ბათუმის მუსიკალური ცენტრის კაპელას კონცერტი ვატიკანში ანშლაგით ჩატარდა
By

ბათუმის მუსიკალური ცენტრის კაპელას კონცერტი ვატიკანში ანშლაგით ჩატარდა

ვატიკანში, წმინდა აგათას ტაძარში, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელამ სოლო კონცერტი გამართა. მუსიკალური საღამო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა და ანშლაგით ჩაიარა. კაპელას შესრულებამ მსმენელზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა და ქართული მუსიკალური კულტურის მიმართ დიდი ინტერესი გამოიწვია.
კონცერტის ფარგლებში შესრულდა ცნობილი ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების საგუნდო ნაწარმოებები, ასევე, პატრიარქ ილია II-ის საგალობლები. ღონისძიებას თან ახლდა ფოტოგამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო ილია II-ის შეხვედრები რომის პაპებთან  იოანე პავლე II-სა და ფრანცისკესთან მათი საქართველოში ვიზიტების დროს.
აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, აჭარის კულტურის სამინისტროსა და წმინდა საყდართან საქართველოს საელჩოს თანამშრომლობით გამართული ღონისძიების მიზანი იყო პატრიარქ ილია II-ის ღვაწლის წარმოჩენა და მისი ხსოვნის უკვდავყოფა, ქართული კულტურის საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაცია, ქვეყნის მდიდარი მუსიკალური ტრადიციების, უნიკალური მრავალხმიანობისა და საგუნდო ხელოვნების, ასევე, ქართველი კომპოზიტორების შემოქმედების გაცნობა.

წმინდა აგათას ტაძარში გამართულ მუსიკალურ საღამოს იტალიაში აკრედიტებული 30 ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და იტალიაში მცხოვრები ქართული დიასპორის წევრები ესწრებოდნენ.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს წმინდა საყდართან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით მექვაბიშვილმა, აღმოსავლეთის ეკლესიების დიკასტერიის პრეფექტმა და პონტიფიკური აღმოსავლეთის ინსტიტუტის კანცლერმა, კარდინალმა კლაუდიო გუჯეროტიმ, ასევე, აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძემ. საღამოს საელჩოს უფროსი მრჩეველი თეა ჭანტურიშვილი უძღვებოდა.
ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და ვატიკანს შორის არსებულ მრავალწლიან კულტურულ ურთიერთობებსა და კულტურული დიპლომატიის მნიშვნელობას. აღინიშნა მსგავსი ღონისძიებების როლი ქვეყნებს შორის მეგობრული კავშირების გაღრმავების, კულტურათაშორისი დიალოგისა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო მასშტაბით წარმოჩენის პროცესში.

  • No Comments
  • ოქტომბერი 19, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *