გია ბარამიძე: ძალიან გამიკვირდა თინა ბოკუჩავას განცხადება, რადგან ამ სხდომაში არაფერი იყო არალეგიტიმური
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ პარტიის 30 ივლისის პოლიტსაბჭოს სხდომას 130-დან მხოლოდ 40-მდე ადამიანი ესწრებოდა. მისი თქმით, იმისთვის, რომ სხდომა იყოს უფლებამოსილი გადაწყვეტილებების მისაღებად, ის უნდა იყოს ლეგიტიმური.
აღნიშნულს ჟურნალისტებთან გამოეხმაურა ამავე პარტიის წევრი გია ბარამიძე და აღნიშნა, რომ ბოკუჩავას განცხადებას არ ეთანხმება. მისი თქმით, ყველაფერი ლეგიტიმურად ჩატარდა და კვორუმი რომ არ ყოფილიყო, სხდომა არც ჩატარდებოდა.
„ძალიან გამიკვირდა თინა ბოკუჩავას განცხადება. ამ სხდომაში არალეგიტიმური არაფერი იყო. კვორუმი რომ არ ყოფილიყო, სხდომა არც ჩატარდებოდა. იქ იყო უამრავი ადამიანი და დამსწრე, ასევე, დაინტერესების შემთხვევაში, ოქმს მიიღებს ყველა წევრი, როცა ეს ოქმი მზად იქნება თავისი ხელმოწერებით და ნახავენ, ვინ ესწრებოდა და არ ესწრებოდა. ანშლაგი ნამდვილად არ იყო, რადგან ბევრს არ ჰქონდა საშუალება დასწრების, თუმცა ვთვლი, რომ ქობულეთიდან ჩამოსვლა პრობლემა არ უნდა ყოფილიყო. სხვადასხვა რეგიონიდან ასე ჩამოვიდა ძალიან ბევრი ადამიანი. რატომ გააკეთა ეს განცხადებები, ვერ გეტყვით. ყველა შემთხვევაში, იქ საუბარი იყო იმაზე, რომ შეეძლო პარტიას დაენიშნა ყრილობა. ამას არავითარი მანიპულაცია არ სჭირდებოდა. შეიძლება, თინას გარკვეული წყენა ჰქონდეს, რადგან ჩვენ იმ სტატუსს, რაც ახლა გვაქვს – პარტიის თავმჯდომარეს, დიდი ალბათობით, აღარ ავირჩევთ ამ ყრილობაზე, რადგან გვინდა, რომ აღარც თავმჯდომარე ავირჩიოთ ისეთი ფორმით, როგორითაც ახლაა, აღარც – გენერალური მდივანი. გვინდა, იყოს მმართველობითი საბჭო, რომელიც შეასრულებს ამ ფუნქციას“, – აღნიშნა გია ბარამიძემ.