ლუკა შანთაძე კარატეში მსოფლიოს ჩემპიონია
რუმინეთში დასრულდა მე-14 მსოფლიო ჩემპიონატი კარატეში, რომელიც მსოფლიოს გაერთიანებული კარატეს ფედერაციის ეგიდით გაიმართა. ტურნირი ყველა ასაკობრივ და წონით კატეგორიაში ჩატარდა და 47 ქვეყნის ორი ათასზე მეტმა სპორტსმენმა იასპარეზა. საქართველოს ღირსებას ექვსი სპორტსმენი იცავდა.
18-20 წლის ასაკის სპორტსმენთა შორის საუკეთესოდ იასპარეზა ბათუმელმა ლუკა შანთაძემ, რომელმაც აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ყველა მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა და ოქროს მედალი დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ ლუკამ 84 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც იბრძოლა და აქ ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.
ლუკა შანთაძე საქართველოს ჩემპიონი, WUKF – ის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონად არაერთი სხვა საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია.
საქართველოს ნაკრები, რომლის შემადგენლობაში ლუკა შანთაძე, მერაბ ლომაძე და გიგი ქედელიძე იყვნენ, წარმატებით გამოვიდა გუნდურ ასპარეზობაში კუმიტეშიც და 47 ქვეყანას შორის მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა.
მსოფლიო ჩემპიონატზე მედლებისთვის ასევე იბრძოდნენ თაია ფუტკარაძე, სანდრო იაკობაძე და ესმა რასულოვა. მართალია, მათ რამდენიმე წრე წარმატებით გაიარეს, მაგრამ ამჯერად საპრიზო ადგილების გარეშე დარჩნენ.
– ძალიან რთული შეხვედრები მქონდა. ყველაზე მეტად გამოვარჩევდი ფინალს, სადაც იტალიელს შევხვდი. რაც შეეხება გუნდურს, აქ რუმინელებთან გვქონდა რთული შეხვედრა, მათ მოვუგეთ, მაგრამ ნახევარფინალში არ გაგვიმართლა, სადაც ინგლისის არანაკლებ ძლიერ გუნდს შევხვდით და დავმარცხდით. მაინც ვფიქრობ, რომ ცუდი შედეგი არ გვიჩვენებია, – თქვა ლუკა შანთაძემ.
– ძალიან გაგვახარა ლუკამ – მან აბსოლუტურ წონაში პირველი, ხოლო თავის წონაში მესამე ადგილი დაიკავა. რა თქმა უნდა, ცუდი შედეგი არ არის, რადგანაც მსოფლიო ჩემპიონატზე სუსტი სპორტსმენები არ გამოდიან. ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ლუკამ გასულ წელს სერიოზული ტრავმა მიიღო და ინტენსიურად მხოლოდ ერთი-ორი თვე ივარჯიშა. გვქონდა ამხანაგური შეხვედრები, შეკრებები, რამაც დადებითი შედეგი გამოიღო, – გვითხრა საქართველოს გაერთიანებული კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, ლუკა შანთაძის პირადმა მწვრთნელმა გოჩა სურმანიძემ.
მანანა ძიძიშვილი