ბსუ-ში ქართულ-შვეიცარიული ურთიერთობების ისტორიას გამოფენა მიეძღვნა
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შვეიცარიის ახალდანიშნულ ელჩს საქართველოში ფაბიენ ვასერმანს უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში, უნივერსიტეტში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა, სადაც საქართველოსა და შვეიცარიას შორის არსებული ურთიერთობები, თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები და საგანმანათლებლო მიმართულებით სამომავლო პროექტები განიხილეს.
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელს ბსუ-ის რექტორი ტიტე აროშიძე შეხვდა. შეხვედრაზე რექტორმა ელჩს უნივერსიტეტის ისტორია, საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებული სიახლეები და საერთაშორისო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები გააცნო.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის გაცვლითი პროგრამებისა და სხვადასხვა პროექტის განხორციელების შესაძლებლობებს. მხარეებმა ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისა და ახალი შესაძლებლობების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ბსუ-ის რექტორის მოადგილე გიორგი ქათამაძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თეონა ბერიძე, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი თამარ დუნდუა და შვეიცარიის საელჩოს მედიისა და კომუნიკაციების ოფიცერი ეკატერინე ყვავაძე.
ვიზიტის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოფენა გაიმართა სახელწოდებით „ქართულ-შვეიცარიული ურთიერთობების ისტორიები“. ექსპოზიცია ბსუ-ის რექტორმა ტიტე აროშიძემ და საქართველოში შვეიცარიის ელჩმა ფაბიენ ვასერმანმა გახსნეს.
გამოფენის მიზანია საზოგადოებისთვის საქართველოსა და შვეიცარიას შორის მრავალწლიანი ურთიერთობების ისტორიის, ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული კავშირებისა და თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ეპიზოდების გაცნობა.
ექსპოზიცია ეფუძნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრის, სალომე ჭანტურიძის ნაშრომს, რომელიც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს ხელშეწყობით წიგნად გამოიცა. წიგნი, სახელწოდებით „ქართულ-შვეიცარიული ურთიერთობების ისტორიები“, მოგვითხრობს იმ მნიშვნელოვან ურთიერთობებზე, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ქართველ და შვეიცარიელ ხალხებს აკავშირებდა.
ნაშრომში წარმოდგენილია საქართველოში შვეიცარიელი ფერმერებისა და მეწარმეების საქმიანობის ისტორია, შვეიცარიული გამოცდილების გაზიარების მაგალითები, ასევე იმ ქართველ ახალგაზრდათა ისტორიები, რომლებმაც განათლება შვეიცარიაში მიიღეს და შემდგომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს საქართველოსა და შვეიცარიას შორის ურთიერთობების განვითარებაში.
გამოფენა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ორი ქვეყნის მრავალწლიან ურთიერთობებს და იმ ადამიანებსა და მოვლენებს, რომლებმაც ქართულ-შვეიცარიული კავშირების ჩამოყალიბებასა და გაღრმავებას სხვადასხვა დროს შეუწყეს ხელი.