ქართული პროდუქციის ჩინეთის ბაზარზე დამკვიდრების პერსპექტივები განიხილეს
ჩინეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის ცნობადობის გაზრდა და ქართველი მწარმოებლებისთვის ახალი სავაჭრო შესაძლებლობების შექმნა იყო საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილისა და მსხვილი ჩინური სავაჭრო ქსელის, HotMaxx-ის თანადამფუძნებელი ჭანგ ნინგის შეხვედრის მთავარი საკითხები.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა იმსჯელეს ჩინეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის წვდომის გაფართოებაზე, ადგილობრივ მომხმარებლებში მისი ცნობადობის ამაღლებასა და ახალი სავაჭრო კავშირების ჩამოყალიბების შესაძლებლობებზე.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელიც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი საგარეო სავაჭრო ბაზრებისა და საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაციაა, ამ მიმართულებით კი ჩინეთის ბაზარს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
„მნიშვნელოვანია ისეთი სავაჭრო პლატფორმებისა და ქსელების გამოყენება, რომლებიც ქართულ პროდუქციას ჩინელ მომხმარებლებთან დააკავშირებს და მის საერთაშორისო ცნობადობას გაზრდის“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.