ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკრაინაში ქიმიური იარაღის ნებისმიერი ფორმით გამოყენება
ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ქიმიური იარაღის ნებისმიერი ფორმით გამოყენება და სრულად დაუბრუნდეს ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური ავრცელებს.
განცხადების თანახმად, უკრაინის ეროვნული საგამოძიებო ანგარიშის გუშინდელი დასკვნები, რომლებიც არეულობის კონტროლის საშუალებების უკრაინის ფრონტის ხაზზე ქიმიურ იარაღად მასობრივ და სისტემტურ გამოყენებას ეხება, მიუთითებს, რომ ამ ქმედებების ჩამდენი რუსეთის შეიარაღებული ძალებია.
„ქიმიური იარაღის გამოყენება ნებისმიერი მხარის – იქნება ეს სახელმწიფო თუ არასახელმწიფო სუბიექტი – მიერ, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ვითარებაში, სრულიად მიუღებელია და წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის დარღვევას. ასეთი გამოყენების თითოეული შემთხვევა საფუძვლიანად უნდა გამოიძიონ, დამნაშავეები კი პასუხისგებაში მისცენ. მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა, ახლახან, გაახანგრძლივა შემზღუდავი ზომები იმ პირთა მიმართ, რომლებიც ჩართულები არიან ქიმიური იარაღის გავრცელებასა და გამოყენებაში, ის მზადაა, დამატებითი სანქციები დაუწესოს ამ დამნაშავეებს“, – აცხადებენ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ არსებული დამაჯერებელი მტკიცებულებების გათვალისწინებით, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ დაუყოვნებლივ უნდა გამოიყენოს თავისი მანდატი და დაადგინოს პასუხისმგებლობა კონვენციის იმ დარღვევებზე, რომლებიც უკვე დადასტურებულია.
„ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, უზრუნველვყოთ ყველა ქიმიური თავდასხმის განმახორციელებელთა იდენტიფიცირება და მათი პასუხისგებაში მიცემა. ქმედითი პასუხისმგებლობის მექანიზმის გარეშე, ქიმიური იარაღის შესახებ კონვენციას და ქიმიური იარაღის გამოყენების საწინააღმდეგო გლობალურ ნორმას სანდოობის დაკარგვის საფრთხე ემუქრება. ვაფასებთ უკრაინის შესაბამის უწყებებს დამნაშავეთა გამოსავლენად გამოძიების პროფესიონალურად ჩატარების გამო. გამოძიებისას გამოყენებული მეთოდოლოგიის სისწორე ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ დაადასტურა“, – აღნიშნულია განცხადებაში.