ბიუჯეტის საჯარო განხილვა – ბათუმის საკრებულოში
ბათუმის საკრებულოში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.
მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დამსწრეთ მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა გიორგი სურმანიძემ წარუდგინა.
პროექტის მიხედვით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის ასიგნებები 614,000.0 ათას ლარს შეადგენს, რაც მიმდინარე წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 44 მილიონი ლარით აღემატება.
გიორგი სურმანიძის განმარტებით, წარმოდგენილი პროექტით, პროგრამული კლასიფიკაციის შესაბამისად, პრიორიტეტების მიხედვით ასიგნებები შემდეგნაირად გადანაწილდა:
მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 316,864.0 ათასი ლარი, ქალაქის დასუფთავებისთვის, ეკოლოგიური მდგომარეობისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის კი 52,728.0 ათასი ლარი დაიხარჯება. პროექტის თანახმად, განათლების სფეროსთვის 52,825.9 ათასი ლარი, კულტურის, ახალგაზრდობის ხელშეწყობისთვის და სპორტის სფეროსთვის 29,725.6 ათასი ლარია გათვალისწინებული. თანხები შემდეგნაირად გადანაწილდა – ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – 42,118.8 ათასი ლარი, ქალაქის ეკონომიკური და ურბანული განვითარება – 4,921.7 ათასი ლარი, მუნიციპალური სერვისების განვითარება – 59,710. 2 ათასი ლარი, წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება – 55,105.8 ათასი ლარი.
პროექტის მიხედვით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 554,000.0 ათასი ლარია.
განხილვას ბათუმის საკრებულოს წევრებთან ერთად, თვითმმართველობის წარმომადგენლები, მოქალაქეები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში 13 ნოემბერს შევიდა. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დოკუმენტი უკვე გამოქვეყნებულია საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე და დაინტერესებული პირებისთვის წინადადებების წარმოსადგენად ხელმისაწვდომია.
საკრებულოს დარგობრივ კომისიებში განხილვისა და საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის მიერ შემაჯამებელი დასკვნის მომზადების შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარე, არაუგვიანეს 25 ნოემბრისა, ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიას შენიშვნებით ქალაქ ბათუმის მერს დაუბრუნებს.