ირაკლი კობახიძემ გუნდს მთავრობის ახალი თავმჯდომარე წარუდგინა
,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის აჭარის რეგიონის წარმომადგენლებს მთავრობის ახალი თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე წარუდგინა. „ჩვენი ერთიანობით ვახერხებთ ჩვენს ქვეყანაზე წარმატებით ზრუნვას. ჩვენი გუნდი არის წარმატებული და ამ წარმატებას მოაქვს წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის. რომ არა ერთიანობა და ჩვენი ერთად დგომა, რა თქმა უნდა, ეს წარმატება შეუძლებელი იქნებოდა და არ შედგებოდა. ამისთვის თითოეულ თქვენგანს მადლობა გეკუთვნით“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის წარდგენისას პრემიერმა ერთიანი გუნდის განვლილ გზასა და ერთიანობაზე გაამახვილა ყურადღება. „ჩვენ ძალიან რთული წლები გამოვიარეთ. ყველა წელი რთული იყო, 2011 წლიდან მოყოლებული, თუმცა, განსაკუთრებით 2020 წლის შემდეგ დაიწყო სირთულეების ახალი ტალღა და ზუსტად აქ იყო საჭირო გუნდის ერთიანობა. გახსოვთ საპარლამენტო არჩევნები, უმაღლესი საბჭოს არჩევნები და ამის შემდგომ პერიოდში. ძალიან რთული ბრძოლა გამოვიარეთ, ძალიან დიდი წნეხი იყო თითოეულ თქვენგანზე, თითოეულ ჩვენგანზე, მაგრამ ერთიანობით ეს პროცესებიც ღირსეულად გამოვიარეთ და შემდეგ, როდესაც უკვე ომი დაიწყო უკრაინაში, 2022 წლის შემდეგ, აქედან წამოვიდა სირთულეების ახალი ტალღა. ძალიან რთული ნაბიჯები იყო გადასადგმელი და ჩვენ, საბოლოო ჯამში, ჩვენი ერთიანობით გადავდგით ღირსეული ნაბიჯები და, საბოლოო ჯამში, მოვახერხეთ ჩვენი ქვეყნის დამშვიდება. დღეს, ქვეყანაში არის სიმშვიდე, არის მშვიდობა, ქვეყანა ვითარდება ეკონომიკურად და მთავარია, რომ ეს მონაპოვარი შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ. გარდა იმისა, რომ გუნდი იყო ერთიანი, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია ლიდერის როლი ამ ყველაფერში. მე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი იმ მიღწევებში, რაც აქვს ჩვენს გუნდს და ჩვენს ქვეყანას. უკან რომ გაიხედავ, უფრო ადვილი ჩანს რაღაცების სწორად გააზრება, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც იხედები უკან და ამ დროსაც კი რთულია რაღაცების გააზრება. როგორ გეგმავდა ეს ადამიანი ყველაფერს, როგორ ხვდებოდა, თუ რა იყო ყველაზე უკეთესი ქვეყნისთვის და გუნდისთვის. სწორედ მისი განსაკუთრებული, გამორჩეული სიბრძნის წყალობით, განსაკუთრებული გათვლების წყალობით, მოვახერხეთ წარმატების მიღწევა და ბატონ ბიძინას ამისთვის თითოეული ჩვენგანისგან და ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისგან, ვფიქრობ, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ზურაბ პატარაძემ პრემიერს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის. ,,წინ ყველას ნამდვილად ბევრი საქმე გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ჩვენს მეგობრებთან, იმ ადამიანებთან ერთად, ვისთანაც წლებია, ვმუშაობთ, საერთო საქმეში მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწევთ ,- განაცხადა მან.