პირველმა თოვლმა პრობლემები შექმნა აჭარის მაღალმთიანეთში 
By

პირველმა თოვლმა პრობლემები შექმნა აჭარის მაღალმთიანეთში 

ნალექების ინტენსიურ შემოდინებას აჭარის მთიანეთის მთელ ტერიტორიაზე თოვლი მოჰყვა. 9 ნოემბრის დილის საათებში ყველგან ინტენსიურად თოვდა. აჭარა-შავშეთის, მესხეთის, აჭარა-გურიის ქედებისპირა დასახლებებში თოვლის საფარმა ნახევარ მეტრს მიაღწია. ქედის მუნიციპალიტეტში მევენახეებს დასაკრეფი აქვთ ჩხავერის ჯიშის ყურძენი. თოვლი და ყინვა მათ გარკვეულ ზარალს მიაყენებს.

ნაადრევმა თოვლმა დატეხა, დაგლიჯა ფოთლოვანი მცენარეები. საავტომობილო გზებზე გახშირებულია ქვათა ცვენა. 8 ნოემბერს მეწყერი ჩამოწვა ბათუმი-ახალციხის საავტომობილო მაგისტრალზე, რაც მალე გაიწმინდა და ტრანსპორტის გადაადგილება არ შეფერხებულა. მაღალი გამავლობის ტრანსპორტითაა გადაადგილება შესაძლებელი ზამლეთი-ხიხაძირი- თხილვანა-ბაკოს, შუახევი-შუბნის, ხიჭაური-ნაღვარევის, ხულო-ღორჯომი-მეკეიძეების, ქედა-მერისი-ნამონასტრევის, ჭვანა-ბარათაულის საავტომობილო გზებზე.

თოვლმა დააზიანა ელექტრომეურნეობა. როგორც ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნადიმ ვასაძემ გვითხრა, ხულოში 1000-მდე აბონენტს დენის მიწოდება შეუწყდა. კიდევ უფრო მეტი აბონენტია დენის გარეშე დარჩენილი შუახევის მუნიციპალიტეტში. შეფერხებებია ქედაშიც.

ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში მოქმედებს სტიქიასთან ბრძოლის შტაბები. ამ დროისთვის აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ძალისხმევით გაწმენდით სამუშაოებს 40 ერთეული ტექნიკა აწარმოებს.

 

ცოტნე ცაბაძე

 

  • No Comments
  • ნოემბერი 9, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *