ენერგოდამოუკიდებლობის გზა: დივერსიფიკაცია და მდგრადი ინფრასტრუქტურა
By

ენერგოდამოუკიდებლობის გზა: დივერსიფიკაცია და მდგრადი ინფრასტრუქტურა

საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის გასაძლიერებლად ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პირობად ენერგიის წყაროების მრავალფეროვნება განიხილება. როგორც „აზიის განვითარების ბანკის“ ენერგეტიკის დირექტორმა კეიჯუ მიცუჰაშიმ ჟურნალისტების  კითხვის პასუხად აღნიშნა, ერთ წყაროზე დამოკიდებული სისტემა მნიშვნელოვნად უფრო მოწყვლადია სხვადასხვა რისკისა და შოკის მიმართ.
მისივე განმარტებით, დივერსიფიკაციასთან ერთად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებაც,  განსაკუთრებით გადამცემი ქსელებისა და ელექტროენერგიის დაგროვების სისტემების მიმართულებით, რაც სისტემის სტაბილურობას უზრუნველყოფს.
ამ კონტექსტში აღსანიშნავია, რომ აზიის განვითარების ბანკი საქართველოსთვის მნიშვნელოვან პროექტს აფინანსებს – ქვეყანაში პირველი სააკუმულატორო ქვესადგურის შექმნას. აღნიშნული ინიციატივისთვის 2025 წლის აპრილში ბანკმა 104 მილიონი დოლარის სესხი დაამტკიცა.
კეიჯუ მიცუჰაშის თქმით, სხვადასხვა ტიპის ენერგიის ინტეგრირება ეფექტიანად მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ სისტემა მდგრად და „მწვანე“ საფუძველზეა აგებული. მისი შეფასებით, ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია, მათ შორის, სხვადასხვა ტექნოლოგიის გამოყენება და სხვადასხვა რეგიონიდან ელექტროენერგიის მიღება, პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების ზრდას.
ამასთან, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ენერგოსისტემის დაკავშირებადობას. როგორც მიცუჰაში აღნიშნავს, გადამცემი ქსელების არსებობა საკმარისი არ არის და  აუცილებელია ენერგიის დაგროვების შესაძლებლობების განვითარებაც, რაც სხვადასხვა ენერგიის ტიპის ეფექტიან ინტეგრაციას და სისტემის სტაბილურობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
შეგახსენებთ, რომ აზიის განვითარების ბანკის 59-ე წლიური შეხვედრა სამარყანდში მიმდინარეობს. ღონისძიების მთავარი თემა წელს არის – „პროგრესის გზაჯვარედინი: წინსვლა რეგიონის დაკავშირებული მომავლისთვის“.

  • No Comments
  • მაისი 5, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *