ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცათ
აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გადაცემის პროცესს დაესწრო.
„ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ადგილობრივი ფერმერების მხარდაჭერა და სოფლის მეურნეობის განვითარება. აღნიშნული პროგრამა ფერმერებს აძლევს შესაძლებლობას, თანადაფინანსებით შეიძინონ საჭირო ტექნიკა და აღჭურვილობა, გააუმჯობესონ წარმოების პროცესი და გაზარდონ საკუთარი მეურნეობების ეფექტიანობა.
მოხარული ვარ, რომ პროგრამით უკვე 2500-მდე ფერმერმა ისარგებლა. ჩვენი მიზანია, წლის ბოლომდე ეს შესაძლებლობა 4 000-მდე ბენეფიციარს მივაწოდოთ. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ფერმერების მხარდაჭერას და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას“- განაცხადა მინისტრმა ფერმერებთან შეხვედრისას.
აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს პროგრამის „სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა“ ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის საჭირო სხვადასხვა საშუალების თანადაფინანსება მიმდინარეობს.
პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსდება ბაღის მობილური შემასხურებელი აპარატების, წვეთოვანი სარწყავი სისტემების, მარცვლეულის საფქვავების, რძის საწველი აპარატების შეძენა, ასევე, მეფუტკრეობის, მესათბურეობის, სამაცივრე მეურნეობის, ელექტრო ღობის, ჩირის, საოჯახო ღვინისა და სპირტის წარმოებისთვის საჭირო საშუალებებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენა.
მინისტრთან ერთად, ტექნიკის განაწილების პროცესს ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები ფრიდონ ფუტკარაძე, მინდია დიასამიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძე და პროგრამების განხორციელების დეპარტამენტის თანამშრომლები.
გალერეა


