„აღმოაჩინე საქართველო – ტურისტული და კულტურული პერსპექტივა“
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი შეიხა ალ ნუვაისი იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე საქართველოს ესტუმრება. მისი თქმით, საქართველო ის ქვეყანაა, სადაც მთელი წლის განმავლობაში შეიძლება სტუმრობა.
„ვიმედოვნებ, წლის ბოლომდე ვესტუმრები საქართველოს, რომ საკუთარი თვალით ვიხილო, რა ხდის საქართველოს ასეთ განსაკუთრებულს, რომელიც გამოირჩევა მთის მწვერვალებზე მდებარე უძველესი მონასტრებით, რვა ათასწლიანი ღვინის კულტურით, კერძებით და ტრადიციებით. საქართველო ის ქვეყანაა, სადაც მთელი წლის განმავლობაში შეიძლება სტუმრობა. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოს ტურიზმის განვითარებაში“, – აღნიშნა შეიხა ალ ნუვაისმა.
ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაწილეობით, მადრიდში, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის სათავო ოფისში, გაიმართა ღონისძიება „აღმოაჩინე საქართველო – ტურისტული და კულტურული პერსპექტივა“. ღონისძიებას, რომელიც საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების, კულტურული მემკვიდრეობისა და უნიკალური ტურისტული პროდუქტების წარმოჩენას მიეძღვნა, დიპლომატიური კორპუსის და გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.