კაცი, რომელმაც მაჭახელას დრო შეუნახა
By

კაცი, რომელმაც მაჭახელას დრო შეუნახა

მაჭახელას ხეობა მხოლოდ თვალწარმტაცი ბუნებით არ გხიბლავს. ეს არის ადგილი, სადაც ყოველი ბილიკი, სოფელი და თითქმის ყოველი ოჯახი საკუთარ ისტორიას ინახავს, ისტორიას, რომელმაც ერთ დროს საზღვარი გაავლო და ადამიანები ერთმანეთისგან გაყო, მაგრამ ვერ შეძლო საერთო ფესვების, ტრადიციებისა და მეხსიერების წაშლა.

ამ ხეობაში სტუმრობისას ერთი განსაკუთრებული ადამიანი გავიცანი – რევაზ კახიძე, კაცი, რომელიც ნახევარი საუკუნეა, მაჭახელას ცხოვრებას კამერის ობიექტივში ინახავს. მის არქივში არა მხოლოდ ქორწილები და დღესასწაულები, არამედ რიგითი ადამიანების, ხეობის გამორჩეული მოღვაწეების, საზღვრის გაღმა დარჩენილი ქართველების ამბები და კადრებია, დღეს უკვე ისტორიულ დოკუმენტებად ქცეული.

1976 წლიდან დღემდე რევაზ კახიძე ოპერატორად მუშაობს. მის მიერ გადაღებულ მრავალ მასალას შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს დოკუმენტურ ფილმს „მაჭახელა და მაჭახლელები“, რომელიც ხეობის ისტორიას აცოცხლებს. როგორც თავად ამბობს, მისი ყველაზე დიდი სურვილია, მაჭახელას წარსული მომავალ თაობებს შეუნახოს და ამ საქმეში თავისი ერთი აგური დადოს.

ნახევარ საუკუნეზე მეტია, მაჭახელას ისტორიას აცოცხლებთ. როგორ დაიწყო ეს გზა?

– ყველაფერი ზურაბ ნაგერვაძის დამსახურებით დაიწყო. სწორედ მისი ინიციატივით შეიქმნა ჩვენს სოფელში ფოტო-ვიდეო სტუდია, სადაც თითქმის ყოველ საღამოს ვიკრიბებოდით. მან შეგვაყვარა ფოტოგრაფია. 22–24 წლის ვიყავი, როცა მივხვდი, რომ ეს საქმე ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდებოდა. სკოლის დასრულების შემდეგ, ჯარში გამიწვიეს და იქაც ფოტოგრაფიამ ბევრი რამ შემიცვალა, მძიმე ფიზიკურ შრომას გადამარჩინა. ხელფასს თითქმის მთლიანად ფირების შეძენაში ვხარჯავდი, რადგან მინდოდა, რაც შეიძლებოდა მეტი ისტორია შემენახა. 1978 წელს პირველი ქორწილი გადავიღე. მაშინ ვიდეო უხმო იყო, მოგვიანებით გავახმოვანეთ. იმ დროს ოჯახებს არ ჰქონდათ საშუალება, ეს ჩანაწერები სახლში შეენახათ, ამიტომ წლების განმავლობაში ბევრს საკუთარი ქორწილიც კი არ ჰქონდა ნანახი. დღეს, როცა ამ კადრებს ვპოულობთ და მათ შვილებსა და შვილიშვილებს ვაჩვენებთ, ყველაზე დიდი ბედნიერება სწორედ ეს არის.

საინტერესოა, რომელი იყო თქვენი პირველი კამერა, რა ტექნიკით დაიწყეთ მუშაობა და რა აპარატით იღებთ დღეს?

– ჩემი პირველი კამერა იყო „კვარცი“ , რომელიც 150 მანეთად შევიძინე. თავიდან 8-მილიმეტრიანი კამერით ვიღებდი, შემდეგ უკვე 16-მილიმეტრიანზე გადავედი. 1990 წელს ლვოვში შევიძინე ვიდეოკამერა, რომელიც იმ პერიოდში ბათუმში მხოლოდ ერთ ან ორ ადამიანს ჰქონდა. დღეს უკვე თანამედროვე, მაღალხარისხიანი ციფრული სატელევიზიო კამერით ვმუშაობ. ტექნიკა ბევრჯერ შეიცვალა, მაგრამ ჩემთვის მთავარი ყოველთვის ერთი იყო – მნიშვნელოვანი კადრები და ისტორიები შემენახა. სანამ ამის შესაძლებლობა მექნება, ამ საქმეს ერთგულად გავაგრძელებ.

როდის მიხვდით, რომ კამერით მხოლოდ ოჯახურ დღესასწაულებს კი არა, ისტორიის შენახვასაც ემსახურებოდით?

– ალბათ მაშინ, როცა ერთი შეხედვით ჩვეულებრივი კადრიც წლების შემდეგ ისტორიული მნიშვნელობის გახდა. ამიტომ დავიწყე ყველაფრის გადაღება – ხეობის დღესასწაულების, ცნობილი ადამიანების, სტუმრების, ხალხური ტრადიციების. გადავიღე დოკუმენტური ფილმი „მაჭახელა და მაჭახლელები“, რომელიც ამ ხეობის ისტორიას მოგვითხრობს. დღემდე ერთი მიზანი მამოძრავებს – მომავალ თაობებს დავუტოვო ის, რაც ჩვენმა თაობამ ნახა. მინდა მეც დავდო ჩემი პატარა აგური მაჭახელას ისტორიის შენარჩუნებაში.

თქვენს არქივში განსაკუთრებული ადგილი უკავია მწერალ იბრაიმ გორაძეს.

– იბრაიმ გორაძე მაჭახელას გამორჩეული მწერალი და საზოგადო მოღვაწე იყო. მისი ცხოვრების ისტორია საოცარია. 1937 წლის რეპრესიების დროს იძულებული გახდა, საქართველო დაეტოვებინა. მრავალი წლის შემდეგ, როცა სტამბოლში სუხიშვილების კონცერტს დაესწრო და იხილა ქართული ცეკვა, ემოციები ვერ შეიკავა – ფეხზე წამოდგა და ხმამაღლა დაიძახა: „გაუმარჯოს საქართველოს!“

შემდეგ სუხიშვილების დახმარებით, სამშობლოში დაბრუნდა, აქ იცხოვრა და აქვე დაასრულა ცხოვრება. მისი იუბილეც მაქვს გადაღებული და ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასი მასალაა.

რომელი კადრი გახსენდებათ ყველაზე ხშირად?

– ასეთი კადრი ბევრია, მაგრამ განსაკუთრებულად მახსენდება ზედა მაჭახელაში, თურქეთის მხარეს გადაღებული ქორწილი.

იმ პერიოდში ვიდეოკამერის იქ შეტანა თითქმის შეუძლებელი იყო. კამერა ჩანთაში დავმალე და ისე გადავიტანე საზღვარზე. რომ აღმოეჩინათ, შეიძლება ტექნიკაც წაერთმიათ და მეც სერიოზული პრობლემები შემქმნოდა. ყველაზე მეტად კი იქ მცხოვრებმა ქართველებმა გამაოცეს. საოცრად მღეროდნენ ქართულ სიმღერებს. როცა ვკითხე, როგორ სწავლობდნენ, მიპასუხეს: „რადიოთი ვუსმენთ და ასე ვიმახსოვრებთო.“

ეს პასუხი არასოდეს დამავიწყდება.

რას გრძნობთ, როცა საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები ქართველების ისტორიებს იღებთ?

– ყველაზე დიდი განცდა ის არის, რომ საზღვარმა ადამიანები გაყო, მაგრამ ვერ წაშალა მათი ქართული იდენტობა. მახსოვს, ჩვენებური მომღერალი ბაიარ შაჰინი ჰყვებოდა, დედის თხოვნით როგორ ადიოდა ხეზე, რომ საზღვრის აქით მცხოვრები ნათესავების ეზო დაენახა. დედა ეკითხებოდა: „გახედე, ბაღს ამუშავებენ? მოსავალი აქვთ?“ დღესაც, როცა ამ ისტორიებს ვიხსენებ, ვხვდები, რამდენად მნიშვნელოვანია მათი შენახვა.

თქვენთვის რას ნიშნავს კარგი კადრი?

– კარგი კადრი მხოლოდ ლამაზად გადაღებული სურათი არ არის.

ჯერ ადამიანი უნდა გაიცნო, მისი ხასიათი იგრძნო, გაიგო, რა არის მისთვის მნიშვნელოვანი. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლია ისეთი ისტორია შექმნა, რომელსაც წლების შემდეგაც სიამოვნებით ნახავენ.

ქორწილის გადაღება, მაგალითად, მხოლოდ ერთი დღის დაფიქსირება არ არის – ეს ოჯახის ისტორიის დასაწყისია.

მინდა თქვენს ოჯახზეც ვისაუბროთ. ვინ არიან ადამიანები, რომლებიც ამ გზაზე გვერდით გიდგანან?

– სამი ქალიშვილი მყავს და სამივე ჩემი დიდი სიამაყეა. უფროსი ვიდეოხელოვნებაში ძალიან კარგად ერკვევა. წლების განმავლობაში გვერდით მედგა, მეხმარებოდა და დღესაც მეხმარება საქორწილო ვიდეორგოლების დამონტაჟებაში. ახლაც, როცა რეკლამის გადაღება ან ვიდეოს დამუშავება გვჭირდება, ყოველთვის მისი იმედი მაქვს. დღეს მენეჯერად მუშაობს ბათუმში. შუათანა ქალიშვილი ბანკირია, უმცროსი – პროგრამისტი და თბილისში მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ საკუთარი პროფესია აირჩია, უფროსიც და უმცროსიც განსაკუთრებით ახლოს არიან ჩემს საქმესთან. დარწმუნებული ვარ, საჭიროების შემთხვევაში, კამერასაც თავისუფლად აიღებენ ხელში. ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა, რომ შვილები ჩემს საქმეს პატივს ცემენ და ყოველთვის გვერდით მიდგანან.

ოჯახის მხარდაჭერამ, ალბათ, იმაშიც შეგიწყოთ ხელი, რომ ტურიზმის სფეროშიც გადაგედგათ ნაბიჯი. როგორ გაჩნდავუდჰაიდისშექმნის იდეა?

– მაჭახელა წლების განმავლობაში სულ უფრო მეტ სტუმარს იზიდავდა. ადამიანებს აქ დარჩენა, ბუნების შეგრძნება და ადგილობრივი გარემოს გაცნობა სურდათ. სწორედ ამან მოგვცა ბიძგი მთელ ოჯახს, რომ ტურიზმშიც მოგვეკიდა ფეხი. კორონავირუსის პანდემიის დროს დავიწყეთ „ვუდჰაიდის“ კოტეჯების მშენებლობა. რთული პერიოდი იყო, მაგრამ არ გავჩერებულვართ. დღეს თითქმის ყოველდღე გვყავს სტუმრები. მე და ჩემი მეუღლე, ძირითადად, თავად ვმასპინძლობთ, შვილებიც აქტიურად გვეხმარებიან.

ყველაზე მეტად მიხარია, რომ ტურიზმის განვითარებასთან ერთად, ხეობაში ახალი შესაძლებლობები გაჩნდა, ადამიანები დასაქმდნენ და ბევრმა საკუთარ სოფელში მომავალი დაინახა. დღეს ტურისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან.

მაჭახელას წარსული კამერით შემოინახეთ. დღეს როგორი გსურთ იყოს ეს ხეობა და რა არის ის, რაც, თქვენი აზრით, ყველაზე მეტად სჭირდება?

– მაჭახელა ყოველთვის განსაკუთრებული ხეობა იყო და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო განვითარდება. ბოლო წლებში ტურიზმმა აქ ბევრი რამ შეცვალა – გაჩნდა საოჯახო სასტუმროები, რესტორნები, კოტეჯები, ადამიანები დასაქმდნენ, მიწასაც ფასი დაედო. მიხარია, რომ ახალგაზრდებს უკვე საკუთარ სოფელში დარჩენისა და მუშაობის შესაძლებლობა აქვთ, თუმცა განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურაც სჭირდება. ყველაზე მეტად მინდა, გზის პრობლემა მოგვარდეს, რადგან დღეს არსებული გზა უკვე ვეღარ უმკლავდება იმ რაოდენობის ავტომობილებს, რომლებიც ხეობაში მოძრაობენ. ასევე, მნიშვნელოვანია ელექტროენერგიის საკითხიც, რადგან ხშირია შეფერხებები.

ჩვენს ხეობაში დაახლოებით 600 ოჯახი ცხოვრობს. მინდა, მაჭახელა კიდევ უფრო განვითარდეს, მაგრამ ამავდროულად, შეინარჩუნოს ის, რაც ყველაზე ძვირფასია – თავისი ისტორია, ტრადიციები და ადამიანების განსაკუთრებული სითბო.

რა ხდის მაჭახელას გამორჩეულს და რას ეტყოდით ადამიანს, რომელსაც ეს ხეობა ჯერ არ უნახავს?

– მთელი საქართველო გამორჩეული და ლამაზია, მაგრამ მაჭახელას თავისი განსაკუთრებული ხიბლი აქვს. ვინც ერთხელ მაინც ამოვა, აღფრთოვანებული ბრუნდება. აქ მხოლოდ ულამაზესი ბუნება კი არ არის, არამედ დიდი ისტორია, მდიდარი კულტურა და ტრადიციებია, რომლებიც დღემდე ცოცხლობს. ეს ხეობა საუკუნეების განმავლობაში ინარჩუნებდა თავის იდენტობას. დაახლოებით 300 წელი აქ ოსმალები ბატონობდნენ, თუმცა მაჭახელაში მათი ჯარი არასოდეს მდგარა. ამას ერთი მიზეზიც ჰქონდა – მაჭახელას განთქმული თოფი. თითქმის ყველა ოჯახში იყვნენ ოსტატები, რომლებიც თოფებს ამზადებდნენ და სწორედ ამით შეინარჩუნა ხეობამ სიმტკიცე და თავისუფლების სული. მაჭახელა, ასევე, ცნობილია მეფუტკრეობით, ხალხური სიმღერებითა და ტრადიციებით. აქ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც დღემდე უფრთხილდებიან წინაპრების მემკვიდრეობას. მინდა, ვინც ჯერ არ ყოფილა მაჭახელაში, ერთხელ მაინც ეწვიოს ამ ხეობას. დარწმუნებული ვარ, აქედან მხოლოდ ლამაზი ხედებით კი არა, განსაკუთრებული ემოციებითა და ისტორიებითაც დაბრუნდება უკან.

თუ ერთ რჩევას მისცემდით ახალგაზრდა ოპერატორებსა და ფოტოგრაფებს, რა იქნებოდა ეს?

– ერთ რამეს ვეტყოდი – არასოდეს წაშალონ არქივი.

დღეს შეიძლება კადრი ჩვეულებრივი ჩანდეს, მაგრამ წლების შემდეგ, ის ისტორია გახდება. სწორედ ასე იქცა ჩემი მრავალი ჩანაწერი დღეს უნიკალურ მასალად. ტექნიკა იცვლება, კამერები ვითარდება, მაგრამ მთავარი ისევ ადამიანის თვალი და ისტორიის დანახვის უნარია.

რევაზ კახიძის არქივში დაცული თითოეული კადრი მხოლოდ ვიდეოჩანაწერი არ არის – ეს მაჭახელას ცოცხალი მეხსიერებაა. ათწლეულების განმავლობაში გადაღებული ისტორიები დღეს უკვე არა მხოლოდ ერთი ადამიანის ნამუშევარი, არამედ მთელი ხეობის საერთო მემკვიდრეობაა. სწორედ ამიტომ, მისი კამერის ობიექტივში შემონახული დრო მომავალ თაობებს კიდევ დიდხანს უამბობს მაჭახელას ხეობის ადამიანებზე, ტრადიციებსა და გაუტეხელ სულზე.

ნანა აბულაძე

 

  • No Comments
  • ივლისი 28, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *