„თავისუფლებისა და უსაფრთხოების ერთობლივი შანტაჟი არ ჯდება ცივილიზებული სამყაროს არქიტექტურაში“
საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომები, ურთიერთდაპირისპირებული ოპოზიციური სპექტრი, ალიანსიდან გარიცხული „ნაცმოძრაობა“, დასავლური გზავნილები ხელისუფლებისადმი – ეს ის საკითხებია, რომლებსაც ოპოზიცია და მმართველი პარტია სხვადასხვაგვარად აფასებენ, გრძელდება ურთიერთბრალდებები და, ცხადია, ჩნდება კითხვები როგორც ერთი, ისე მეორე მხარის მიმართ. ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ენმ-ის აჭარის ორგანიზაციის პოლიტიკური მდივანი კახა მიქელაძე.
– რეალურად „ნაციონალური მოძრაობა“ გარიცხეს ოპოზიციური ალიანსიდან თუ თავად მიიღეთ ასეთი გადაწყვეტილება?
– ენმ ყველა ტიპის გაერთიანებას უყურებს შინაარსობრივი მდგენელიდან გამომდინარე. თუ ალიანსის ფორმატი მხოლოდ იმას მოიცავს, რაც რეალურ მოქმედებას არ ითვალისწინებს (ვუყურებთ პროცესს და ასეა), მაშინ რა აზრი აქვს იქ ყოფნა-არყოფნას?! პლუს, რეალური შანსი, როცა შესაძლებელი იყო რაიმე ტიპის ერთობის წარმატებულ შედეგად გარდაქმნა, გახლდათ 2024 წლის არჩევნების წინ. აბა, გაიხსენეთ, ვინ მოუწოდებდა ოპოზიციას სრულიად პარიტეტულ საწყისებზე ერთიანი სიით გამოსვლას? მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი, თუმცა ყველა დისტანცირდა ამ ინიციატივისგან, რადგან საკუთარ შესაძლებლობებზე გადაჭარბებული წარმოდგენა ჰქონდათ. დღეს კი, როცა ქვეყანა თავზე გვენგრევა, ალიანსის წევრები ხალხს, მრავალწლიანი გაურკვევლობის გარდა, ვერაფერს სთავაზობენ, რაც ენმ-ის ხედვას ეწინააღმდეგება. ჩვენ გვსურს ქმედითი ნაბიჯები ხალხთან ერთად.
– რა გახდა ოპოზიციური ალიანსის დატოვების მიზეზი, რა საკითხებზე გქონდათ უთანხმოება, რომლის აღმოფხვრა შეუძლებელი აღმოჩნდა?
– ყველაფერთან ერთად, პარტიათა ნაწილს ვერ გაურკვევია, ვინ არის ბრძოლის სამიზნე. რატომღაც, ყოველგვარი კოლეგიალობის გაუთვალისწინებლად და ამომრჩეველთა უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ, მიხეილ სააკაშვილს ებრძვიან, რითაც საერთო გამარჯვების შანსებს ანიავებენ.
– ოპოზიციური ალიანსის წევრები აცხადებენ, რომ ალიანსმა სააკაშვილის პოზიციები სხვადასხვა საკითხთან მიმართებით არ გაიზიარა და „ნაცმოძრაობა“ ამიტომაც არ ესწრებოდა სხდომებს.
– საინტერესო სიტუაციაა: ადამიანები, რომლებმაც პარტიების შექმნაც კი ვერ მოახერხეს, ან საკუთარი პარტია დატოვეს პრაიმერში მარცხის გამო და ქმნიან ახალ-ახალ სახელებს (პარტიებს – ვერ), ეტოლებიან პოლიტიკოსს, რომელმაც არათუ ყველაზე მძლავრი პოლიტიკური ორგანიზაცია, ახალი ქართული სახელმწიფო შექმნა! აი, ზუსტად ისე არ ეთანხმებიან სააკაშვილს სხვა საკითხებში, როგორც ერთიანი საპარლამენტო სიის ინიციატივაში არ დაეთანხმნენ. ვინ წააგო? ხალხმა და ქვეყანამ.
– სხვათა შორის, „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ სააკაშვილი მმართველი პარტიის წისქვილზე ასხამს წყალს თავისი ბოლოდროინდელი განცხადებით, თქვენი აზრი ამის შესახებ. . .
-კონსპიროლოგიური მღვიმეებიდან თუ არ გამოვლენ, მუდამ მსგავს, უპასუხისმგებლო განცხადებებს გააკეთებენ.
– როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო სასამართლოში განიხილება მმართველი პარტიის სარჩელი რამდენიმე პარტიის აკრძალვის შესახებ. რა მოლოდინი გაქვთ?
– მიუხედავად იმისა, პარტიების აკრძალვის მოლოდინი დიდია, მე მაინც ვრჩები ჩემს პოზიციაზე, რომ ივანიშვილს ბევრად უარესი მოცემულობა აქვს, ვიდრე გვაჩვენებს. ამიტომ მისი ყველა ნაბიჯი თვითგადარჩენის ინსტინქტითაა ნაკარნახევი.
– ცხადია, თვალს ადევნებთ საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ სხდომებს. ამ მხრივ, ოპოზიციის და მმართველი პარტიის არგუმენტები რამდენად დამაჯერებელი და თანმიმდევრულია?
– საერთოდ როგორ უნდა მივიღოთ ის სარჩელი სერიოზულად, რომელიც წულუკიანის კომისიის დასკვნისა და მასზე გაკეთებული ცრუ ჩვენებების შედეგად დაიწერა?! ამ სარჩელმა მხოლოდ იუმორისტული სივრცის ათვისება შეძლო, რადგან ხალხი იცინის იმაზე, რასაც ისმენს და შემდეგ დასცინის ამ სარჩელის ავტორებსა თუ გამხმოვანებლებს.
– თუ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს მმართველი პარტიის ზემოაღნიშნულ სარჩელს, როგორი იქნება ევროკავშირის და ზოგადად დასავლეთის რეაქცია?
– ცხადია, რეაქცია იქნება უმკაცრესი. თავისუფლებისა და უსაფრთხოების ერთობლივი შანტაჟი არ ჯდება ცივილიზებული სამყაროს არქიტექტურაში.
– ექსპერტები აცხადებენ, რომ აღნიშნული სარჩელი, გარკვეულწილად, არჩევნებს უკავშირდება. ამ მხრივ, იყო თუ არა შეცდომა ძირითადი ოპოზიციის პარლამენტში არშესვლა და ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტი?
– ეს ისეთი საკითხია, რომელიც არაერთგვაროვნად იკითხება მოკლევადიან და გრძელვადიან სურათში. ამიტომ გარკვეული დრო სჭირდება პასუხებს.
– საგარეო საკითხსაც შევეხოთ: როგორ დაახასიათებდით საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას?
– ურთიერთობა ნაკლებად ჰქვია კომუნიკაციის არსებულ ფორმატს. ურთიერთობა მაშინ ყალიბდება, როცა ერთი საკომუნიკაციო ენა არსებობს. როგორ შეიძლება, ეს ენა ერთად გამოხატავდეს თავისუფლებას და დიქტატურას? ვერანაირად.
– ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ევროკავშირის მაღალჩინოსნები საქართველოს აშანტაჟებენ სუვერენული პოლიტიკის გამო ანუ რომ არ ესწრაფვის რუსეთთან კონფრონტაციას…
– მაგათ სუვერენულობად მიაჩნიათ კრემლის პოზიციების უპირობო გაზიარება. რეალური სუვერენულობის მაგალითი კი ზელენსკია – მიუხედავად იმისა, ამხელა აგრესორთან ომშია, აშშ-ის მოქმედ ადმინისტრაციას ის არ დაეთანხმა გეგმაზე, რომელიც უკრაინის ეროვნულ ინტერესებს უპირისპირდება.
– რამდენად მოსალოდნელია საქართველოს ვიზალიბერალიზაცია გაუუქმონ, ამ მხრივ რა კოზირს მიიღებს რუსეთი?
– კარგად ესმით ევროპაში, რომ დღევანდელი მმართველი გუნდი იზოლაციას ესწრაფვის და თან სურს, ხალხს დააჯეროს, რომ მომავალი უბედურება სრულად ევროკავშირის კისერზეა. ენმ მუდმივად ცდილობს თავისი კავშირები გამოიყენოს ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით.
– რუსეთ-უკრაინის ომის დასასრული ან მისი გახანგრძლივება რა ეგზისტენციურ საფრთხეებს წარმოშობს საქართველოსთვის?
– აქ მთავარი შედეგია. ეს ომი დასრულდება უკრაინის გამარჯვებით, რაც რუსეთისა და მისი პროტეჟეების ეგზისტენციური კატასტროფა იქნება.
– დაბოლოს, არანაკლებ მნიშვნელოვანი ამბები ხდება ჩვენს რეგიონში, იცვლება ძალთა ბალანსი სამხრეთ კავკასიაში. ამ მხრივ, საქართველოსთვის რა შესაძლებლობები იკვეთება?
– ახლა უნდა ვიყოთ ფორმაში, ჩვენდა სამწუხაროდ კი ყველაზე მაჩანჩალა პოზიცია გვაქვს. წარმოიდგინეთ, მიშა სააკაშვილი რომ იყოს დღეს ხელისუფლებაში, საქართველოს ლიდერობით ამიერკავკასია მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებდა თანამედროვე გეოპოლიტიკურ მოდელში.
ლაშა ხომერიკი