„კატო და შობის ვარსკვლავი“ – მზადება საახალწლო პრემიერისთვის ბათუმის თოჯინების თეატრში
ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში უკვე საახალწლო პრემიერისთვის ემზადებიან, რომელიც საკმაოდ მალე გაიმართება. მაყურებელი რეჟისორ ლუკა ინწკირველის ახალ სპექტაკლს – „კატო და შობის ვარსკვლავი“ იხილავს.
ზაირა არსენიშვილის „მოკლე კატოს თავგადასავლის“ მიხედვით შექმნილი სპექტაკლი ლიტერატურულ ნაწარმოებს თანამედროვე თეატრალური ენით გააცოცხლებს. წარმოდგენა სრულად ცოცხალ პლანში იქნება გადაწყვეტილი, თუმცა მასში თოჯინური თეატრისთვის დამახასიათებელ მხატვრულ ხერხებსაც გამოიყენებენ, მუსიკა, ქორეოგრაფია და დინამიკური მოქმედება კი სპექტაკლის მხატვრულ სამყაროს კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს.
ინსცენირების ავტორია ლილე შენგელია, სცენოგრაფი – გიორგი გოგიტიძე, კოსტიუმების მხატვარი – ქეთი ციციშვილი, ქორეოგრაფი – გიორგი გოგიშვილი, მუსიკალური გაფორმება ირმა გოგელიას ეკუთვნის, რეჟისორის თანაშემწე კი ირაკლი იორამაშვილია.
სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: სალომე ცაგურია, სალომე დოლიძე, სოფიო ცინცაძე, თედო ტუღუში, რევაზ ხოფერია, ეკატერინე გვარამია, ალექსანდრე გაბაიძე, მარიკა ბულეიშვილი, გიორგი ბაბილოძე, ლევან მიდილიში, მინდია ჩოხარაძე და მერი დიასამიძე.
– ახალი წელი ჩვენი თეატრისთვის ყოველთვის განსაკუთრებული და ძალიან საპასუხისმგებლო პერიოდია. საახალწლო სპექტაკლებს ჩვენთან ყოველწლიურად, დაახლოებით, 5 000 ბავშვი ესწრება. რა თქმა უნდა, ყოველ წელს იზრდება როგორც პროფესიონალთა პასუხისმგებლობა, ასევე მაყურებლის მოლოდინი. ჩემთვის ეს პირველი ახალი წელია ამ თეატრში დირექტორის სტატუსით და, სიმართლე გითხრათ, ცოტას ვღელავ კიდეც. ძალიან მინდა, რომ წლევანდელი ახალი წელი განსაკუთრებული და განსხვავებული იყოს, ბავშვებისთვის – დაუვიწყარი ემოციებით სავსე. ამისთვის ჩვენი გუნდი ყველაფერს აკეთებს. თითოეული ჩვენგანი დიდი პასუხისმგებლობითა და სიყვარულით მუშაობს, რადგან გვინდა, პატარებს და მოზარდებს ნამდვილი საახალწლო ზღაპარი ვაჩუქოთ. საპრემიერო სპექტაკლის რეჟისორს ლუკა ინწკირველს, ახალგაზრდა და ნიჭიერ ადამიანს ვანდე ძალიან მნიშვნელოვანი მისია – პატარა მაყურებლებისთვის ახალი წლის ჯადოსნური განწყობის შექმნა. ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ქართული ზღაპრებისა და ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია. სწორედ ამიტომ, რეჟისორთან მოლაპარაკებისას, ჩემი ერთადერთი სურვილი და შეთავაზება იყო, ქართული ნაწარმოები დაედგა.

ძალიან მიხარია, რომ ლუკამ სწორედ ეს ზღაპარი შეარჩია, მით უფრო, რომ ზაირა არსენიშვილის ეს ზღაპარი სცენაზე პირველად ცოცხლდება, რაც, ვფიქრობ, თავისთავად მნიშვნელოვანი მოვლენაა.
ამასთან, მიმაჩნია, რომ „მოკლე კატოს თავგადასავალი“ მხოლოდ ბავშვებისთვის არ არის განსაკუთრებული. საერთოდ, განა რომელი ზღაპარია მხოლოდ ბავშვებისთვის? ზღაპრებში ხომ ხშირად სწორედ ის მარადიული კითხვები და პასუხებია, რომლებიც ყველას ეხება, ასაკის მიუხედავად. ეს არის ამბები ადამიანობაზე, სიკეთეზე, სიყვარულზე, არჩევანსა და იმ ღირებულებებზე, რომლებიც არასდროს კარგავს მნიშვნელობას. საახალწლო სპექტაკლების მიმართ ინტერესი ყოველთვის განსაკუთრებით დიდია. სწორედ ამიტომ, ყოველი ახალი წელი ჩვენთვის კიდევ ერთი დიდი გამოწვევაა. წელსაც, რა თქმა უნდა, დიდი მოლოდინი გვაქვს და იმედია, პატარა მაყურებლები ამჯერადაც დიდი სიხარულითა და ინტერესით შეხვდებიან საახალწლო ზღაპარს. ბილეთების გაყიდვა 15 ნოემბრიდან დაიწყება. აქვე მინდა ერთი სასიამოვნო სიახლეც გავუზიარო ერთგულ მაყურებელს: წელს თეატრი სპეციალურ შეთავაზებას აკეთებს – სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება 13 ლარად, ხოლო თეატრის ღია სალაროში – 15 ლარად, – გვითხრა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორმა სალომე ჯიჯავაძემ.
– „მოკლე კატოს თავგდასავლის“ წაკითხვის შემდეგ ყოველთვის მქონდა სურვილი, ეს ნაწარმოები სწორედ ისე განმეხორციელებინა, როგორც წარმომედგინა და როგორც, ჩემი აზრით, თავად ავტორს ჰქონდა ჩაფიქრებული, თუმცა თავდაპირველი ჩანაფიქრით, თოჯინური სპექტაკლი მინდოდა ყოფილიყო, სადაც კატოს როლს მსახიობი ცოცხალ პლანში შეასრულებდა. მას შემდეგ, რაც ზაირა არსენიშვილი აღმოვაჩინე, ის თავისი ისტორიით, ბიოგრაფიითა და შემოქმედებით ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ქართველი მწერალი გახდა. ზოგადად, საბავშვო მოთხრობების კითხვა და ახალი ავტორებისა თუ ნაწარმოებების აღმოჩენა ჩემთვის დიდი სიამოვნებაა. ზაირა არსენიშვილის რამდენიმე მოთხრობას შორის განსაკუთრებული ყურადღება სწორედ „მოკლე კატოს თავგადასავალმა“ მიიპყრო. ნაწარმოებში წამოჭრილი თემები და პრობლემები ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა არა მხოლოდ როგორც რეჟისორისთვის, არამედ იმიტომაც, რომ ძალიან ახლოს დგას ბავშვებისა და მოზარდების სამყაროსთან და იმ საკითხებთან, რომლებიც მათ მომავალ ცხოვრებაზეც ახდენს გავლენას. მიმაჩნია, რომ საბავშვო სპექტაკლი ბავშვის ცნობიერებაში აუცილებლად უნდა დაილექოს. შესაძლოა, გარკვეული დროის შემდეგ, მისი პიროვნული ჩამოყალიბების პროცესში, ბავშვმა კვლავ აღმოაჩინოს საკუთარ თავში ის განცდები და სათქმელი, რომლებიც ოდესღაც ნანახი სპექტაკლიდან შემორჩა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კარგი ლიტერატურული საფუძველი. ვფიქრობ, ამ ნაწარმოებს ყველა ის კომპონენტი აქვს, რაც კარგი საბავშვო სპექტაკლის შესაქმნელად არის საჭირო.
სპექტაკლი სრულად ცოცხალ პლანშია წარმოდგენილი. მასში თოჯინას, როგორც კლასიკურ ფორმას, არ ვიყენებთ, თუმცა აქტიურად მივმართავთ თოჯინური თეატრისთვის დამახასიათებელ მხატვრულ ხერხებს. სპექტაკლი დატვირთულია ქორეოგრაფიული და მუსიკალური ელემენტებით. ინსცენირების ავტორია ლილე შენგელია. ვფიქრობ, მან ნაწარმოებს საინტერესო დეტალები და შტრიხები შესძინა, ამასთან, შეძლო მისი თანამედროვედ გააზრება ისე, რომ ავტორისეული სათქმელი არ დაკარგულიყო. ეს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. ვინაიდან პრემიერა საახალწლო პერიოდს ემთხვევა, ვეცადეთ, სპექტაკლის სიუჟეტი შობის განწყობასთან დაგვეახლოებინა. ამ მიზნით მასში მცირე ცვლილებები და დეტალები შევიტანეთ, რამაც ამბავი კიდევ უფრო შეკრულ დრამატურგიულ ქარგად აქცია და შობის ატმოსფეროს ბუნებრივად მოარგო. რეპეტიციები დაახლოებით ორი კვირის წინ დავიწყეთ, პრემიერა კი 11 დეკემბერს გაიმართება. რაც შეეხება დასს, მიუხედავად იმისა, რომ მსახიობებს პირველად შევხვდი, შემოქმედებითი თვალსაზრისით ჩვენს შორის ბარიერი, პრაქტიკულად, აღარ არსებობს. ძალიან კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს. ეს ეხება არა მხოლოდ მსახიობებს, არამედ ტექნიკურ ჯგუფსაც, რომელიც აქტიურად არის ჩართული შემოქმედებით პროცესში. ამ ეტაპზე რეპეტიციები საკმაოდ კომფორტულ და ნაყოფიერ გარემოში მიმდინარეობს.

განსაკუთრებით კმაყოფილი ვარ ქორეოგრაფის მუშაობით. სპექტაკლი დინამიკური და ენერგიულია, მოქმედება, ფაქტობრივად, ერთი ამოსუნთქვით ვითარდება. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ქორეოგრაფიას, მუსიკას, ვოკალურ ჩართვებს. ვფიქრობ, დიალოგებიც სხარტი და დინამიკურია, რაც სპექტაკლის საერთო რიტმს კიდევ უფრო ამძაფრებს.
ქალბატონი ლილეს ინსცენირებამ უფრო მკაფიოდ გამოკვეთა ნაწარმოების მთავარი სათქმელი. კატო ეძებს გმირს, რომელსაც მისი გადარჩენა შეუძლია და, საბოლოოდ, პოულობს მას.
ბავშვებს ხომ ამ ასაკში ხშირად ჰყავთ კერპები და გმირები. . . ჩვენი მიზანი იყო, გვეჩვენებინა, რომ პოტენციური გმირი თითოეულ ბავშვშია. მთავარია, საკუთარ თავში ეს ძალა აღმოაჩინოს და შესაბამისი ფორმა მისცეს, – გვითხრა რეჟისორმა ლუკა ინწკირველმა.
მარიამ ხითარიშვილი