გამოჩენილი ფილოსოფოსი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე
By

გამოჩენილი ფილოსოფოსი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე

ჩვენი რეგიონის (და არა მხოლოდ) საამაყო ინტელექტუალს, მრავალმხრივ ნაყოფიერ შემოქმედს, აღიარებულ ფილოსოფოსს, პუბლიცისტს, მწერალს, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეს, პროფესორ მიხეილ მახარაძეს 13 ნოემბერს დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდებოდა. იგი 77 წლის ასაკში ყოველმხრივ ვალმოხდი­ლი წავიდა ამ ქვეყნიდან, მაგრამ ასევე მრავალმხრივ მძიმედ დააკლდა მის სათაყვანებელ საქართველოს. იგი გახლდათ ჭეშმარიტი მამულიშვილი, სამშობლოს დიდი პატრიოტი, ყოველ­გვარ პროვინციულზე ამაღლებული და ზოგადქართულის ფხი­ზელი გუშაგი.

მიხეილის მეგობრებს გვიჭირს მასზე წარსულში საუბარი, გვიჭირს იმიტომ, რომ იგი იყო სამეგობროს სული და გული, ჩვენი გამაერთიანებელი და ურთიერთდამაკავშირებელი ხიდი, რომლის შემდეგაც მოიშალა ერთობა, დაიკარგა ჩვენეული ტრადიციული შეხვედრა-საუბრების ადრინდელი ინტელექტუალური და ემოციური ხიბლი. მეორე მხრივ, მიხეილზე საუბარი ადვილიცაა, რადგან მისი მრავალმხრივი საქმიანობით, ადამიანური ურთიერთობით და პიროვნული თვისებებით დატოვებული შთაბეჭდილებები ძველებურად ცოცხლობს ჩვენში.

მიხეილ მახარაძე დაიბადა ხულოში. მამა ადრე გარდაეცვალა, სრულიად ახალგაზრდა დედა ოჯახის თანხმობითა და ხელშეწყობითაც მეორედ გათხოვდა. ობლობის და მძიმე ბავშვობის მიუხედავად, მიხეილის სახით აღიზარდა და ჩამოყალიბდა საქვეყნოდ გამორჩეული პიროვნება.

1970 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერ­სიტეტი ფილოსოფიის სპეციალობით, რომლის არჩევაში თავისი სიტყვა უთქვამს მიხეილის ბიძაშვილ რეზო მახარაძეს, რომელიც ყოველთვის გვერდით ედგა. შემდეგ, მუშაობის პარალელურად, მიხეილმა დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი ფილოსოფოსისათვის ესოდენ საჭირო გერმანული ენის განხრით, რაც სხვა ქალაქში მყოფი, თითქმის უპატრონო ახალგაზრდა კაცის იშვიათ მიზანდასახულობასა და გამჭრიახობაზე მეტყველებს.

1978 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1989 წელს სადოქტორო დისერტაცია თემაზე – „არეოპაგიტიკის ფილოსოფიური შინაარსი“, რომელიც 1991 წელს გამოიცა ცალკე წიგნად რუსულ ენაზე. მიხეილი პირველი მეცნიერებათა დოქტორია ხულოს რაიონიდან.

ოთხი ათეული წლის განმავლობაში იგი მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად, 1994-2006 წლებში, აკადემიკოს შალვა ხიდაშელის გარდაცვალების შემდეგ, ხელმძღვანელობდა ქართული ფილოსოფიის ისტორიის განყოფილებას. იყო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე და ჟურნალ „მაცნეს“ ფილოსოფიის სერიის მთავარი რედაქტორი. პარალელურად კითხულობდა ლექციებს თსუ-სა და დედაქალაქის სხვა უმაღლეს სასწავლებლებში. 1993 წლიდან იგი საქართველოს მწერალთა კავშირის წევრია.

2013 წლიდან გარდაცვალებამდე მიხეილ მახარაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია, ხელმძღვანელობდა ფილოსოფიის პროგრამულ მიმართულებას, იყო არაერთი ასპირანტისა და დოქტორანტის მეცნიერ-ხელმძღვანელი.

მიხეილ მახარაძე აქტიურად იყო ჩართული ეროვნულ მოძრაობაში. შეიძლება ითქვას, რომ იგი იყო ერთადერთი კაცი აჭარაში, რომელიც სიტყვით, კალმით და საქმით ყოველთვის (მე­ტადრე აბაშიძის ხელისუფლების დროს) რეაგირებდა ქვეყნისათვის სახიფათო და საზიანო გამოწვევებზე, მტკიცედ იცავდა ეროვნულ ინტერესებს, ზოგადქართულ ღირებულებებს.

2004-2012 წლებში იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორი მოწვევის უმაღლესი საბჭოს წევრი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. 2004 წლის თებერვალ-აპრილის თვეებში და 2012-2016-წლებში საქართველოს მეხუთე და მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი, 2008-2012 წლებში არჩეული იყო ევროსაბჭოს შავი ზღვის ევრორეგიონის კონგრესის ვიცე-პრე­ზიდენტად.

მიხეილ მახარაძემ თავიდანვე მიიქცია საზოგადოების ყურადღება თავისი მრავალმხრივ ნაყოფიერი შემოქმედებით, რის დასტურიცაა შემდეგი ჩამონათვალი:

  1. 34 წიგნი, 120 სამეცნიერო ნაშრომი, 500-ზე მეტი პუბლიცისტური წერილი, თარგმანები, კრიტიკული სტატიები, რეცენზიები, ათეულობით კრებულის თუ მონოგრაფიის წინასიტ­ყვაობები და ა.შ. მისი სამეცნიერო ნაშრომები, ქართულის გარდა, გამოქვეყნებულია რუსულ, უკრაინულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე, მათ შორის ისეთ პრესტიჟულ გამოცემაში, როგორიცაა სამსაუკუნოვანი გამომცემლობა „ბრილი“ (აშშ);
  2. უმნიშვნელოვანესი გამოკვლევები არიოპაგიტულ მოძღვრებაზე, რენესანსისა და ჰუ­მანიზმის საკითხებზე. მიხეილ მახარაძემ თავისი ნაშრომებით განავითარა და განამტკიცა ნუცუბიძე-ჰონიგმანის თეორია, რომლის თანახმად არიოპაგიტული თხზულებების ნამდვილი ავტორია ქართველი საეკლესიო მოღვაწე პალესტინაში – პეტრე იბერი (411-491წწ.). გამოკვლევები ქართულ ფილოსოფიაში, ქრისტიანული ფილოსოფიის პრობლემებზე (პირველად საქართველოში) და ფილოსოფიის აქტუალურ საკითხებზე. ეს ღვაწლი 2009 წელს აღინიშნა აკადემიკოს შალვა ნუცუ­ბიძის სახელობის პრემიით. მიხეილ მახარაძის ნაშრომები ქართულ ფილოსოფიასა და არიოპა­გიტიკაზე ინახება ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის, კოლუმბიისა და ჰიუსტონის უნივერსიტეტების ბიბლიოთეკებში;
  3. უშუალოდ მიხეილ მახარაძის ძალისხმევით მომზადდა და გამოიცა ქართული ფილოსო­ფიური აზრის ისტორიის ოთხტომეული (პირველი გამოცემა 1996-2010 წწ., მეორე გამოცემა – 2013 წ.), რომელიც აღინიშნა ეროვნული პრემიით მეცნიერებაში (2011 წ.);
  4. მიხეილ მახარაძემ 40-მდე ქართველ ფილოსოფოსზე, მეცნიერზე, ხელოვანსა და მწერალზე, მასწავლებლებსა და კოლეგებზე გამოაქვეყნა სამეცნიერო ნაშრომები და წერილები, რომელთა საერთო რიცხვი 60-ს აღწევს. მსგავს ფაქტს საქართველოში ვერცერთ სფეროში ვერ ნახავთ;
  5. აღსანიშნავია მიხეილ მახარაძის გამორჩეული და მიზანმიმართული პუბლიცისტური მოღვაწეობა, რაც აღინიშნა სახელმწიფო პრემიით ლიტერატურაში (2004 წ.);
  6. ქართულ ფილოსოფიაში მიხეილ მახარაძის კიდევ ერთი მიღწევაა სახელ­მძღვანელო – „ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორია“ (2024 წ.), რომელიც გამოირჩევა თავისი სისრულითა და ორიგინალურობით. სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ აკადემიკოსების შალვა ნუცუბიძისა და შალვა ხიდაშელის შემდეგ ახალი რეალიების გათვა­ლისწინებით, თუკი ვინმეს უნდა დაეწერა ასეთი სახელმძღვანელო, ეს სწორედ მიხეილ მახარაძე უნდა ყოფილიყო, რომელიც ითვლება ნუცუბიძისა და ხიდაშელის ტრადიციების გამგრძე­ლებლად.

საგულისხმოა, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულს და კიდევ ბევრ სასიკეთო საქმეს იგი ასწრებდა და შესანიშნავად აკეთებდა აქტიურ საზოგადოებრივ, სახელმწიფოებრივ და პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად.

თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მან ორგანიზება გაუკეთა შემდეგ გამოცემებს:

  1. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის ნარკვევები. აჭარა. 4 ტომად, რომელიც გამოსაცემად გამზადებული, 12 წელი თაროზე იყო შემოდებული. აბაშიძის ხელისუფლების დროს დიდი ზარ-ზეიმით დაწყებული, უხვად დაფინანსებული პროექტის გამოცემა, რომლის მომზადებაში ჩართულები იყვნენ ცნობილი ქართველი მეცნიერები, ისევ აბაშიძემ შეაჩერა, ვინაიდან ნარკვევებმა ვერ დააკმაყოფილა მისი ზოგიერთი გაუგებარი მოთხოვნა. პროექტის გამოცემა განხორციელდა მიხეილ მახარაძის ინიციატივით. მისივე ძალისხმევის შედეგია სათაურიც და მანვე აქტიური მონაწილეობა მიიღო მეოთხე ტომის რედაქტირებაში;
  2. ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორიის ოთხტომეულის გამოცემა;
  3. ზურაბ კაკაბაძის რჩეული ფილოსოფიური შრომებისა და ცალკე ნაშრომის − „ფილო­სოფია და ცხოვრება“ შედგენა, რედაქტირება და გამოცემა ბათუმში;
  4. ილია ჭავჭავაძისა და ნიკო ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი კრებულების გამოცემა ბათუმ­ში. რევაზ ინანიშვილის მეორე ტომისა და ცნობილი ეროვნული მოღვაწის აბდულ მიქელაძის წერილების წიგნად გამოცემა;
  5. ოთარ ჯიოითის (ჯიოევის) ნაშრომის − „კულტურა და ფილოსოფია“ გამოცემა ბათუმში (2008 წ.) პარალელური ტექსტებით ქართულ და ოსურ ენებზე. აღსანიშნავია, რომ ტირაჟის ნახევარი − 500 ცალი გაიგზავნა ცხინვალის რეგიონში;

ყველამ როდი იცის, რომ წლების წინათ, როდესაც „ოპტიმიზაციის“ მიზნით ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკას, ფაქტობრივად, გაუქმების საფრთხე დაემუქრა, მიხეილმა ყოველგვარი ხმაურის გარეშე ყველაფერი გააკეთა, რომ ბიბლიოთეკა ხელუხლებელი დარჩენილიყო, რომლის ადგილსა და მნიშვნელობას ბათუმელებისთვის (და არა მხოლოდ მათთვის) ვერაფერი შეცვლის. ასევე, მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, რათა საფუძველშივე მოხსნილიყო აზრი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზღვისპირა პირველი კორპუსის გასხვისების თაობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნული ადასტურებს მიხეილ მახარაძის მრავალმხრივ შესაძლებლობებს და აჩვენებს იმასაც, თუ რა სიკეთის მოტანა, რის გაკეთება შეუძლია კეთილი ნების მქონე გონიერ ხელმძღვანელს თავისი სამსახურებრივი მოვალეობის მიღმა. მიხეილი იყო სწორედ ასეთი ხელმძღვანელი, რომელმაც კარგად იცოდა წიგნის, სულიერების, შემოქმედებითი მუშა­ობის ფასი ერისა და ქვეყნისთვის.

მიხეილ მახარაძის, როგორც მეცნიერის, მოღვაწისა და პიროვნების ავტორიტეტზე მიუთითებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მიერ მასზე დაწერილი ნეკროლოგი და აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს როინ მეტრეველის სამძიმრის წერილი გარდაცვლილის ოჯახისადმი (გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“, 2023 წლის 9 ოქტომბერი). მათში მოცემულია პროფესორ მიხეილ მახარაძის სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის, მისი პიროვნების მაღალი, შთამბეჭ­დავი შეფასება.

საქართველოში სხვადასხვა დარგის ბევრი დამსახურებული პროფესორი გარდაცვლილა, მაგრამ მეცნიერებათა აკადემია და მისი პრეზიდენტი მხოლოდ ერთეულებისთვის, ძალიან გამოჩე­ნილებს თუ მიაგეს ასეთი პატივი. მიხეილ მახარაძე იყო სწორედ ასეთი გამორჩეული პროფესორი და ყველაფრიდან ჩანს, რომ სულ მალე დაამშვენებდა კიდეც აკადემიას, რაც შეუძლებელი გახადა მისმა მოულოდნელმა სიკვდილმა. არადა, რეალური ვითარების გათვალისწინებით, ეს ადრევე უნდა მომხდარიყო და ასეც იქნებოდა, რომ არა ზოგიერთი გაუგებარი გარემოება.

როგორც აღვნიშნეთ, მიხეილ მახარაძე იყო ნამდვილი ინტელექტუალი. მან ძალიან მდიდარი და მრავალმხრივი მემკვიდრეობა დაგვიტოვა, მაგრამ კიდევ ბევრი ჩანაფიქრი დარჩა განუხორცი­ელებელი. მაგალითად, შესაბამის გამომცემლობასთან შეთანხმებით, ამზადებდა თავისი რჩეული ნაშრომების ორტომეულს, მისი ძალისხმევით გამოცემული „ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორიის“ ოთხტომეულის საფუძველზე აპირებდა ერთტომეულის შედგენას, რომელიც ინგლისურადაც უნდა თარგმნილიყო, მას ეროვნული დანიშნულებაც ექნებაო − ამბობდა. და ასე, ეროვნული და მეცნიერული ღირებულებების სამსახურში იყო მოქცეული მთელი მისი ცხოვრება და შემოქმედება.

მიხეილთან მე, სტუდენტობიდან მოყოლებული, თითქმის 60-წლიანი მეგობრობა და ურთიერთობა მაკავშირებდა, რის საფუძველზე მტკიცედ შემიძლია განვაცხადო, რომ იგი იყო არა მარტო მრავალმხრივ გამორჩეული შემოქმედი და საზოგადო მოღვაწე, არამედ შესანიშნავი პიროვნება, რომელიც ყოველმხრივ ვალმოხდილი წავიდა ამ ქვეყნიდან. ანდერძის შესაბამისად, იგი მეუღლის გვერდით დაიკრძალა, თორემ მიხეილის მეგობრებს (და არა მხოლოდ) მისი სამუდამო განსასვენებელი სხვა ადგილას გვეგულებოდა.

 

 

მეგობრების სახელით,

ნოდარ ბარამიძე

  • No Comments
  • ნოემბერი 5, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *