ანსამბლი, რომელიც მუდამ ემოციებით გვავსებს
„ქართული ხმები“ – 40
ბათუმის მუსიკალურ ცენტრში აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ლეგენდარულ ანსამბლ „ქართული ხმების“ საიუბილეო კონცერტი გაიმართა, საღამოზე ქართველი კომპოზიტორების ცნობილი სიმღერები, ქართული ფოლკლორის იშვიათი ნიმუშები შესრულდა. კონცერტი მუსიკალურად თბილისის ბიგბენდმა გააფორმა.
ანსამბლი 1986 წელს საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტთან დაარსდა სახელწოდებით „ჟურნალისტი“ და იმავე წელს პირველი კონცერტი ჩაატარა.. დაარსების ინიციატორები მომღერლები გოგი დოლიძე და თემურ ჭკუასელი გახლდათ. „ქართული ხმები“ მას 1991 წელს ეწოდა. ანსამბლი დაარსების დღიდან ვაჟთა ვოკალური ხელოვნების – ქართული ტრადიციული და საესტრადო სიმღერის ერთ-ერთი გამორჩეული შემსრულებელია და თავისი არსებობის განმავლობაში ქართული სიმღერის პოპულარიზაციას ეწევა როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. 1996 წელს „ქართული ხმები“ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი გახდა.
ანსამბლთან სხვადასხვა დროს მსოფლიო დონის, როგორც უცხოელი, ისე ქართველი მუსიკოსები თანამშრომლობდნენ, მათ შორის, ბობი მაკფერინი, ქეთი მელუა, ნანი ბრეგვაძე, ვახტანგ კიკაბიძე…
ანსამბლი ტრადიციულ ქართულ ხალხურ, ქალაქურ სიმღერებს და საეკლესიო გალობებს ასრულებს, გამოცემული აქვს მრავალი ალბომი.
საიუბილეო საღამო თემურ ჭკუასელს მიჰყავდა, რომელიც საინტერესოდ ყვებოდა ანსამბლის ისტორიას. სითბოთი და სიყვარულით გაიხსენა თითოეული მომღერალი, რომელიც დღეს ჩვენს გვერდით აღარ არის. ჩამოთვალა ისინი, ვინც ანსამბლის პირველი გამოსვლების დროს სცენაზე იდგა და გულით შეიყვარა მსმენელმა.
თემურ ჭკუასელმა მხარდაჭერისთვის მადლიერება გამოხატა აჭარის კულტურის სამინისტროს, პირადად მინისტრ ელისო ბოლქვაძის, ბათუმის მერიის, თბილისის ბიგბენდის მიმართ …
ელისო ბოლქვაძემ ანსამბლს საიუბილეო თარიღი მიულოცა და ქართული კულტურისა და ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სამინისტროს მადლობის სიგელი გადასცა.
საიუბილეო კონცერტზე ანსამბლის რეპერტუარიდან ქართველი კომპოზიტორების პოპულარული ნაწარმოებები და საქართველოს სხვადასხვა კუთხის მრავალხმიანი ხალხური სიმღერები აჟღერდა, შედგა ახალი სიმღერის პრემიერაც.
აჩვენეს ვიდეოკოლაჟიც, რომელიც სახელოვანი ანსამბლის ნაყოფიერად განვლილ გზას ასახავდა.
– „ქართულ ხმებთან“ ერთად რამდენჯერმე გამოვედი, მაგრამ დღეს ჩემთვის, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, პირველი სერიოზული და ოფიციალური კონცერტი იყო. კმაყოფილი და ემოციებით სავსე ვარ, მსმენელმა გულთბილად მიმიღო. „ხმალი ავლესოთ ქართველებო“ – ეს სიმღერა ბავშვობიდან მიყვარს და არაერთხელ მიმღერია, მაგრამ ასეთ მნიშვნელოვან დღეს პირველად შევასრულე, ამიტომ, საპასუხისმგებლოც იყო და სასიამოვნოც, – გვითხრა სერგი როსტომაშვილმა, ანსამბლის ყველაზე ახალგაზრდა წევრმა.
– მაყურებლისთვის ჩვენი ემოციები რომ სათანადოდ გადაგვეცა, სცენაზე მთელი გული დავდეთ და, ვფიქრობ, ეს შევძელით. როცა მაყურებელი გახარებულია, რა თქმა უნდა, ჩვენც კმაყოფილი ვართ. მადლობა ყველას, ვინც ამ საღამოსთან რაიმეთი მაინც იყო დაკავშირებული, – გვითხრა თემურ ჭკუასელმა.
„გული რომ დადეს“ და მსმენელს უდიდესი სიამოვნება მიანიჭეს, ამაზე მეტყველებდა ის ხანგრძლივი ოვაცია, რომელიც ფეხზე ამდგარმა მსმენელმა „ქართულ ხმებს“ კონცერტის შემდეგ გაუმართა.
საიუბილეო კონცერტს აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, აჭარის სპორტისა და განათლების მინისტრი მაია ხაჯიშვილი, სამინისტროს სხვა წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და ქართული მრავალხმიანი სიმღერების მოყვარულები ესწრებოდნენ.
მანანა ძიძიშვილი