კეთილმოწყობის სამუშაოები – ქობულეთში
ქობულეთის მუნიციპალიტეტში სკვერებისა და ადმინისტრაციული ცენტრების კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას ქობულეთის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სოფლებში – გვარაში, ციხისძირში, ქვედა აჭყვასა და ე.წ. ლიმონტრესტის დასახლებაში ადმინისტრაციული ცენტრების კეთილმოწყობა უკვე განხორციელდა. ტერიტორიებზე დაიგო დეკორატიული ფილები, განთავსდა საპარკე ინფრასტრუქტურა და დამონტაჟდა გარე განათების სისტემა.

მიმდინარე წელს კიდევ 3 ადმინისტრაციული ცენტრის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.
მემედ აბაშიძის ქუჩაზე სკვერის მოწყობის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ტერიტორიაზე მოეწყო სხვადასხვა დანიშნულების სივრცე -საბავშვო ატრაქციონები, სავარჯიშო და დასასვენებელი ადგილები, ფანჩატურები. სამომავლოდ დაგეგმილია სკვერში არსებული სპორტული მოედნის რეაბილიტაციაც.
სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს კაიკაციშვილის ქუჩაზეც, სადაც პარალელურად ჩოგბურთის კორტები ეწყობა.
განხორციელებულ და მიმდინარე სამუშაოებს ქობულეთის მერი ირაკლი ცეცხლაძე, საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჟღენტთან ერთად, გაეცნო.