აჩიკო ბერიძე – საქართველომ დაამტკიცა, რომ შესაძლებელია პარტნიორობა ისე, რომ არ დაკარგო ღირსება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ ბერიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და აღნიშნა, რომ საქართველო აგრძელებს ეკონომიკურ განვითარებას და ინვესტიციების მოზიდვას.
მისი თქმით, საქართველომ დაამტკიცა, რომ თანამშრომლობა და პარტნიორობა შესაძლებელია ღირსებისა და სუვერენიტეტის დაკარგვის გარეშე.
„საქართველომ დაამტკიცა, რომ შესაძლებელია პარტნიორობა ისე, რომ არ დაკარგო ღირსება; შესაძლებელია თანამშრომლობა ისე, რომ არ თქვა უარი სუვერენიტეტზე; შესაძლებელია დიალოგი ისე, რომ არ აღმოჩნდე ვასალურ დამოკიდებულებაში.
ამავდროულად, ქვეყანა აგრძელებს ეკონომიკურ განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვას, განათლებისა და სხვა მნიშვნელოვანი სფეროების რეფორმირებას, უსაფრთხოების გაძლიერებას და სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანობის ზრდას.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს როლის გაძლიერება რეგიონული თანამშრომლობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით. შავი ზღვის ენერგეტიკული კაბელისა და ახალი რეგიონული პროექტების განვითარება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველო ხდება მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი რგოლი რეგიონში. ამიტომ, როდესაც საუბარია ქვეყნის ვითომ იზოლაციაზე – ასეთი მასშტაბის პროექტები თავად არის პასუხი იმ ნარატივებზე, რომელსაც წლების განმავლობაში საზოგადოებას სთავაზობდნენ,“ – აღნიშნა არჩილ ბერიძემ.