რა გავლენას მოახდენს ამერიკის არჩევნები მსოფლიო პოლიტიკაზე?
საერთაშორისო არენაზე ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად რჩება ახლახან ჩატარებული აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნები, სადაც დამაჯერებელად გაიმარჯვა ,,დემოკრატიულმა პარტიამ“, რამაც სიხარული მოუტანა ირანს. როგორია ამერიკის არჩევნების ეფექტი? მოსალოდნელია თუ არა ტრამპის იმპიჩმენტი? რამდენად რეალურია, რუსეთ-უკრაინის ომმა განსაზღვროს ახალი მსოფლიო წესრიგი? ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება ანალიტიკური ორგანიზაცია ,,ევროპული პოლიტიკის ანალიტიკოსი“, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი ნიჟარაძე.
– აშშ–ის შუალედურ არჩევნებში ,,დემოკრატიული პარტიის“ დამაჯერებელი გამარჯვება რა ფაქტორებმა განაპირობა?
– დემოკრატების გამარჯვება, პირველ რიგში, განაპირობა ეკონომიკურმა ფაქტორებმა, როგორებიცაა – ინფლაცია, მაღალი ფასები და არაპროგნოზირებადი გარემო, რაზეც ამერიკელების დიდი ნაწილი პასუხისმგებლობას ტრამპის ადმინისტრაციას აკისრებს. მნიშვნელოვანი ფაქტორია. ირანთან ომიც. სამხედრო კონფლიქტმა, რომელიც მოსალოდნელზე მეტად გაიწელა, გაზარდა საერთაშორისო არასტაბილურობა და გავლენა მოახდინა ენერგომატარებლების ფასებზე, რაც პირდაპირ აისახა ამერიკელების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ამას დაემატა უკმაყოფილება ტრამპის ადმინისტრაციის საქმიანობით და მთავრობის მიმართ ნდობის საკითხები. ჩემი შეფასებით, ამ არჩევნებით ამერიკელმა ამომრჩეველმა მკაფიო გზავნილი გაუგზავნა პრეზიდენტს: გამარჯვება არჩევნებში არ ნიშნავს საზოგადოების უპირობო მხარდაჭერას – ხელისუფლება საკუთარ გადაწყვეტილებებზე მუდმივად აგებს პასუხს.
– ეს არჩევნები როგორ აისახება მსოფლიო, მათ შორის საქართველოს პოლიტიკაზე?
– ამერიკის შუალედური არჩევნების შედეგები გავლენას მოახდენს არა მხოლოდ ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე, არამედ საერთაშორისო პარტნიორებთან მის ურთიერთობაზეც. დემოკრატების მიერ კონგრესის ორივე პალატის კონტროლი ტრამპის ადმინისტრაციას საგარეო პოლიტიკის გატარებას გაურთულებს, განსაკუთრებით ისეთ საკითხებში, როგორებიცაა უკრაინის დათმობებზე ,,იძულება“, რუსეთის მიმართ სანქციები და ირანთან კონფლიქტი. რაც შეეხება საქართველოს, აქ მთავარი საკითხი ამერიკის მხარდაჭერის უწყვეტობაა. დემოკრატები ტრადიციულად უფრო აქტიურად უსვამენ ხაზს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას. შესაბამისად, კონგრესში მათი გაძლიერება საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე მეტ ყურადღებასა და პოლიტიკურ ზეწოლას შეიძლება ნიშნავდეს.
თუმცა არ უნდა ველოდოთ, რომ, მხოლოდ არჩევნების შედეგად ამერიკის საგარეო პოლიტიკა რადიკალურად შეიცვლება. პრეზიდენტი კვლავ ტრამპია და საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ბერკეტები მის ხელში რჩება. ჩემი აზრით, საქართველოსთვის მთავარი კითხვა ის კი არ არის, რომელი პარტია აკონტროლებს კონგრესს, არამედ ის, რამდენად შეძლებს ქვეყანა აღადგინოს ამერიკასთან სტრატეგიული ურთიერთობა და დაიბრუნოს ნდობა ვაშინგტონში.
– დონალდ ტრამპმა კონგრესმენებთან და სენატორებთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა, მაგრამ არა ირანთან მიმართებით, ამ მხრივ მოვლენების როგორ განვითარებას ელოდებით?
– ჩემი მოლოდინით, ირანის საკითხი ტრამპსა და ახალ კონგრესს შორის ერთ-ერთი მთავარი დაპირისპირების საგანი გახდება. ეს უკვე მხოლოდ საგარეო პოლიტიკის საკითხი აღარ არის – ირანთან ომმა ამერიკის შიდა პოლიტიკაზეც პირდაპირ იმოქმედა. თავად ტრამპმაც აღიარა, რომ კონფლიქტმა რესპუბლიკელების საარჩევნო მარცხში თავისი როლი ითამაშა, თუმცა სამხედრო მოქმედებების სისწორეში ეჭვი არ შეუტანია.
დემოკრატები, სავარაუდოდ, შეეცდებიან, გააძლიერონ კონტროლი სამხედრო ოპერაციებზე, მოითხოვონ ადმინისტრაციისგან მეტი ანგარიშვალდებულება და შეზღუდონ ომის დამატებითი დაფინანსება, თუმცა ტრამპს კვლავ აქვს სამხედრო გადაწყვეტილებებსა და კონგრესის მიერ მიღებულ კანონებზე ვეტოს გამოყენების უფლება. შესაბამისად, დემოკრატებს მისი გადაწყვეტილებების შეჩერება მარტივად არ შეეძლებათ. ჩემი აზრით, ყველაზე რეალისტური სცენარი იქნება არა დაუყოვნებლივი პოლიტიკური კომპრომისი, არამედ ხანგრძლივი დაპირისპირება, სადაც ორივე მხარე საკუთარ ბერკეტებს გამოიყენებს. ტრამპისთვის ირანის საკითხზე უკან დახევა შეიძლება სისუსტედ აღიქმებოდეს. უნდა ვახსენოთ, რომ ახალი კონგრესის უფლებამოსილებები ძალაში 2027 წლის იანვრიდან შევა, ამიტომ ეს ზეწოლა მყისიერად არ დაიწყება და სწორედ იანვრამდე შესაძლოა, განახლდეს შეტევითი ოპერაციები ირანის მიმართულებით.
– რამდენად მოსალოდნელია, ტრამპს იმპიჩმენტი მოუწყონ და ამ მხრივ ამერიკის ვიცე–პრეზიდენტი რამდენად მისაღები იქნება ,,დემოკრატიული პარტიისთვის“, მით უფრო, რომ ის ანტიუკრაინულ პოზიციას აფიქსირებს…
– იმპიჩმენტის მცდელობა რეალურია, თუმცა ტრამპის თანამდებობიდან გადაყენება – ნაკლებად მოსალოდნელი. დემოკრატები კონგრესის ორივე პალატას აკონტროლებენ და გამოძიებების და იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყება შეუძლიათ, თუმცა პრეზიდენტის საბოლოოდ გადაყენებას სენატში ხმების ორი მესამედი სჭირდება, ეს კი დემოკრატებისთვის ძალიან რთული იქნება. ამიტომ უფრო მოსალოდნელია პოლიტიკური და სამართლებრივი ზეწოლა, ვიდრე ტრამპის რეალური გადაყენება. რაც შეეხება ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს, დემოკრატებისთვის ის ტრამპზე უფრო მისაღები ალტერნატივა ნამდვილად არ იქნება. ვენსი უკრაინის სამხედრო დახმარების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოწინააღმდეგეა და მისი პოზიცია კიევისა და ევროპის უსაფრთხოების ინტერესებს ეწინააღმდეგება, თუმცა, კონსტიტუციურად, ტრამპის გადაყენების შემთხვევაში, სწორედ ვენსი გახდება პრეზიდენტი.
– რა მთავარი გამოწვევებია აშშ–ის პრეზიდენტის წინაშე?
– აშშ-ის პრეზიდენტის წინაშე რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევაა. პირველ რიგში, ეს არის ირანთან კონფლიქტი და ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის აღდგენა. ვაშინგტონს მოუწევს გადაწყვიტოს, როგორ დაასრულოს დაპირისპირება ისე, რომ არ დაუშვას რეგიონული ომის გაფართოება და ამავდროულად? შეინარჩუნოს ამერიკის გავლენა რეგიონში. არანაკლებ მნიშვნელოვანია რუსეთ-უკრაინის ომი. ტრამპის მთავარი ამოცანა იქნება ისეთი შეთანხმების მიღწევა, რომელიც მხოლოდ დროებითი ზავი არ იქნება და ევროპის უსაფრთხოებასაც არ დააზიანებს. ამასთან, მას მოუწევს, დააბალანსოს ურთიერთობა რუსეთთან და ამერიკის ევროპელ მოკავშირეებთან.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ჩინეთია. ორ ქვეყანას შორის კონკურენცია მხოლოდ ვაჭრობას აღარ ეხება – ის ტექნოლოგიებს, გლობალურ ეკონომიკასა და ინდო-წყნარი ოკეანეების რეგიონში გავლენისთვის ბრძოლასაც მოიცავს. ამ დაპირისპირების მართვა ისე, რომ ის სამხედრო კონფლიქტში არ გადაიზარდოს, ვაშინგტონის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება.
– ცხადია, გვერდს ვერ ავუვლით რუსეთ–უკრაინის ომს, ამჟამად ინიციატივა ვის მხარესაა?
– ამ ეტაპზე, ომი გარდამავალი უპირატესობებით მიმდინარეობს, თუმცა უკრაინა მხოლოდ თავდაცვით რეჟიმში აღარ არის. კიევი კვლავ აგრძელებს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს. ეს მოსკოვისთვის მნიშვნელოვანი დარტყმაა, რადგან პირდაპირ აზიანებს მის საწვავის წარმოებასა და ომის ეკონომიკურ რესურსებს. ბოლო ცნობებით, უკრაინამ ნოემბრის დასაწყისშიც განაახლა რუსულ ნავთობობიექტებზე შეტევები. თუმცა უკრაინისთვის ყველაზე დიდი გამოცდა წინ არის – ზამთარი. რუსეთი კვლავ მიზანში იღებს უკრაინის ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. მხოლოდ 3 ნოემბერს განხორციელებულმა მასშტაბურმა შეტევამ რამდენიმე რეგიონში ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება შეაფერხა. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა ენერგოსისტემის აღდგენასა და ალტერნატიული წყაროების შექმნაზე მუშაობს, სრული მზადყოფნის გარანტია არ არსებობს.
– რამდენად მოსალოდნელია, რომ თეთრი სახლის დღევანდელმა ადმინისტრაციამ უკრაინას აიძულოს რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყება მისთვის მიუღებელი პირობებით?
– ტრამპს სურს, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს და მისთვის ეს შეიძლება დიპლომატიურ გამარჯვებადაც იქცეს, თუმცა არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება ომის დასრულებასა და სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევას შორის. აქ საინტერესოა ისიც, რომ დემოკრატების მიერ კონგრესის ორივე პალატის კონტროლი ტრამპს უკრაინის საკითხზე დამატებით პოლიტიკურ წინააღმდეგობას შეუქმნის. ეს შესაძლოა უკრაინის მხარდაჭერის შენარჩუნებას დაეხმაროს, თუმცა პრეზიდენტის გადაწყვეტილებებს ავტომატურად ვერ შეცვლის. მთავარი ბერკეტი სწორედ ის დახმარებაა, რომლის გარეშეც კიევს ომის გაგრძელება მნიშვნელოვნად გაუჭირდება. საუბარია არა მხოლოდ იარაღზე, არამედ ამერიკულ დაზვერვაზე, რუსული სარაკეტო დარტყმების შესახებ ადრეულ გაფრთხილებებზე Starlink-ის გაზიარების პარალელურად. ჩემი შეფასებით, ყველაზე დიდი საფრთხე ის კი არ არის, რომ უკრაინა მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდება, არამედ ის, რომ ომის სწრაფად დასრულების სურვილმა მშვიდობის ხარისხი უკანა პლანზე შეიძლება გადაწიოს. შეთანხმება, რომელიც უკრაინის უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს, შესაძლოა, ომის დასრულება კი არა, მხოლოდ მისი გადავადება აღმოჩნდეს.
– რა უნდა გააკეთოს დასავლეთმა, რომ ეს ომი უკრაინის სასარგებლოდ დასრულდეს?
– დასავლეთმა, პირველ რიგში, უნდა შეწყვიტოს უკრაინის დახმარების პოლიტიკური ვაჭრობის საგნად ქცევა და უზრუნველყოს მისი გრძელვადიანი სამხედრო მხარდაჭერა. ეს ნიშნავს არა მხოლოდ იარაღის მიწოდებას, არამედ საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას, საბრძოლო მასალებით სტაბილურ მომარაგებასა და დაზვერვითი ინფორმაციის გაზიარებას. ამასთან, რუსეთზე ზეწოლა უნდა გაიზარდოს – ეკონომიკური სანქციებითა და მისი ენერგეტიკული შემოსავლების შეზღუდვით. მთავარი კი ისაა, რომ უკრაინა მოლაპარაკების მაგიდასთან არა იძულებით, არამედ ძლიერი პოზიციიდან მივიდეს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება მიღწეული შეთანხმება რეალურ და ხანგრძლივ მშვიდობად იქცეს.
– დაბოლოს, მიმდინარეობს ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირება. რამდენად რეალურია რუსეთ–უკრაინის ომმა განსაზღვროს ეს წესრიგი?
– რუსეთ-უკრაინის ომი ახალი მსოფლიო წესრიგის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი იქნება. მისი შედეგი აჩვენებს, რამდენად შეუძლია დიდ სახელმწიფოს ძალის გამოყენებით საზღვრების შეცვლა და რამდენად მტკიცეა დასავლეთის ერთიანობა. უნდა გვესმოდეს, რომ ეს ომი მხოლოდ უკრაინის მომავალს არ წყვეტს – ის განსაზღვრავს, როგორი წესებით იცხოვრებს მსოფლიო მომდევნო ათწლეულებში.
ლაშა ხომერიკი