ბათუმის თოჯინების თეატრი – „უნიმა საქართველოს“ შოუქეისზე
„უნიმა საქართველოს“ მიერ ორგანიზებულ ქართული თოჯინების თეატრის შოუქეისზე ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა სპექტაკლი – „ო-ჯახი“ წარმოადგინა, რომლის რეჟისორები და პიესის ავტორები ნიკოლოზ საბაშვილი და ირაკლი კიკვაძე არიან. სცენოგრაფია და მუსიკაც ნიკოლოზ საბაშვილს ეკუთვნის, მხატვარ-შემსრულებელი – გიორგი გოგიტიძეა, კოსტიუმების მხატვარი – დავით ტაკიძე, ხმის რეჟისორი – ლევან ხაზიური, რეჟისორის თანაშემწე კი ირაკლი იორამაშვილი.
სპექტაკლში მონაწილეობდნენ მსახიობები: სალომე ცაგურია, რევაზ ხოფერია, დიანა ჩახუნაშვილი (მოწვეული მსახიობი), ქეთევან ეგუტიძე და ალექსანდრე გაბაიძე.
ჩვენება ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის მცირე სცენაზე გაიმართა.
– ქართულმა თოჯინების თეატრმა მსოფლიო ყურადღება გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მიიპყრო, უპირველეს ყოვლისა, ე.წ. საავტორო თეატრებით, პროექტებით, რამაც, ისევე როგორც ქართულმა კინომ, მსოფლიოს დაანახა ქართული მსოფლმხედველობა, პოეტურობა, ტრაგიზმი, იუმორი და თხრობის უნიკალური ენა. ეს ქართული თოჯინური თეატრის პირველი შოუქეისია, რათა ჩვენს კოლეგებს მსოფლიოში გავუზიაროთ დაგროვილი გამოცდილება და მოვძებნოთ ჩვენი ადგილი მსოფლიო თოჯინების სათეატრო სივრცეში. 80-იანი წლებიდან, ქართული თოჯინების თეატრი, დრამატული თეატრის პარალელურად, თავის ადგილს იკავებს მსოფლიოს სცენებზე. მეორეა რამდენად უწევენ ანგარიშს ქვეყანაში და რამდენად აფასებენ, მაგრამ ეს რეალობაა. რამდენადაც იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტს წარმოვადგენ, ასევე, აღმასრულებელ საბჭოს და „უნიმა საქართველოს“, გადავწყვიტეთ, რომ ქართულ თოჯინურ თეატრს ჰქონოდა თავისი სივრცე, ისევე, როგორც თავისი სამომავლო განვითარების სტრატეგია. ამ შოუქეისზე 8 ქვეყნის წარმომადგენელი და დაახლოებით 12 დელეგაცია სხვადასხვა თეატრიდან იმისთვის ჩამოვიდა, რომ მოეძებნა რაღაც, რასაც წაიღებდა. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ რამდენიმე სპექტაკლი მაინც მოხვდება სხვადასხვა ფესტივალზე. ვფიქრობთ, რომ ეს შოუქეისი რეგულარული უნდა გახდეს, შეიძლება ყოველ წელს ვერ ჩატარდეს, მაგრამ ორ წელიწადში მაინც. ქართულ თეატრს სჭირდება წარდგენა და გვინდა, რომ ყველა თოჯინური თეატრი, იქნება ეს სახელმწიფო, კერძო, თუ დამოუკიდებელი, „უნიმაში“ გაერთიანდეს. მოგეხსენებათ, ეს არის 90 წლის საერთაშორისო გაერთიანება, ყველაზე ასაკოვანი თეატრის სფეროში და გეოგრაფიულად ძალიან დიდი. ამ ორგანიზაციაში 500 ფესტივალია გაერთიანებული – ყველა სახის, ყველა ჟანრის და ყველა ფორმის. ქართული თოჯინური თეატრის პოტენციალიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ყველა თეატრს უზარმაზარი შესაძლებლობა აქვს, მოძებნოს კავშირები და პარტნიორები. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, შეიცვალოს პოლიტიკაც, სტრატეგიაც. ისევე, როგორც დრამატულმა თეატრმა, თოჯინურმაც უნდა დაიწყოს კოპროდუქციებზე ფიქრი, იმაზე ფიქრი, რომ მოიწვიოს უცხოელი რეჟისორები. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს იმასაც, რომ მათ შემდგომში ქართველი რეჟისორები მიიწვიონ. კულტურული დიალოგის გარეშე განვითარება ძალიან რთული იქნება. ის, რასაც ქართული თეატრი 80-იანი წლებიდან აკეთებს, არის მნიშვნელოვანი ბრენდი, რომელსაც შენარჩუნება, განვითარება და ახალ რელსებზე დაყენება სჭირდება. რაც შეეხება სპექტაკლს ,,ო-ჯახი“, ხარისხობრივად კარგი სპექტაკლია და, რაც მთავარია, სტანდარტებს პასუხობს. ძალიან მომეწონა, რომ სპექტაკლი მულტიმედიის გამოყენებითაა შექმნილი, არავერბალურია და საშუალება აქვს, ძალიან ბევრ ფესტივალში მიიღოს მონაწილეობა. მთლიანობაში, ძალიან კმაყოფილი ვარ, ვფიქრობ, სტუმრებსაც მოეწონათ. თუ თეატრი სამომავლოდ იფიქრებს, როგორ ჩაერთოს საერთაშორისო პროგრამებში, მეტი შესაძლებლობებიც გაუჩნდება, – გვითხრა ფესტივალის დირექტორმა ლევან ხეთაგურმა.
– ჩვენი თეატრისთვის ამ ფესტივალში მონაწილეობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო. წარმოდგენას ესწრებოდა დაახლოებით 20 უცხოელი პროდიუსერი და 8 საერთაშორისო ფესტივალის დირექტორი, რაც პროფესიული კავშირების დამყარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნიდა. სპექტაკლს მაყურებლისა და პროფესიონალების მხრიდან ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, რაც ჩვენთვის დიდი მოტივაცია და წარმატების მნიშვნელოვანი დასტურია. ფესტივალმა მოგვცა შესაძლებლობა, საერთაშორისო აუდიტორიისთვის გაგვეცნო ჩვენი შემოქმედება, წარმოგვეჩინა ქართული თეატრი და დაგვემყარებინა ახალი პროფესიული კონტაქტები, რომლებიც მომავალში ერთობლივი პროექტებისა და საერთაშორისო გასტროლების საფუძველი შეიძლება გახდეს. მსგავსი ფესტივალები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს თეატრის განვითარებას, გამოცდილების გაზიარებასა და კულტურული დიალოგის გაღრმავებას, – გვითხრა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორმა სალომე ჯიჯავაძემ.
ინფორმაცია მოგვაწოდა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის პიარ-მენეჯერმა მარეხ ტუღუშმა.
მარიამ ხითარიშვილი