საკარანტინო ზონები საქართველოს მასშტაბით 72 სასტუმროშია შექმნილი
ხატია იაშვილი 27 48 93
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას საკარანტინო ზონების მოწყობა, ორგანიზება და მართვა დაევალა, სადაც 24 საათის განმავლობაში იმყოფებიან ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ხოლო პერიმეტრს სახელმწიფო დაცვის პოლიცია იცავს.
„ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს სასტუმროებთან, ვზრდით რაოდენობას, რომ საზღვარგარეთიდან საქართველოში ჩამოსულ ადამიანებს, ან საქართველოში მყოფ იმ პირებს, რომლებსაც თვითიზოლაციის საშუალება არა აქვთ, შესაძლებლობა ჰქონდეთ, ჩვენი საკარანტინო ზონები გამოიყენონ. ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკარანტინო ზონებში მზად ვართ საჭიროების შემთხვევაში ვუმასპინძლოთ უფრო დიდ ნაკადს“,- აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით შექმნილ საკარანტინო ზონებში, ამ დროის მონაცემებით, 4995 ადამიანია განთავსებული. საკარანტინო ზონები მთელი საქართველოს მასშტაბით 72 სასტუმროშია შექმნილი. ,,ჩვენ ვმასპინძლობთ 4800-ზე მეტ ადამიანს საკარანტინო ზონაში, ძალიან სასიხარულოა, რომ ყოველდღიურად ვკითხულობთ ამ ადამიანების ძალიან პოზიტიურ შეფასებებს, თუ რამდენად კარგ პირობებში იმყოფებიან. როგორც იცით, საკარანტინო ზონები მთლიანად ბიუჯეტიდან ფინანსდება. ეს მოიცავს ამ ადამიანების ტრანსპორტირებას, განთავსებას და სამჯერად კვებას. ეს ზომები გვეხმარება, რომ ადამიანები, რომლებიც საზღვარგარეთიდან საქართველოში ჩამოდიან, უნებლიეთ არ გახდნენ ვირუსის გამავრცელებლები“,- აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი. მისივე თქმით, კერძო სექტორთან თანამშრომლობის ახალი ეტაპი დაიწყო.
„ტურიზმის ინდუსტრიასთან ჩვენი თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა, ჩვენ ყოველთვის ვამაყობდით, რომ ტურიზმის სექტორთან მჭიდრო, გამორჩეულად ძლიერი თანამშრომლობა გვქონდა, მაგრამ „კოვიდ-19’-თან ბრძოლაში ტურიზმის ინდუსტრიამ გამოიჩინა ყველაზე მეტი სულგრძელობა, რაც გამოიღებს შედეგს. აქვე მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველა იმ სასტუმროს მფლობელსა თუ მმართველ გუნდს, რომლებმაც დიდსულოვნება გამოიჩინეს და საკარანტინო ზონებისთვის უფასოდ, ან განსაკუთრებულად დაბალი ტარიფით დაგვითმეს სასტუმროები“.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, მოლოდინები ოპტიმისტურია ,,ჩვენ გვაქვს პოზიტიური მოლოდინები, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის დროებითი გამოწვევა.საქართველოს ტურიზმის ინდუსტრია სიძლიერით გამოირჩევა, მრავალი წელი გავიდა, რაც ტურიზმის სექტორი საჯარო უწყებებთან ერთად ძლიერდება და ვითარდება. ჩვენ გვახსოვს გასული წელი, რომელიც რთული იყო, მაგრამ ერთობლივად წარმატებულად დავასრულეთ და გავუმკლავდით გამოწვევებს. მარტი, აპრილი და მაისი იქნება გამოწვევებით სავსე, მაგრამ კონკრეტული პერიოდის შემდეგ, ჩვენ მოლოდინი გვაქვს პოზიტიური. სახელმწიფომ შეძლო და მსოფლიოში შექმნილ საერთო ნეგატიურ ფონზე დაიმკვიდრა უსაფრთხოების კუთხით ძალიან ეფექტურად მომუშავე ქვეყანის პოზიცია„ – აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.