მობილიარდეების დიდი წარმატება
გვესაუბრება აჭარის ბილიარდის ფედერაციის პრეზიდენტი, საქართველოში კლასიკური ბილიარდის მიმართულების ხელმძღვანელი თემურ კახიძე:
– ეს წელი განსაკუთრებული წარმატებებით დავიწყეთ. საუბარი მხოლოდ წლევანდელ შედეგებზე მექნება. პირველივე ღონისძიებაზე ჩვენმა გუნდის ლიდერმა გიორგი დიმიტრაძემ პრაღაში გამართულ საერთაშორისო ტურნირში მიიღო მონაწილეობა, ეს არის EEBC-ის პირამიდა, სადაც გიორგიმ პირველი ადგილი აიღო, ხოლო მეორე ქართველი რვა საუკეთესოში მოხვდა, ანუ ორი მონაწილე გვყავდა და ორივემ წარმატებით იასპარეზა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა საერთაშორისო შეჯიბრებაზე ქართველმა მობილიარდემ ოქროს მედალი დაისაკუთრა. მანამდე ასეთი წარმატება არ გვქონია. წელსვე, საქართველოს პირველობაზე გიორგი დიმიტრაძემ დიდი წარმატებით იასპარეზა და ოქროს მედალი მოიპოვა, ამას გარდა, კარგად იასპარეზეს ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში ლაშა გიგაურმა (თელავი) და ნუგზარ თებიძემ (ბათუმი). ნუგზარმა მხოლოდ ფინალი წააგო და ვერცხლის მედალი დაისაკუთრა. ეს პირამიდაში ევროპის თასის ერთ-ერთი ეტაპი გახლდათ. შემდეგი ღონისძიება სულ ახლახან ჩატარდა. საქართველოს ნაკრები გუშინ ვარშავიდან დაბრუნდა, სადაც სენიორებში ევროპის ჩემპიონატი ტარდებოდა… აქვე აღვნიშნავ, რომ „პულისტები“ გდანსკში გაემგზავრნენ, „პირამიდის“ წარმომადგენლები ვარშავაში დავრჩით, სადაც ევროპის ჩემპიონატი ტარდებოდა (40+ ). ამ ჩემპიონატზე განსაკუთრებით წარმატებული საქართველოს ნაკრების გამოსვლა იყო – ჯერ ყველა წარმომადგენელი მოხვდა მე-16-ედ ფინალში, შემდეგ მე-8-ედ ფინალში სამი გადავიდა, მეოთხედფინალში ორი მონაწილე გვყავდა, საბოლოოდ, ერთ-ერთმა, საერთაშორისო კლასის ოსტატმა პაატა ხმალაძემ იმარჯვა – მოიგო ფინალი და სენიორთა შორის პირამიდაში ევროპის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. ესეც პირველი შემთხვევაა. პარალელურად, ქალაქ გდანსკში მიმდინარეობდა ბალტიის საერთაშორისო ფესტივალი, სადაც წარმატებით იასპარეზა ახალგაზრდა დამწყებმა პულისტმა ლევან კიკალიშვილმა, რომელმაც იუნიორთა ჩემპიონატი მოიგი და პირველ ადგილს დაეუფლა. წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს გიორგი დიმიტრაძის ასპარეზობაც, რომელიც 8 საუკეთესოში გავიდა. მას საპრიზო ადგილამდე ერთი ნაბიჯი ჰქონდა დარჩენილი, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს პულისტთან წააგო. კარგად იასპარეზა ბართუმელმა პულისტმა ლაშა მოდებაძემ, რომელმაც უკრაინელ იგორ დონინთან ერთად, წყვილთა ტურნირში მესამე ადგილი დაისაკუთრა. საბოლოო ჯამში, ჩვენი ნაკრების გამოსვლა (როგორც საქართველოს, ისე აჭარის ნაკრებსაც ვგულისხმობ) იყო ძალიან წარმატებული.
ამჟამად მობილიარდეები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელსაც ივლისში ბაქო უმასპინძლებს. მანამდე, 12-14 ივნისს, თბილისში საქართველოს ჩემპიონატზე თავისუფალ პირამიდაში იასპარეზებენ, სწორედ აქ შეირჩევიან ის მობილიარდეები, რომლებიც 4 ივლისს ბაქოში, ევროპის ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.
მანანა ძიძიშვილი