დავით მათიკაშვილი – საქართველო მზადაა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის
By

დავით მათიკაშვილი – საქართველო მზადაა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას საქართველოსა და  შეერთებული შტატების ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისა და ახალი ფურცლიდან დაწყებისთვის.

„დელეგაციების შეხვედრები ძალიან მაღალ სახელმწიფო თანამდებობის პირებთან, თუნდაც რაღაც არაფორმალურ მოცემულობაში, ის მილოცვები და გზავნილები, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა იღებს პირადად ტრამპისგან, არის მანიშნებელი, რომ შეერთებული შტატების მხრიდან ხდება ნოყიერი ნიადაგის მოძიება და ეს ორმხრივი ურთიერთობაა. ბუნებრივია, ქართული მხარე და შეერთებული შტატები ცალ კარში თამაშს ვერ დაიწყებენ, აქ არის ორმხრივი ურთიერთობა და აქ არის ქართული მხარის სრული მზაობა, სამართლიანი, ობიექტური ურთიერთობის ჭრილში განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა. სტრატეგიული პარტნიორობა ფიქტიურად არსებობდა ქაღალდზე, ჩვენ არც თავისუფალი ვაჭრობა გვქონდა შეერთებული შტატებთან, არც თავისუფალი ფრენები და 2008 წლის კატასტროფის მერე, სააკაშვილმა რომ ეს ქვეყანა ჩააგდო, ის იყო თითქოს ბონუსად ჩვენი ქვეყნისთვის მოცემული, რომელიც, საბოლოო ჯამში, იმაზე მეტს არ ნიშნავდა, ვიდრე ეს იყო ქაღალდზე დაწერილი. დღეს ჩვენ გვინდა რეალური, ურთიერთსასარგებლო, ორი ერისთვის, ორი სახელმწიფოსთვის ურთიერთსასარგებლო ურთიერთობები“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

მისი თქმით, დღეს საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფუჭებული ურთიერთობა ბაიდენის ადმინისტრაციის დამსახურებაა.
,,გაფუჭებული ურთიერთობა, სამწუხაროდ, არის დამსახურება ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან იმ უსამართლო დამოკიდებულებისა, რაც იყო საქართველოსთან მიმართებით. შესაბამისად, უსამართლო დამოკიდებულებით გაფუჭებული ურთიერთობა სამართლიანი დამოკიდებულებით უნდა გამოკეთდეს და გაუმჯობესდეს“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

 

  • No Comments
  • ივნისი 4, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *