ირაკლი ფავლენიშვილი – მიხეილ სააკაშვილმა რატომ აირჩია ნანუკა ჟორჟოლიანი, ეს მიხეილ სააკაშვილმა უნდა განმარტოს
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატზე საუბრობენ. პარტიის წევრების განცხადებით, ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის გარდა, შეიძლება სხვა კანდიდატიც განიხილებოდეს.
„არ გამოვრიცხავ, თინა ბოკუჩავას ან სხვა ნებისმიერს ჰქონდეს მეორედ ან პირველად არჩევის შანსი, რადგან, ჯამში, დელეგატების ასარჩევია. გასაგებია, რომ მიხეილ სააკაშვილის სიტყვას დიდი ძალა აქვს, მაგრამ ნამდვილად შეიძლება, დაგვარწმუნოს სხვა კანდიდატმა“, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ფავლენიშვილი კანდიდატების არჩევის საკითხს.
მისი თქმით, ნანუკა ჟორჟოლიანს ლეგიტიმაცია სჭირდება მთელი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან.
„მიხეილ სააკაშვილმა რატომ აირჩია ნანუკა ჟორჟოლიანი, ეს მიხეილ სააკაშვილმა უნდა განმარტოს. ჩვენ შიგნით, არჩევნების დროს, შეიძლება გვყავდეს განსხვავებული კანდიდატურებიც და ყველას თავისი ახსნა ექნება. ამიტომაც, კონკრეტულ ადამიანებს უნდა ჰკითხოთ. არ მოერიდებიან. მგონია, ბატონმა მიხეილმაც აღნიშნა რაღაც თვისებები, რაც აქვს ნანუკა ჟორჟოლიანს, რაც მისთვისაც არის მნიშვნელოვანი – მისი სახალხოობა, მისი ეს სოციალური კაპიტალი, როდესაც შეუძლია ადამიანებთან მჭიდრო და კარგი ურთიერთობები დაამყაროს, ენერგიულია. ეს ის თვისებებია, რის გამოც ნანუკა ჟორჟოლიანი ამ ეტაპზე არის მიხეილ სააკაშვილის არჩევანი“, – აღნიშნა ფავლენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.