Google Street View-ი საქართველოში ოფიციალურად იწყებს ოპერირებას
By

Google Street View-ი საქართველოში ოფიციალურად იწყებს ოპერირებას

პროექტის გახსნით ღონისძიებაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მისი განცხადებით, Google Street View-ის ოპერირება ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური თვალსაზრისით, განსაკუთრებით, ტურიზმის მიმართულებით.

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საქართველოსთვის – როგორც გაციფრულების მიმართულებით, ასევე ქვეყნის გლობალური ხილვადობის გაზრდის მხრივ. დღეიდან მილიონობით ადამიანს საშუალება ექნება, საქართველოს ქალაქები და ხედები ვირტუალურად ნახოს იმ მაღალი ხარისხის გარჩევადობით და გადაღებით, რასაც Google Street View-ი თავაზობს მსოფლიოს მოსახლეობას. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური თვალსაზრისით, ტურიზმის მიმართულებით, რადგან ტურიზმი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, საკითხზე რამდენიმე წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ. მისივე თქმით, Street View-ი ხელს უწყობს ციფრული ეკონომიკის ინფრასტრუქტურის განვითარებას და მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებას.

„მცირე და საშუალო მეწარმეებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო მეტად წარმოაჩინონ თავიანთი ბიზნესი, შეთავაზება, თავიანთი სერვისები. მნიშვნელოვანია, რომ Google-თან თანამშრომლობა ამით არ მთავრდება, ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები, მათ შორის, Google Street View-ს განვითარების მიმართულებით – უფრო მეტი არეალი იქნება დაფარული, ასევე, საფეხმავლო ზონები ჩვენს ტურისტულ ქალაქებში. ამასთან, ვმუშაობთ ხელოვნური ინტელექტის და სხვა ტექნოლოგიური მიმართულებებით, რომლებიც თავის მხრივ ასევე, წარმოადგენენ საქართველოს მთავრობის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრიორიტეტებს“, – განაცხდა ირაკლი ნადარეიშვილმა.

Google Street View-ს საქართველოში ოფიციალური ოპერირება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობით გახდა შესაძლებელი.

გლობალური პროექტის ფარგლებში, Google Street View-ის გუნდმა წარმატებით გადაიღო საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 13 000 კილომეტრი საავტომობილო გზა, საგზაო ქსელი და მნიშვნელოვანი ტურისტული ლოკაციები, მათ შორის, თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ახალციხე, მცხეთა, თელავი, ზუგდიდი, გორი, ოზურგეთი და მესტია. პროექტი 360-გრადუსიანი პანორამული გამოსახულებების საშუალებით, საქართველოს ბუნებას, ქალაქებსა და უძველეს კულტურულ მემკვიდრეობას მსოფლიო ციფრულ რუკაზე წარმოაჩენს.

  • No Comments
  • ივნისი 22, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *