ანსამბლი „ბათუმი“ გერმანიაში საიუბილეო ტურნეს გამართავს
By

ანსამბლი „ბათუმი“ გერმანიაში საიუბილეო ტურნეს გამართავს

აჭარის მთავრობის მხარდაჭერითა და აჭარის კულტურის სამინისტროს ინიციატივით, აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი ,,ბათუმი” გერმანიის ხუთ ქალაქში – ბერლინში, დრეზდენში, ჰერცბერგში, ლაიფციგსა და მაგდებურგში საიუბილეო ტურნეს გამართავს.

ტურნე ანსამბლის დაარსებიდან 35 წლის იუბილეს ეძღვნება და მიზნად ისახავს ქართული მუსიკალური კულტურისა და უნიკალური მრავალხმიანობის საერთაშორისო მასშტაბით წარმოჩენას, ეროვნული საშემსრულებლო ტრადიციების პოპულარიზაციას, საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული კულტურული კავშირების გაღრმავებას.

ღონისძიებები კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების სივრცეებში გაიმართება.

განსაკუთრებით აღსანიშნავია 7 ნოემბერს დაგეგმილი კონცერტი ლაიფციგში, წმინდა თომას ეკლესიაში (თომასკირხეში), სადაც ცნობილი გერმანელი კომპოზიტორი იოჰან სებასტიან ბახი ბოლო 30 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა. ბახის მუსიკალურ სამყაროში ანსამბლი სპეციალურ პროგრამას წარადგენს, აჟღერდება უნიკალური ქართული პოლიფონია – მრავალხმიანი სიმღერები და საგალობლები. ღონისძიებას 1500 მუსიკის მოყვარული დაესწრება.

ტურნეს ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია მასტერკლასები გერმანიაში მცხოვრები ქართველებისთვის და საქველმოქმედო კონცერტი ბერლინში დაარსებულ ქართულ გუნდ „ბახტრიონთან“ ერთად.

კონცერტები იმართება გერმანული კომპანიის „KulturLeben Berlin“-ისა და ქართული შპს ,,Kolchi Events“-ის ორგანიზებით.

ქართული მრავალხმიანობა UNESCO-მ 2001 წელს კაცობრიობის ზეპირი და არამატერიალური მემკვიდრეობის ერთ-ერთ უნიკალურ შედევრად აღიარა, ხოლო 2008 წელს, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა.

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 28, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *