კანადის პარლამენტის სპიკერს მიაწოდეს ინფორმაცია „მოსკოვის მექანიზმის“ შესახებ
გვქონდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ეუთოში კანადის მისიის ხელმძღვანელთან. ეს არის ადამიანი, რომელიც შესაძლოა ხშირად ხვდება საქართველოსთან დაკავშირებული დეზინფორმაციის ქვეშ, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად კანადაში იმყოფება.
მისი თქმით, დელეგაციის წევრებმა მას მიაწოდეს ინფორმაცია „მოსკოვის მექანიზმის“ შესახებ.
„უზომოდ საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა კანადის პარლამენტის სპიკერთან. მივაწოდეთ ინფორმაცია საქართველოს მნიშვნელობაზე არა მხოლოდ ვიწრო რეგიონის გაგებით, არამედ მთლიანად, გეოპოლიტიკურ რუკაზე. მისი მხრიდან იყო საინტერესო კითხვები და დიდი დაინტერესება. იმ პირობებში, როდესაც მსოფლიო პოლიტიკური არქიტექტურა მნიშვნელოვნად იცვლება, ქვეყნები ეძებენ ახალ დასაყრდენს და პარტნიორებს. საქართველო ნამდვილად შეიძლება იყოს ასეთი დასაყრდენი პარტნიორი ჩვენს რეგიონში. ჩვენი შეხვედრების ფარგლებში, ასევე, გვქონდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ეუთოში კანადის მისიის ხელმძღვანელთან. ეს არის ადამიანი, რომელიც შესაძლოა ხშირად ხვდება ხოლმე საქართველოსთან დაკავშირებული დეზინფორმაციის ქვეშ, თუმცა ჩვენი მხრიდან მიწოდებული ინფორმაცია, მათ შორის იმ არასწორი „მოსკოვის მექანიზმის“ შესახებ, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იყო მისთვისაც“, – აღნიშნა წილოსანმა.