ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში დასრულდა
By

ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში დასრულდა

ბათუმი ერთი კვირის განმავლობაში მასპინძლობდა ევროპის ჩემპიონატს ძალოსნობაში, რომელიც 26 აპრილს მძიმე წონაში კაცთა ასპარეზობებით დასრულდა.

საქართველოდან ბოლო ფიცარნაგზე აკვრაში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი ბაქარ თურმანიძე გამოვიდა (+110 კგ), რომელმაც ატაცში სამივე ცდა (175/181/187) წარმატებით გამოიყენა და მეოთხე ადგილი დაიკავა. აკვრაში მას შედეგიანი პირველი ორი ცდა ჰქონდა (208/219), მესამე მისვლაზე კი 225 კილოგრამი ვერ დაიმორჩილა და ორჭიდის ჯამში (406 კგ) მეოთხე იყო.

წარმატებული ჩემპიონატი ჰქონდა ოლიმპიური თამაშების ვერცხლის, მსოფლიოს და ევროპის ორ-ორგზის ჩემპიონსა და არაერთი სხვა სინჯის მედლის მფლობელ სომეხ ძალოსან ვარაზდატ ლალაიანს. ის

საუკეთესო იყო ატაცში, აკვრასა და ორჭიდის ჯამში და ოქროს მედლები დაისაკუთრა. ვერცხლის მედლებით დაასრულა ასპარეზობა ინდივიდუალურმა ნეიტრალურმა ათლეტმა დანილ ვაგაცევმა. ორჭიდში, მესამე ადგილზე გავიდა ნეიტრალური ინდივიდუალური ათლეტი ტიმურ ნანიევი, რომელსაც ატაცში მესამე შედეგი ჰქონდა, აკვრაში კი მეოთხე.

აკვრაში ბრინჯაო დაიმსახურა უკრაინელმა ვლადისლავ პრილიპკომ.

ბათუმის ევროპის ჩემპიონატზე მედლები 18 ქვეყნის წარმომადგენელმა მოიპოვა, პლუს ნეიტრალური ინდივიდუალური სტატუსით მოასპარეზე ძალოსნებმა.

რაც შეეხება საქართველოს წარმომადგენლებს, ქართველმა ძალოსნებმა შესანიშნავად იასპარეზეს და წლევანდელ ჩემპიონატზე  8 მედალი დაისაკუთრეს. გუნდმა შეჯიბრება ორი ოქროს, ორი – ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედლით დაასრულა და ჩათვლაში მერვე ადგილზე გავიდა.

ბათუმში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე მედალოსანი გახდა გოდერძი ბერდელიძე (60 კგ). ძალოსანმა ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა. აკვრაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს რამინ შამილიშვილმა (60 კგ) და არჩილ მალაყმაძემ (79 კგ). ატაცში ბრინჯაოს მედალოსანი გახდა მანუჩარ გოგოხია (88 კგ), ხოლო ზურაბ მსხალაძემ (88 კგ) აკვრაში ოქრო მოიპოვა, ორჭიდში კი ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.

ქალთა ნაკრებიდან ატაცში ვერცხლის და ორჭიდში ბრინჯაოს მედლით დაასრულა ევროპის ჩემპიონატი ანასტასია გოტფრიდმა (+86 კგ), რომელმაც გვითხრა:

– თუ გავითვალისწინებთ, რომ ორი წელია შეჯიბრებაზე არ გამოვსულვარ, ეს კი დიდი პაუზაა, დღევანდელი შედეგით ნამდვილად კმაყოფილი ვარ – ბოლო რვა წლის განმავლობაში ეს საუკეთესო იყო. ძლიერი და ღირსეული კონკურენტები მყავდნენ.

მის გარდა მძიმე წონაში ასევე იასპარეზა მარიამ მურღვლიანმა, რომელსაც ატაცში 108 კილოგრამით მერვე შედეგი ჰქონდა, აკვრაში დაძლეული 130 კილოგრამით მეათე ადგილი დაიკავა. ორჭიდის შედეგით კი გამოსვლა მეცხრე ადგილზე დაასრულა.

– ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, მასმედიასთან კომენტარები საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა ლაშა ტალახაძემ და საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ გააკეთეს.

– შედეგების მხრივ, მეტის მოლოდინი გვქონდა. ვპირდები ყველა გულშემატკივარს, რომ ხვალინდელი ნაკრები უფრო ძლიერი იქნება. რაც შეეხება აჭარის წარმომადგენლებს, მათ ძალიან ღირსეულად იასპარეზეს და მედლების სრული კომპლექსიც მოიპოვეს, მაგრამ… საქართველო ხომ ერთიანია და წარმატებას ყველას ვუსურვებ. რაც შეეხება ჩემპიონატის ორგანიზებას, იყო არაჩვეულებრივი, ამას ყველა ერთხმად აღნიშნავს… შინაარსობრივად, ძალიან მაღალი სტანდარტები იყო დაცული, – აღნიშნა გიორგი ასანიძემ.

– მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც იყო ევროპის ჩემპიონატის სამზადისში ჩართული. ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ ევროპის ჩემპიონატი საუკეთესო ყოფილიყო. რა თქმა უნდა, დასაფასებელია სახელმწიფოს სპორტის სამინისტროს და შესაბამისი უწყებების თანადგომა. მაქსიმალური მზადყოფნა გამოხატა ყველა უწყებამ და ეს სასიხარულოა. ველოდებით ჩვენი ფედერაციის ევროპის წარმომადგენლების ოფიციალურ შეფასებას, როგორც ისინი პირად საუბრებში აღნიშნავენ, ეს იყო საუკეთესო შეჯიბრი. მადლობელი ვარ თითოეული ჩვენი სპორტსმენის, კარგად იბრძოლეს, შესაბამისად, სხვადასხვა სინჯის მედლები მოვიპოვეთ, რაც ძალიან დასაფასებელია. რამდენიმე სპორტსმენმა უშუალო შეჯიბრის დროს და მის დაწყებამდე რამდენიმე ხნით ადრე, მიიღო ტრავმა და 8 სპორტსმენის ნაცვლად ტურნირზე 6 სპორტსმენი წარსდგა, რაც ძალიან სამწუხარო იყო.  ვუსურვებ მათ გამოჯანმრთელებას და მჯერა, რომ თითოეული მაქსიმუმს გააკეთებს, რომ ჩვენი ქვეყანა მომავალში უფრო უკეთ წარმოჩნდეს, – თქვა ლაშა ტალახაძემ.

 

მანანა ძიძიშვილი

 

  • No Comments
  • აპრილი 27, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *