გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის მხარდაჭერა გრძელდება
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერის საკითხებზე დროებითი სამთავრობო კომისიის 30-ე სხდომა გაიმართა.
სხდომაზე, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძემ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, კომისიის თანათავმჯდომარე თეა ახვლედიანმა გახსნეს, 2025 წლის საქმიანობის ანგარიში შეაჯამეს და მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე იმსჯელეს.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, კომისიის წევრებმა განიხილეს მოსახლეობის მხარდაჭერის მიმდინარე პროგრამები და მიიღეს გადაწყვეტილება ზამთრის სეზონზე გათბობის ხარჯების დასაფარად ფინანსური დახმარების გაცემის შესახებ. ასევე, შეთანხმდნენ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების 2026-2027 სასწავლო წლის დაფინანსების საკითხებზე.
რევაზ სოხაძემ ყურადღება გაამახვილა კომისიის საქმიანობის მთავარ პრიორიტეტზე, რაც გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე დროულ და ეფექტიან რეაგირებას, მათი სოციალური პირობებისა და საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას გულისხმობს.
მინისტრმა ისაუბრა 2025 წელს კომისიის ფარგლებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალურ პროგრამებსა და მოსახლეობის მხარდამჭერ ღონისძიებებზე, რომელთა განხორციელებაც 2026 წელსაც გრძელდება.
თეა ახვლედიანის განცხადებით, საოკუპაციო ხაზების სიახლოვეს მცხოვრები, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერასა და მათ სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მისივე შეფასებით, ეს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვისაც ერთგვარი გზავნილია და საქართველოს ხელისუფლების ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის თვალსაჩინო გამოვლინებაა.
„გამყოფ ხაზებთან მცხოვრები კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერა, რეგიონების მეტი განვითარება, სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება რჩება ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად, რისთვისაც უწყებათაშორისი სამთავრობო კომისიის ფარგლებში ვახორციელებთ ერთიან ძალისხმევას როგორც დარგობრივი სამინისტროების, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებული ჩართულობით. დღევანდელ სხდომაზე ჩვენ შევაჯამეთ გასული წლის საქმიანობის შედეგები, განვიხილეთ მოსახლეობის წინაშე დღესდღეობით არსებული საჭიროებები და მათზე რეაგირების გზები. წელსაც მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები როგორც ზამთრის პერიოდში გათბობის, ასევე სტუდენტებისთვის უმაღლესი განათლების ხელშეწყობის მიმართულებებით“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.