„Mprof“-ის ოქროს სტანდარტი
თანამედროვე ბიზნესსამყაროში, სადაც კონკურენცია წამებში მატულობს და მომხმარებლის ყურადღების მიპყრობა ხელოვნებად ქცეულა, მარკეტინგი სიცოცხლისუნარიანობის მთავარი პირობაა, თუმცა რეგიონული ბაზრის ტრანსფორმაციას ყოველთვის სჭირდება პიონერი, რომელიც წესებს ცვლის და თამაშის ახალ სტანდარტს ადგენს.
სწორედ ასეთი გარდამტეხი როლი იკისრა „Mprof“-მა როდესაც ადგილობრივ ბაზარზე კომპლექსური, სრული ციკლის მომსახურების იდეით შევიდა. დღეს, როცა კომპანიას რეგიონის მსხვილი კერძო სექტორი ენდობა, მისი წარმატების ფორმულა კვლავ უცვლელია: სიტყვის ფასი, დროის პატივისცემა და პარტნიორის ბიზნესში სიღრმისეული წვდომა.
რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ბათუმის სარეკლამო იერსახე, რატომ უშვებენ შეცდომებს ადგილობრივი მეწარმეები, როდესაც მარკეტინგს მხოლოდ „კრიზისული სიტუაციის გადასარჩენად“ მიმართავენ და რა ახალ შესაძლებლობებს აჩენს „ბათუმის ბიზნესკლუბი“?
წარმატების ფორმულაზე, ტექნოლოგიურ ნახტომსა და რეგიონულ ამბიციებზე გაზეთ „აჭარას“ „Mprof“-ის ხელმძღვანელი, ქალბატონი მერი ნამგალაძე ესაუბრება.
– ქალბატონო მერი, დავიწყოთ კომპანიის შექმნის ისტორიით. როგორი იყო ბათუმის სარეკლამო ბაზარი „Mprof“-ის საქმიანობის დასაწყისში და რას ეფუძნებოდა თქვენი ხედვა?
– როდესაც ჩვენი კომპანია იქმნებოდა, რეკლამა, ძირითადად, ტექნიკურ შესრულებასთან, ბანერის დაბეჭდვასა თუ აბრის განთავსებასთან ასოცირდებოდა. მთავარი გამოწვევა იყო, ბიზნესის წარმომადგენლები დაგვერწმუნებინა, რომ რეკლამა მხოლოდ ტექნიკური სამუშაო არ არის, მის მიღმა დგას სტრატეგია, ვიზუალური კულტურა და ბრენდის ხასიათი. თავიდანვე მომსახურების სრულ ციკლზე ვფიქრობდი, იდეის შემუშავებითა და ბრენდინგით დაწყებული, მარკეტინგული მხარდაჭერით დასრულებული. მჯეროდა, რომ ბათუმის ბიზნესსექტორი განვითარდებოდა და დასჭირდებოდა პარტნიორი, რომელიც მხოლოდ შეკვეთას კი არ შეასრულებდა, არამედ შედეგზეც იზრუნებდა. სწორედ ეს ხედვა იქცა ჩვენი განვითარების საფუძვლად.

– როგორ შეიცვალა ამ წლების განმავლობაში ადგილობრივი მეწარმეების დამოკიდებულება ბრენდინგისა და რეკლამის მიმართ, რამდენად აღიქვამენ მარკეტინგს ბიზნესის განვითარებაში ჩადებულ ინვესტიციად?
– ცვლილება შესამჩნევია: ბიზნესის წარმომადგენლები მეტ ყურადღებას აქცევენ ცნობადობის გაზრდასა და მომხმარებელთან კომუნიკაციას, თუმცა მარკეტინგს ხშირად ჯერ კიდევ მხოლოდ ხარჯად აღიქვამენ. კომპანიები ყოველთვის საქმიანობის დაწყების ეტაპზე არ მოგვმართავენ. ხშირად, საკუთარი რესურსებით ცდილობენ მუშაობას და ჩვენთან მაშინ მოდიან, როდესაც ობიექტი უკვე გახსნილია, საქმიანობა დაწყებულია, არსებული რესურსები კი – ამოწურული… და მაინც, ასეთ ვითარებაში მარკეტინგისგან პრობლემების სწრაფად მოგვარებას ელიან. უნდა გვახსოვდეს, რომ კონკურენცია ციფრულ სივრცეშიც დიდია და მხოლოდ პოსტის რეკლამირება გაყიდვების შესამჩნევ ზრდას ვერ უზრუნველყოფს. სოციალურ მედიაში აქტიურობა ბიზნესისთვის ყოველდღიური საჭიროებაა, თუმცა შედეგის მისაღებად ეს საკმარისი არ არის. საჭიროა მარკეტინგული სტრატეგია, დროში სწორად გაწერილი საკომუნიკაციო აქტივობები და შედეგების ანალიზი. შედეგიანი მარკეტინგი თანმიმდევრულ მუშაობას მოითხოვს. მნიშვნელოვანია, კომპანიებმა შესაბამისი ხარჯები ბიუჯეტში წინასწარ გაითვალისწინონ და მარკეტინგი ბიზნესის განვითარებაში ჩადებულ ინვესტიციად აღიქვან.
– როგორ აფასებთ ბათუმის დღევანდელ სარეკლამო იერსახეს, სად ხედავთ პროგრესს და რა საჭიროებს დახვეწას?
– ბათუმი დინამიკური ქალაქია და ცვლილებები მის ვიზუალურ იერსახეზეც აისახება. გამოჩნდა თანამედროვე, მინიმალისტური აბრები, დაიხვეწა ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინი. ბიზნესის წარმომადგენლები მეტ ყურადღებას აქცევენ განათებასა და არქიტექტურულ გარემოსთან შესაბამისობას, თუმცა, ჩემი შეფასებით, ქალაქს უფრო მკაფიო და ერთიანი სარეკლამო რეგულაციები და ვიზუალური სტანდარტები სჭირდება. კვლავ გვხვდება ქაოსურად განთავსებული, გადატვირთული ბანერები, რომლებიც ფასადების იერსახეს ამახინჯებს. ბათუმის, როგორც ტურისტული და ბიზნესცენტრის სარეკლამო გარემო უნდა იყოს გემოვნებიანი, მოწესრიგებული და ქალაქის არქიტექტურულ ხასიათთან შეხამებული.

– რას ეფუძნება თქვენი კომპანიისადმი პარტნიორების ნდობა და რა პრინციპებზე დგას მისი რეპუტაცია?
– ჩვენი მთავარი პრინციპებია პასუხისმგებლობა და სიტყვის შესრულება. კომპანიებს მხოლოდ დამკვეთებად არ აღვიქვამთ, მათთან პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბებას ვცდილობთ. მუშაობის დაწყებამდე ვეცნობით მათ საქმიანობასა და გაყიდვების პროცესს, ვსწავლობთ ძლიერ და სუსტ მხარეებს, ვადგენთ პრობლემებს და მხოლოდ ამის შემდეგ ვგეგმავთ შესაბამის ნაბიჯებს. ჩვენს სფეროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხარისხი და ვადების დაცვა. პარტნიორმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენთვის მინდობილი საქმე შეთანხმებული პირობების შესაბამისად შესრულდება. რეპუტაცია წლების განმავლობაში შენდება. მას განსაზღვრავს ის, როგორ უმკლავდები რთულ ამოცანებს, რამდენად ასრულებ პირობას და რამდენად ერთგული რჩები ხარისხის.
– ამ პრინციპების დაცვაში გუნდს მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის, როგორ არჩევთ თანამშრომლებს და რომელ თვისებებს აფასებთ მათში ყველაზე მეტად?
– პროფესიული უნარების განვითარება შესაძლებელია, თუ ადამიანს სწავლის სურვილი და მონდომება აქვს. ამიტომ გუნდის შერჩევისას ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კეთილსინდისიერება, პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმეში ენთუზიაზმი. ვაფასებ ინიციატივიან ადამიანებს, რომლებსაც იდეების გამოთქმის არ ეშინიათ და საერთო შედეგისთვის გუნდურად მუშაობა შეუძლიათ. „Mprof“-ში ხელმძღვანელსა და თანამშრომლებს შორის ურთიერთობა მხოლოდ ფორმალური მოვალეობებით არ შემოიფარგლება. ჩვენ ერთიანი გუნდი ვართ, რომლის თითოეულ წევრს საკუთარი როლის მნიშვნელობა ესმის.
– როგორ უწყობს კომპანია ფეხს ტექნოლოგიურ ცვლილებებს და რა თანამედროვე ინსტრუმენტებს იყენებთ საქმიანობაში?
– მუდმივად ვაკვირდებით ტექნოლოგიურ სიახლეებს და ვაფასებთ, რამდენად გამოსადეგია ისინი ჩვენი საქმიანობისთვის. მარკეტინგის მიმართულებით ვნერგავთ ციფრული ანალიტიკისა და ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს, ასევე, კონტენტის შექმნის ახალ ფორმატებს. ჩვენი მიზანია, რეგიონში მოქმედ კომპანიებს ადგილზე შეეძლოთ თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი მომსახურების მიღება როგორც ხარისხის, ისე ვიზუალური გადაწყვეტების თვალსაზრისით.
– კომპანიის საქმიანობის პარალელურად, აჭარის ბიზნესმენ ქალთა ასოციაციის მუშაობაშიც ხართ ჩართული. რას ნიშნავს თქვენთვის ქალების მხარდაჭერა და რა ცვლილებებს ხედავთ რეგიონში?
– ქალების მხარდაჭერა ჩემთვის მათი ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობასა და გამოცდილების გაზიარებას ნიშნავს. აჭარაში ბევრი ნიჭიერი და შრომისმოყვარე ქალია, რომლებსაც საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად მეტი თავდაჯერებულობა, პროფესიული რჩევა და მხარდამჭერი გარემო სჭირდებათ. ასოციაციის ფარგლებში ვქმნით სივრცეს, სადაც ქალებს თანამშრომლობა, გამოცდილების გაცვლა და საქმიანი კავშირების დამყარება შეუძლიათ. ამ ურთიერთობების საფუძველზე იქმნება ერთობლივი პროექტები და პარტნიორობები. რეგიონში ქალთა საქმიანობა სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება: ისინი მართავენ კომპანიებს, ქმნიან პროდუქციას და ახალ სამუშაო ადგილებს. ეს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვანი წინსვლაა.

– რას ურჩევდით ახალგაზრდა ქალებს, რომლებსაც ბიზნესიდეა აქვთ, თუმცა პირველი ნაბიჯის გადადგმა უჭირთ?
– ვეტყოდი, რომ იდეალური პირობების მოლოდინში საკუთარი საქმის დაწყება არ გადადონ. ნუ დაელოდებიან იმ დღეს, როდესაც საკმარისი კაპიტალი, იდეალური ოფისი და ყველა კითხვაზე პასუხი ექნებათ. დაიწყონ იმ რესურსით, რომელიც ამჟამად აქვთ. შეცდომის შიში ბუნებრივია, თუმცა შეცდომა გამოცდილების მიღების შესაძლებლობაცაა. მნიშვნელოვანია, იპოვონ საკუთარი ნიშა, მუდმივად ისწავლონ, დასვან კითხვები და გარშემო შემოიკრიბონ ადამიანები, რომლებიც განვითარებაში დაეხმარებიან. პირველი ნაბიჯი, ხშირად, ყველაზე რთულია, მაგრამ წინსვლაც სწორედ ასე იწყება.
– რა არის თქვენი კომპანიის განვითარების შემდეგი ეტაპი და რას გეგმავთ ახლო მომავალში?
– ჩვენი შემდგომი განვითარება მომსახურების გაფართოებასა და ბიზნესისთვის მეტი შესაძლებლობის შექმნას უკავშირდება. ვგეგმავთ გუნდის ზრდას, საგანმანათლებლო მიმართულებისა და ბიზნესსაკონსულტაციო მომსახურების გაძლიერებას. ამ ხედვის ნაწილია უკვე მოქმედი „ბათუმის ბიზნესკლუბი“. გვინდა, ის ერთიან სივრცედ განვავითაროთ, სადაც დამწყები და გამოცდილი მეწარმეები შეძლებენ ბიზნესსტრატეგიის შემუშავებას, პარტნიორული კავშირების დამყარებასა და მარკეტინგული მართვის მომსახურებით სარგებლობას. ჩვენი მიზანია, საკუთარი საქმიანობით უფრო მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ რეგიონის ბიზნესგარემოს განვითარებაში.
დადუ გაბაიძე