარება და უფრო მეტი რესურსით მივიდეს მსოფლიო წესრიგის საბოლოოდ ჩამოყალიბების დღემდე. ახლა დასავლეთში გასაკუთრებული დაპირისპირებაა „გემოვნების“ პოლიტიკურ ძალებს – მემარცხენეებსა და მემარჯვენეებს შორის. ლიბერალურმა დემოკრატიამ თავისი თავი ნაწილობრივ ამოწურა, რისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი გახდა ტოლერანტული ემიგრაციული პოლიტიკა, ხოლო მეორე – არასწორად შეფასებული რესურსები ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით. ერთის კლასიკური მაგალითია საფრანგეთი (ემიგრაცია), ხოლო მეორის – გერმანია (რესურსები)… გერმანია არის ევროპის პირველი ეკონომიკა, რომელიც დაფუძნებული იყო რუსეთის იაფ ენერგორესურსზე. შეიძლება ითქვას, გერმანია იჯდა რუსეთის ნარკო-ენერგეტიკულ ნემსზე. პრაქტიკულად, გერმანიის ხელისუფლებებმა ყველაფერი გააკეთეს ამ ენერგომატარებლების გამო არსებული საკუთარი პოლიტიკური სისუსტის შესანიღბად, თუმცა კრიტიკულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ დაუცველები. გამოჩნდა ყველა ის ნაკლოვანება, რომელიც ასეთი ტიპის ეკონომიკის პირობებში არსებობდა ქვეყანაში, ხოლო ამ ეკონომიკის საფუძველზე შექმნილი პოლიტიკა, ხომ საერთოდ ჩამოენგრათ თავზე.

– რას გულისხმობთ „პოლიტიკის ჩამონგრევაში“?

– აქ ვგულისხმობ იმას, რომ თითოეული გერმანელი მუშა, რომელიც პროდუქციას ქმნის, ოთხ მიგრანტს ინახავს თავიანთი ოჯახებიანად. ეს სოციალური ვითარება თავის დროზე შეუმჩნეველი იყო, მაგრამ როდესაც ეკონომიკამ რღვევა დაიწყო და გაჩნდა ინფლაციური პროცესები, ყველაფერი გამოჩნდა და ახლა არის საშინელი სოციალური უკმაყოფილება გერმანიაში. ამას ემატება არასწორი ემიგრაციული პოლიტიკა, არა ისეთი, როგორიც საფრანგეთშია… იქ კატასტროფაა საერთოდ… მოკლედ, ევროპულ ცივილიზაციას შეუდგა წყალი და ამის ავტორები არიან ის პოლიტიკური ელიტები, რომლებიც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდნენ ევროპას. ძირითადად, ეს ცენტრისტული მემარცხენე ძალებია. ამიტომ არის, რომ ახლა ერთმანეთს ებრძვიან არა ცენტრისტული მემარცხენეები ან მემარჯვენეები, არამედ რადიკალი მემარჯვენეები და რადიკალი მემარცხენეები, ანუ რადიკალიზმი გაჩნდა პოლიტიკურ სივრცეში. აი, ეს არის ძალიან რთული ბრძოლა და ყველაფერი ის, რაც ხდება ევროპაში: ესპანეთში საფრანგეთში, გერმანიაში თუ სხვაგან, ამ პოლიტიკის შედეგია. ამიტომ იღებს დაპირისპირებები სხვადასხვა ფორმას სხვადასხვა ქვეყანაში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ ფრაზას, რომელსაც ამ ბოლო დროს ხშირად ვამბობ: ცივილიზაციას ვერ კლავენ, ცივილიზაცია თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს. აი, ამ თვითმკვლელობის პროცესს ვაკვირდებით ახლა. რასაკვირველია, ამ პროცესის შეჩერება შესაძლებელია, ოღონდ ამას სჭირდება მთელი ევროპის პოლიტიკური ელიტის და საზოგადოების ძალიან სერიოზული ძალისხმევა (აქ არ ვგულისხმობ იმ ძალებს, რომლებიც დღეს ევროპარლამენტს ხელმძღვანელობენ).

ირმა ცეცხლაძე

 

  • No Comments
  • ნოემბერი 3, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *