ირაკლი კობახიძე: Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის მშენებლობის დაწყება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი საინვესტიციო გარემო არის სტაბილური, პროგნოზირებადი და მიმზიდველი ინვესტორებისთვის
By

ირაკლი კობახიძე: Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის მშენებლობის დაწყება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი საინვესტიციო გარემო არის სტაბილური, პროგნოზირებადი და მიმზიდველი ინვესტორებისთვის

ქობულეთში მრავალფუნქციური კომპლექსის Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ინვესტორი კომპანიების – ,,არქისა“ და „ნექსთის“ დამფუძნებლები ილია წულაია და კახა დევაძე, ასევე, Accor-ის ოპერაციების ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში არონ ლიბინსონი, ბიზნესსექტორისა და საერთაშორისო პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ირაკლი კობახიძემ ინვესტორებს პროექტის დაწყება მიულოცა და მასშტაბური ჩანაფიქრის წარმატებით განხორციელება უსურვა. ხაზი გაუსვა მსგავსი მასშტაბის პროექტების როლს ქვეყნის ეკონომიკის შემდგომ განვითარებაში და აღნიშნა, რომ ხელისუფლებისთვის ასეთი წამოწყებების მხარდაჭერა პრიორიტეტულია. მისი განმარტებით, ახალ საინვესტიციო პროექტებს შემოაქვს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტები, შედეგად, თვისებრივად უმჯობესდება რეგიონების ეკონომიკური ლანდშაფტი და საქართველოს მოქალაქეებისთვის იქმნება ახალი სამუშაო ადგილები.

„ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის ზრდა პირდაპირ აისახება უძრავი ქონების ბაზრის განვითარებაზე. ამ ფონზე ჩვენ ვხედავთ სრულიად ახალ დინამიკას – განვითარების პროცესი სულ უფრო მეტად მოიცავს ზღვისპირა რეგიონებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის თანაბარი განვითარებისთვის. დღეს უკვე ჩვენი სანაპირო ზოლი იქცა ახალი შესაძლებლობების სივრცედ იმ პროექტებისთვის, რომლებიც უმაღლესი კლასის სტუმარმასპინძლობას, დასვენებასა და საინვესტიციო ღირებულებას ერთ კონცეფციაში აერთიანებს. სწორედ ამ სტანდარტს პასუხობს ქობულეთის სანაპიროზე დაგეგმილი ეს პროექტი, რომლის ღირებულება 300 მილიონი დოლარია. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი ხორციელდება ბათუმიდან სულ რამდენიმე წუთის სავალზე, რაც ქობულეთს რეგიონის უმსხვილეს ტურისტულ ეკოსისტემაში აერთიანებს.

მისასალმებელია, რომ ამ წამოწყებაში გაერთიანდნენ სფეროს აღიარებული ლიდერები: ბაზრის წამყვანი ქართული კომპანია „არქი“, საერთაშორისო მასშტაბის ქართული დეველოპერი „ნექსთი“ და მსოფლიო გიგანტი – შვეიცარიული ბრენდი „Swissôtel-ი“. დარწმუნებული ვარ, ამ თანამშრომლობით ეს პროექტი ძალიან დიდი წარმატებით განხორციელდება.

პროექტის პარტნიორ კომპანია „არქის“ მიერ ბოლო პერიოდში დამყარებული უმსხვილესი საერთაშორისო თანამშრომლობა, – როგორებიცაა პარტნიორობა The Trump Organization-სა თუ საცხოვრებელი ფართების მსოფლიო ლიდერ BI Group-თან, ჩვენი ქვეყნის მიმართ მკაფიო ნდობის მორიგი სიგნალია. საქართველო მყარად მკვიდრდება საერთაშორისო საინვესტიციო რუკაზე, როგორც გამჭვირვალე და უსაფრთხო ეკონომიკური ცენტრი.

ჩვენ გამოვირჩევით მაღალი ეკონომიკური ზრდით. ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა შეადგენდა საშუალოდ 9.3%-ს და ეს ტენდენცია მიმდინარე წელსაც გრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანია მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება. ასეთი პროექტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ეკონომიკისა და ტურიზმის სექტორთა შემდგომ განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ხელისუფლება მაქსიმალურად დაუჭერს მხარს ბიზნესსექტორს ასეთი პროექტების განხორციელებაში, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასშტაბური საინვესტიციო პროექტი ქობულეთის საკურორტო ზონაში თანამედროვე ტურისტულ, საცხოვრებელ და რეკრეაციულ ინფრასტრუქტურას გააერთიანებს. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, მსგავსი მასშტაბის საინვესტიციო პროექტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.

„დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ქობულეთში დავიწყოთ მასშტაბური, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა. როდესაც ინვესტიციებზე ვსაუბრობთ, ეკონომიკის დივერსიფიკაცია ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. აღნიშნულ პროექტს ჩვენი რეგიონისა და ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მსგავსი მასშტაბის ინვესტიცია ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, ეკონომიკურ აქტივობასა და დამატებით შესაძლებლობებს ქობულეთისა და მთლიანად რეგიონისთვის. სასიხარულოა, რომ აჭარა სულ უფრო მეტად ხდება საერთაშორისო ინვესტორების ინტერესის ცენტრი და მზად ვართ თითოეულ მათგანთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის“,- აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

მთავრობის ინფორმაციით, დეველოპერული კომპანიები „არქი“ და „ნექსთი“ მსოფლიოში ცნობილ სასტუმრო ბრენდ Swissôtel-თან თანამშრომლობით, ქობულეთში პრემიუმკლასის სასტუმრო და საცხოვრებელ კომპლექსს ააშენებენ. Swissôtel Kobuleti Beach Resort-ი სამ შენობას მოიცავს და გააერთიანებს სასტუმროს, საცხოვრებელ და საინვესტიციო აპარტამენტებს, შიდა და გარე საცურაო აუზებს და სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურას. კომპლექსის საინვესტიციო მოცულობა 300 მილიონი აშშ დოლარია. სასტუმრო-რეზიდენციული კომპლექსის არქიტექტურულ კონცეფციაზე საერთაშორისო კომპანია Chapman Taylor-ის მადრიდის ოფისმა იმუშავა. პროექტი საერთაშორისო სასტუმრო ბრენდის, Swissôtel-ის სახელით განხორციელდება. Swissôtel Accor-ის საერთაშორისო სასტუმრო ბრენდია, რომელიც მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში 40-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს.

საზეიმო ცერემონიის დასასრულს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ინვესტორებმა პროექტის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადეს.

  • No Comments
  • ივნისი 4, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *