მოლაშქრე გიდების გადამზადება ივლისის ბოლოს დასრულდება
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მხარდაჭერით, რეგიონში, დაცული ტერიტორიების მიმართულებით, გიდების გადამზადება მიმდინარეობს.
უწყების ინფორმაციით, პრაქტიკულ ტრენინგზე, მოლაშქრე გიდებმა მტირალას ეროვნულ პარკში, ცივწყაროს ტურისტული ბილიკი დალაშქრეს.
ცივწყაროს 16-კილომეტრიან მარშრუტზე გიდებს საშუალება ჰქონდათ კოლხურ ტყეში ემოგზაურათ და ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნებას გასცნობოდნენ.
გიდები პრაქტიკული, საველე გასვლების ფარგლებში, ასევე სტუმრობდნენ ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს, მაჭახელას, მტირალასა და კინტრიშის ეროვნულ პარკებს, ბათუმისა და ალპურ ბოტანიკურ ბაღებს, სადაც ადგილზე გაეცნენ იქ არსებულ ბუნებრივ რესურსებს, ტურისტულ პროდუქტებს, ბილიკებს, სერვისებსა და ინფრასტრუქტურას.
მოლაშქრე გიდების გადამზადება მაისის ბოლოს დაიწყო და ივლისის ბოლოს დასრულდება.