ბათუმი საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას მასპინძლობს
ადგილობრივი თუ უცხოური ტურიზმის სექტორში დასაქმებული 100-ზე მეტი კომპანიაა წარმოდგენილი ბათუმში, სასტუმრო ,,შერატონის“ ერთ სივრცეში, ,,ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის“ მე-17 საერთაშორისო გამოფენაზე.
გამოფენა – ,,EBIT 2026“, რომელიც 2 მაისამდე გასტანს, დღეს საზეიმოდ გაიხსნა. გახსნის ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, მინისტრები, დეპუტატები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ,,მივესალმები აქ წარმოდგენილ კომპანიებს. ბათუმი კვლავ მასპინძლობს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას. ეს არის მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც ჩვენ შეგვიძლია წარვდგეთ მთელი მსოფლიოს წინაშე, გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო, ჩვენი პოტენციალი. დღეს საქართველო და აჭარა სარგებლობს დიდი პოპულარობით სხვადასხვა ქვეყანაში. ეს დღე მისცემს ტურისტულ კომპანიებს ახალი კონტაქტების დამყარების, ბიზნესიდეების გაზიარების და ახალი მიმართულებების გაცნობის შესაძლებლობას. აჭარაში უკვე ოთხივე სეზონზე შეგიძლიათ სტუმრობა, გართობა. მიხარია, რომ ტურიზმი სხვადასხვა მიმართულებით ვითარდება. უკვე არა მხოლოდ საზღვაო, სამთო-სათხილამურო სპოტული ტურიზმიც მოძლიერდა. ექსპლუატაციაში შევიდა კურორტი ,,გოდერძი“. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ როგორც ზღვაზე, ასევე, მთაშიც დაისვენონ. ჩვენი ძლიერი მხარეა აგრო, ეკო, კულტურული და სპორტული ტურიზმი. მინდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ჩამობრძანებულ სტუმრებს, მონაწილე კომპანიებს კი წარმატება ვუსურვო“, – აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ.

ორგანიზატორების თქმით , ,,ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის“ მე-17 საერთაშორისო გამოფენის მიზანი ტურისტული კომპანიების ერთ სივრცეში გაერთიანება, ინოვაციებისა და ახალი სერვისების შესახებ ინფორმაციის გაცვლა, ბიზნესკონტაქტების მოძიება და სამომავლოდ საქმიანი ურთიერთობების გაგრძელებაა.
„გვიხარია, რომ წლიდან წლამდე გამოფენაში მონაწილეთა რაოდენობა იზრდება და სფეროებიც გვემატება. ეს უკვე ნიშნავს, რომ საქმეს, რომელსაც ვაკეთებთ, მათთვის წარმატება მოაქვს. ტურიზმის სექტორი მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერისთვის. ჩვენი კუთხე დამსვენებელს ოთხივე სეზონზე მასპინძლობს, ეს კი ვიზიტიორისთვის ძალიან ხელსაყრელია. გვიხარია, რომ რეგიონის ტურისტულ პოპულარიზაციაში მოკრძალებული წვლილი ჩვენი გამოფენითაც შეგვაქვს“, – გვითხრა საერთაშორისო საგამოფენო კომპანია „Expo Batumi“-ს დამფუძნებელმა ოსმან მჟავანაძემ.

გამოფენის მხარდამჭერები არიან: აჭარის მთავრობა, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო, თურქეთის ტურისტული კომპანიების ასოციაცია TURSAB, ბათუმის მერია, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, აჭარის ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაცია, საქართველოსა და აჭარის გიდების ასოციაციები, საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია, დაცული ტერიტორიების სააგენტო, ბათუმის ავტოტრანსპორტი, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია (IIA), თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია (MÜSİAD), ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია (GÜRTİAD), საქართველოს ტელევიზიები და გაზეთები.
ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-17 საერთაშორისო გამოფენა 2 მაისს ოფიციალურად დაიხურება. დასწრება თავისუფალია.