By

 მზერა ეტლზე ჩერდება, მისი მიზნები კი წინ მიიწევს…

ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი 34 წლის ლალი მენაღარიშვილია, რომელიც 18 წლის ასაკში, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, სრულიად ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. ავარიის გამო ეტლით მოსარგებლე გახდა, თუმცა სირთულეებს არ დანებდა, ცხოვრება განაგრძო, ისწავლა, დასაქმდა და დღეს შემდგარი პიროვნებაა. მან დაამტკიცა, რომ შეზღუდული შესაძლებლობა არ ნიშნავს შეზღუდულ ცხოვრებას.
– ცხოვრება ავარიამდე…
– აქტიური და ბედნიერი მოზარდი ვიყავი. 18 წლის გავხდი სავსე ოცნებებით, გეგმებითა და იმედებით. ბევრი რამ მაინტერესებდა, მსურდა მესწავლა, მემუშავა და დამოუკიდებლად მეცხოვრა. მაშინ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს ჩემი ცხოვრება ასე რადიკალურად შეიცვლებოდა. როცა უკან ვიხედები, ვხვდები, რომ მაშინდელი ენერგია და სიცოცხლის სიყვარული ჩემში დღემდე დარჩა და სწორედ ეს დამეხმარა ყველა სირთულის გადალახვაში.
გაიხსენეთ დღე, როცა, ავარიის შემდეგ, რეალობას თვალი გაუსწორეთ…
– ეს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ემოციური პერიოდი იყო. თავიდან ძალიან გამიჭირდა რეალობის აღიარება. მქონდა შიში, გაურკვევლობა, უამრავი შეკითხვა. ვფიქრობდი, როგორი იქნებოდა ჩემი მომავალი და შევძლებდი თუ არა ჩვეულებრივად ცხოვრების გაგრძელებას. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ მიუხედავად  არსებული მდგომარეობისა, ჩემი ცხოვრება არ დასრულებულა. მაშინ გადავწყვიტე, არ დავნებებულიყავი და ყველაფერი გამეკეთებინა  საკუთარი გზის საპოვნელად.
როგორ შეცვალა ავარიამ თქვენი ყოველდღიურობა?
– თითქმის ყველაფრის თავიდან სწავლა მომიწია. ყველაზე მარტივი ყოველდღიური მოქმედებებიც კი ახალ გამოწვევებად იქცა. საჭირო იყო გარემოსთან და ახალ რეალობასთან შეგუება, თუმცა დროთა განმავლობაში ვისწავლე, როგორ მეპოვა გამოსავალი სხვადასხვა სიტუაციაში. დღეს ჩემი ყოველდღიურობა ისეთივე დატვირთული და საინტერესოა, როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანის.
– ვინ არის თქვენი ყველაზე დიდი მხარდამჭერი ამ გზაზე?
– ჩემი ოჯახი და მეგობრები. მათი მხარდაჭერის გარეშე ეს გზა ბევრად რთული იქნებოდა. არასდროს მიგრძნია მარტო ყოფნა. ყოველთვის მყავდა ადამიანები, რომლებსაც ჩემი სჯეროდათ მაშინაც კი, როცა თავად მიჭირდა საკუთარი თავის რწმენა. მათი სიყვარული, თანადგომა და გამხნევება ჩემთვის უდიდესი ძალა იყო და არის.
– როგორ გახსენდებათ პირველი დღეები, როცა საზოგადოებაში ეტლით გამოჩნდით?
– პირველ დღეებში ძალიან ვნერვიულობდი. მაინტერესებდა, როგორ შემომხედავდნენ ადამიანები და რა რეაქცია ექნებოდათ. ზოგი ზედმეტი სიბრალულით მიყურებდა, ზოგიც ინტერესით თუმცა დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი დამოკიდებულებაა საკუთარი თავის მიმართ. საკუთარ შესაძლებლობებს როცა აფასებ და თავში დარწმუნებული ხარ, საზოგადოების დამოკიდებულებაც ნელ-ნელა იცვლება.
გახსოვთ შემთხვევა, როცა უცნობი ადამიანის მხარდაჭერა განსაკუთრებულად დაგამახსოვრდათ?
– დიახ, არაერთხელ ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა სრულიად უცნობ ადამიანს დახმარება შემოუთავაზებია იქ, სადაც ეს მართლაც მჭირდებოდა. ზოგჯერ ერთი თბილი სიტყვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ დღე გაგილამაზდეს. ასეთ მომენტებში ხვდები, რომ სიკეთე ჯერ კიდევ არსებობს და ადამიანებს ერთმანეთის მხარდაჭერა შეუძლიათ.
საკუთარი გამოცდილებით, რამდენად ადაპტირებულია გარემო შშმ პირების საჭიროებებზე?
– ბოლო წლებში პროგრესი ნამდვილად შესამჩნევია, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა. არსებობს ადგილები, სადაც გადაადგილება შესაძლებელია, მაგრამ არის უამრავი სივრცე, სადაც ეტლით მოსარგებლე ადამიანს დამოუკიდებლად შესვლა ან გადაადგილება უჭირს.
რამდენად მნიშვნელოვანია ადაპტირებული გარემო შშმ პირების განათლებისა და დასაქმებისთვის?
– ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა განათლებისა და დასაქმებისთვის. თუ ადამიანს ფიზიკურად არ აქვს შესაძლებლობა, მივიდეს სასწავლებელში ან სამუშაო ადგილზე, მაშინ მისი პოტენციალის სრულად რეალიზებაც რთულდება. როდესაც გარემო ხელმისაწვდომია, შშმ პირებსაც ეძლევათ შესაძლებლობა, სრულფასოვნად ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
– რას უნდა მიაქციოს ხელისუფლებამ მეტი ყურადღება?
– მნიშვნელოვანია, მეტი რესურსი დაიხარჯოს ადაპტირებული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, განათლებაზე, დასაქმების ხელშეწყობასა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაზე. საჭიროა ისეთი გარემოს შექმნა, სადაც შშმ პირებს არ მოუწევთ მუდმივად დამატებითი ბარიერების გადალახვა. თავისუფალი გადაადგილება ყველა ადამიანის უფლებაა.
– როგორ ფიქრობთ, დღეს უფრო დიდი ბარიერი ფიზიკური გარემოა თუ შშმ პირების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება?
– ორივე მნიშვნელოვანი პრობლემაა, თუმცა ხშირად საზოგადოების დამოკიდებულება უფრო რთულ ბარიერად მეჩვენება. ადამიანი მხოლოდ შეზღუდვას თუ ხედავს და არა შესაძლებლობებს, ეს დამატებით სირთულეებს ქმნის. მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა შშმ პირები საზოგადოების თანასწორ წევრებად აღიქვან და არამხოლოდ დახმარების საჭიროების მქონე ადამიანებად.
– როგორც ვიცით, კოლეჯში სწავლობდით და დაეუფლეთ მანიკურის სპეციალისტის საქმიანობას. რა გამოწვევები შეგხვდათ სწავლისას?
– სწავლის პერიოდში იყო როგორც ფიზიკური, ისე ემოციური გამოწვევები. ზოგჯერ რთულდებოდა  გადაადგილება და გარემოსთან ადაპტირება, თუმცა დანებებაზე არასდროს მიფიქრია. მინდოდა, პროფესია შემესწავლა და საკუთარი შესაძლებლობები დამემტკიცებინა. საბოლოოდ, ეს შრომა დაფასდა და დღეს ძალიან მიხარია, რომ მაშინ ეს გადაწყვეტილება მივიღე.
როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება დასაქმების შემდეგ?
– მომცა დამოუკიდებლობის, თავდაჯერებულობისა და თვითრეალიზაციის განცდა. საკუთარი შემოსავალი ადამიანს დამატებით თავისუფლებას აძლევს. განსაკუთრებით სასიამოვნოა, როცა აკეთებ საყვარელ საქმეს და ხედავ, შენი შრომა შედეგს იძლევა.
როგორც ახსენეთ, მართავთ ავტომობილს. როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც ავტომობილის მართვა დაიწყეთ?
– ყოველთვის მინდოდა მაქსიმალურად დამოუკიდებელი ვყოფილიყავი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ავტომობილის მართვის სწავლა. ჩემი ავტომობილი სპეციალურად ადაპტირებულია ხელის გაზითა და მუხრუჭით, რაც საშუალებას მაძლევს, დამოუკიდებლად ვიმოძრაო. მანქანის მართვამ ჩემი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა. აღარ ვარ დამოკიდებული სხვებზე, შემიძლია თავად დავგეგმო დღე და მივიდე იქ, სადაც მსურს.
– რას ნიშნავს თქვენთვის დამოუკიდებლად გადაადგილების შესაძლებლობა?
– არჩევანის უფლებას, თავისუფლებას, დამოუკიდებლობასა და საკუთარი ცხოვრების მართვას. როცა შეგიძლია თავად გადაწყვიტო, სად წახვიდე და როდის, ეს უზარმაზარ მნიშვნელობას იძენს.
რომ არა თქვენი სიძლიერე და მიზანდასახულობა…
– სირთულეებს ბევრად უფრო ძნელად გავუმკლავდებოდი. სწორედ მიზანდასახულობამ და საკუთარი თავის რწმენამ მომცა საშუალება, არ გავჩერებულიყავი. დღეს ვამაყობ იმ გზით, რომელიც გავიარე და იმით, რომ გამოწვევებმა ვერ შემაჩერა.
– რა გაძლევთ ყველაზე დიდ მოტივაციას, რომ წინ იაროთ?
– ჩემი ცხოვრება, მიზნები და ადამიანები, რომლებიც ჩემ გვერდით არიან. მაძლიერებს იმის გაცნობიერება, რომ ყოველდღე შემიძლია რაღაც ახალი ვისწავლო, განვვითარდე და საკუთარ თავს კიდევ ერთხელ დავუმტკიცო, რომ შეუძლებელი არაფერია. ამ ყველაფერში ძალიან დიდ როლს ასრულებენ ჩემი მეგობრები.
რატომაა მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოებამ შეცვალოს დამოკიდებულება შშმ პირების მიმართ?
– იმიტომ, რომ სწორედ დამოკიდებულება ქმნის შესაძლებლობებს ან ბარიერებს. საზოგადოება თანასწორობის პრინციპით რომ ცხოვრობს, ყველას ეძლევა საკუთარი პოტენციალის რეალიზების შანსი. ეს არა მხოლოდ შშმ პირებისთვის, არამედ მთელი საზოგადოების განვითარებისთვისაა მნიშვნელოვანი.
– რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა თქვენს გზას გადიან?
– ვეტყოდი, რომ მათი გრძნობები სრულიად ბუნებრივია და დრო სჭირდება ახალი რეალობის მიღებას. შესაძლოა შეიცვალოს გზა, რომელსაც გაივლი, მაგრამ მიზნები, ოცნებები და ბედნიერების შესაძლებლობა ისევ შენთანაა. მეც ოდესღაც ძალიან რთულ მდგომარეობაში ვიყავი, მაგრამ დღეს მაქვს საყვარელი საქმე, საკუთარი შემოსავალი, ვმართავ ავტომობილს და დამოუკიდებლად ვცხოვრობ. ამიტომ, არასოდეს უნდა დაკარგოთ იმედი. ზოგჯერ ყველაზე რთული პერიოდი სწორედ იმ ახალი ცხოვრების დასაწყისია, რომელიც მომავალში ყველაზე დიდ გამარჯვებად იქცევა.
– რა არის თქვენი მთავარი გზავნილი საზოგადოებისთვის?
– მინდა, ადამიანებმა გაიგონ, რომ შეზღუდული შესაძლებლობა არ ნიშნავს შეზღუდულ ცხოვრებას. ყველა ადამიანს აქვს საკუთარი შესაძლებლობები, ოცნებები და მიზნები. მნიშვნელოვანია, ერთმანეთი თანასწორად მივიღოთ და შესაძლებლობებზე გავამახვილოთ ყურადღება. მინდა საზოგადოების იმ ნაწილს ვუთხრა, რომელიც შშმ პირებს სტერეოტიპულად უყურებს, რომ სანამ ადამიანის შესაძლებლობებს შეაფასებენ, ჯერ თავად ადამიანი უნდა გაიცნონ. შშმ პირები არ განისაზღვრებიან მხოლოდ დიაგნოზით ან ეტლით. ჩვენ გვაქვს პროფესია, ინტერესები, მიზნები, ოცნებები, როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანს.

თამარ ლამპარაძე

  • No Comments
  • ივნისი 8, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *