„გახარია საქართველოსთვის“ – საკონსტიტუციო სარჩელში
„ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელში დამატებულია პარტია „გახარია საქართველოსთვის“. სარჩელი რამდენიმე ოპოზიციური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობასა და აკრძალვას ითვალისწინებს. საკითხზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განმარტა, რატომ მიიჩნევს ხელისუფლება „გახარია საქართველოსთვის“ სარჩელში დამატებას საფუძვლიანად და რა პოზიციას უკავშირებს პარტიის პარლამენტში საქმიანობას.
კობახიძის თქმით, პარტიას ჰქონდა შესაძლებლობა, საკუთარი პოზიცია კონსტიტუციურ წყობილებასთან დაკავშირებით დაეფიქსირებინა, თუმცა, მისი შეფასებით, ამ მხრივ ცვლილება არ მომხდარა.
„მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებენ კონსტიტუციურ წყობილებას, არ აღიარებენ ხელისუფლების ლეგიტიმაციას. ასეთ პირობებში არაფრით განსხვავდება ამ პოლიტიკური პარტიის საქმიანობის სულისკვეთება იმ საქმიანობის სულისკვეთებისგან, რომელსაც აწარმოებენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები. აქედან გამომდინარე, ჩვენი აზრით, უალტერნატივო იყო სარჩელში ამ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის დამატებაც. ჩვენ მივეცით დრო ამ პარტიას, რათა ეღიარებინათ კონსტიტუციური წყობილება. გავიდა მთელი სესია, მათ არ აღიარეს და დაუპირისპირდნენ კონსტიტუციურ წყობილებას. დანარჩენი წარმოდგენილია სარჩელში, პროცესებიც იქნება საჯარო. ჩვენი არგუმენტები იქნება სასამართლოს და საზოგადოების წინაშე. ვერ გეტყვით, როდის დასრულდება. მაქსიმალური ვადა არის ცხრა თვე, ჩვენი სურვილია, ცხრა თვე არ გაგრძელდეს. სასამართლო როგორც გადაწყვეტს, ეს მისი საქმეა“, – განაცხადა პრემიერმა.
მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება „გახარია საქართველოსთვის“. ფრაქცია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის შალვა კერესელიძის განცხადებით, პარტია პარლამენტში საზოგადოებასთან და ამომრჩეველთან კომუნიკაციისთვის შევიდა და საკანონმდებლო ორგანოში მუშაობას ამ მიზნით აგრძელებს.
კერესელიძის თქმით, მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი ლეგიტიმურია. მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ხელისუფლების მიმართ განსხვავებული პოზიციისა და კრიტიკის მიუღებლობაა.
„პარლამენტში იმის გამო შემოვედით, რომ საზოგადოებასთან, ჩვენს ამომრჩეველთან გვესაუბრა და გვეთქვა სიმართლე, რა ხდება ქვეყანაში. სწორედ სხდომათა დარბაზში გაგვეხმოვანებინა მათი ხმა და პრობლემები, ასეც ვიქცევით. სამწუხაროდ, ეს მმართველ გუნდს არ მოსწონს. არ მოსწონს განსხვავებული აზრი და სიმართლე, სამართლიანი კრიტიკა. ყველაფერს აკეთებს, რომ ამ პროცესებში ხელი შეგვიშალოს. მმართველ გუნდთან დიდი დაპირისპირება საოკუპაციო ნაწილში გვაქვს. საოკუპაციო რეჟიმის საარჩევნო დაპირებაა, რომ სოფელ ჩორჩანას საოკუპაციო რეჟიმს დაუბრუნებს და ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთს გააერთიანებს. ეს ნიშნავს, რომ ანექსიის პროცესი მეტად დაჩქარდება. ამ ყველაფერზე ხელისუფლება დუმს და მათი პასუხია დანაშაულებრივი ბოდიშის მოხდა. ამას არც გავატარებთ და არც მოვითმენთ. ჩვენი აქტივობა „ოცნებას“ არ აწყობს“, – აღნიშნავს შალვა კერესელიძე.
კითხვაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები და პარლამენტი ლეგიტიმურია თუ არა, კერესელიძემ უპასუხა: „რა თქმა უნდა, კი-თქო, გითხარით, სხვანაირად როგორ გითხრათ?“.