„განდაგანა“ – აჭარის კულტურისა და ტრადიციების საშემოდგომო დღესასწაული
By

„განდაგანა“ – აჭარის კულტურისა და ტრადიციების საშემოდგომო დღესასწაული

ბათუმში სოფლის ტურიზმის ფესტივალმა „განდაგანამ“ ადგილობრივ მოსახლეობასა და ქალაქის სტუმრებს კიდევ ერთხელ მოუყარა თავი. ღონისძიების სივრცეში ერთმანეთს შეხვდა აჭარული ტრადიციები, ხალხური რეწვა და თანამედროვე ხელოვნება. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ ხელნაკეთი ნივთები, ადგილობრივი რეწვის ნიმუშები, გასცნობოდნენ სხვადასხვა რეგიონის კულტურას, დაეგემოვნებინათ ტრადიციული კერძები, სოფლის ნობათი და დასწრებოდნენ მუსიკალურ და გასართობ ღონისძიებებს.

ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერა და მათი ნამუშევრების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობაა. წელს ღონისძიებაში როგორც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, ისე ახალი მონაწილეები ჩაერთნენ. ერთ-ერთი მათგანია ლელა გრძელიძე, რომელმაც „განდაგანაში“ მონაწილეობა პირველად მიიღო. ფესტივალზე მან საკუთარი ხელით შექმნილი ნაციონალური თოჯინები წარადგინა. როგორც თავად ამბობს, გადაწყვეტილების მიღებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ღონისძიების მიმართ ინტერესმაც და საკუთარი ნამუშევრების სხვებისთვის გაზიარების სურვილმაც.  „პირველ რიგში, გადაწყვეტილების მიზეზი თავად დღესასწაულია და ამ განსაკუთრებული გარემოს ნაწილად ყოფნის სურვილი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი ხელით შექმნილი თოჯინების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა. აქ უამრავი ადამიანი იყრის თავს, ეცნობა ხელნაკეთ ნივთებს, ქართულ ტრადიციებსა და სხვადასხვა ხელოვანის შემოქმედებას. ყველაზე საინტერესო კი ჩვენი კულტურის წარმოჩენა და  მონაწილეების ერთმანეთთან დაკავშირებაა“, – ამბობს ლელა გრძელიძე.

ლელასთვის წლევანდელი ფესტივალი განსაკუთრებით საინტერესოა იმითაც, რომ შარშან „განდაგანას“ მხოლოდ სტუმრის სტატუსით ესწრებოდა, წელს კი უკვე საკუთარი ნამუშევრებით წარდგა. მეწარმის თქმით, წელს დამთვალიერებლების სიმრავლე განსაკუთრებით თვალშისაცემია. ფესტივალს ინტერესით სტუმრობენ როგორც ადგილობრივები, ისე ტურისტები. ლელა გრძელიძე მიიჩნევს, რომ მსგავსი ღონისძიებები ახალგაზრდებისთვისაც კარგი შესაძლებლობაა, წარმოაჩინონ საკუთარი შემოქმედება და მომავალშიც გეგმავს მონაწილეობას. ფესტივალში ცვლილებებსა და მის განვითარებაზე საუბრობს მეწარმე ხატია ხოზრევანიძეც, რომელიც „განდაგანაში“ რამდენიმე წელია მონაწილეობს. მისი დაკვირვებით, წლების განმავლობაში ღონისძიება საგრძნობლად შეიცვალა და უფრო მრავალფეროვანი გახდა.  „წინა წლებთან შედარებით, ვფიქრობ, წელს უფრო მეტი მრავალფეროვნებაა, დამატებულია აქტივობები, ბევრი სიახლეა და ღონისძიება უფრო და უფრო ვითარდება“, – აღნიშნავს ხატია ხოზრევანიძე.

მისი თქმით, ფესტივალი „განდაგანა“ თანდათან აჭარის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად ყალიბდება. ფესტივალის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით ტურისტების მხრიდან შეინიშნება. ისინი მხოლოდ გამოფენილი ნივთების დათვალიერებით არ შემოიფარგლებიან და ხშირად ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრებსაც ყიდულობენ. ხატია ხოზრევანიძე ფიქრობს, რომ ღონისძიება აჭარული კულტურის გაცნობის კარგი საშუალებაა და მომავალშიც სიამოვნებით მიიღებს მასში მონაწილეობას. „განდაგანას“ სტუმრებს შორის არიან ადამიანები, რომლებიც ფესტივალს პირველად სტუმრობენ. მათთვის ეს არა მხოლოდ გასართობი ღონისძიება, არამედ ქართული კულტურისა და სხვადასხვა კუთხის ტრადიციების გაცნობის შესაძლებლობაცაა.

ნინო ბასილაძე წელს ფესტივალს პირველად დაესწრო. მისი ყურადღება განსაკუთრებით ეროვნულმა თოჯინებმა, ხელნაკეთმა ყელსაბამებმა და თექის ნამუშევრებმა მიიპყრო. როგორც თავად ამბობს, ღონისძიებამ სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა.   „ვფიქრობ, მსგავსი კულტურული ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია და მიხარია ის, რაც დღეს აქ ხდება. საინტერესოა, რომ წარმოდგენილია არა მხოლოდ აჭარული, არამედ სხვა კუთხეების კულტურაც“, – ამბობს ნინო ბასილაძე.

მისი აზრით, ფესტივალი ტურისტებისთვისაც საინტერესო ადგილია, რადგან აქ მათ შეუძლიათ, უკეთ გაიცნონ საქართველო, მისი ტრადიციები და ხელოვნება. ნინო ბასილაძე დადებითად აფასებს იმასაც, რომ ღონისძიებაზე სხვადასხვა ასაკის ადამიანისთვის არის გათვალისწინებული აქტივობები. ბავშვებისთვის მოწყობილი გასართობი სივრცეების გარდა, სტუმრებს საღამოს კონცერტები, მუსიკალური შოუები და ცეკვები ელოდებათ.

სამი განსხვავებული ადამიანის გამოცდილება აჩვენებს, რომ „განდაგანა“ სტუმრებისთვისაც და მონაწილეებისთვისაც მნიშვნელოვანია: მეწარმეებისთვის საკუთარი ნამუშევრების წარდგენის შესაძლებლობაა, დამთვალიერებლებისთვის კი  ახალი შთაბეჭდილებების მიღებისა და ქართული კულტურის გაცნობის ადგილი. ფესტივალი წლების განმავლობაში ნამდვილად იქცა ბათუმის საშემოდგომო ღონისძიებების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილად.

ლიკა ხარებავა

  • No Comments
  • ნოემბერი 17, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *