„მსოფლიო ახალი გეოპოლიტიკური რეალობის ფორმირების პროცესშია“
By

„მსოფლიო ახალი გეოპოლიტიკური რეალობის ფორმირების პროცესშია“

რუსეთ-უკრაინის ომი მეხუთე წელია მიმდინარეობს და ცხადია, გარკვეული დასკვნების გაკეთება შეიძლება – უკრაინამ შეძლო არა მხოლოდ გამკლავებოდა რუსეთს, არამედ მის ტერიტორიაზეც განეხორციელებინა სამხედრო დარტყმები სტრატეგიულ ობიექტიებზე, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი დასავლეთმა შეიტანა შეიარაღების და სადაზვერვო ინფორმაციების მიწოდების თვალსაზრისით. სადავო არ არის, რომ როგორი შედეგითაც დასრულდება ომი უკრაინაში, ისეთივე იქნება საერთაშორისო წესრიგი და პატარა ქვეყნების უსაფრთხოებაც. ამიტომ ანალიტიკოსების თქმით, დასავლეთი არ დაუშვებს უკრაინის მარცხს, რაც ამ ომის მეხუთე წლისთავზე თვალნათელია. ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება ანალიტიკური ორგანიზაცია PoLitico EoroPe-ს ანალიტიკოსი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი ნიჟარაძე.
რუსეთ-უკრაინის ომის მეხუთე წელს, რა ძირითადი სამხედრო და პოლიტიკური დასკვნების გამოტანა შეიძლება?
– რუსეთ-უკრაინის ომმა მთლიანად შეცვალა წარმოდგენა თანამედროვე ომზე. თუ ადრე გადამწყვეტად ითვლებოდა ტანკების რაოდენობა და ცოცხალი ძალა, დღეს ვხედავთ, რომ გამარჯვებას სულ უფრო მეტად განსაზღვრავს ტექნოლოგია, დრონები, ინოვაციები და ეკონომიკური მდგრადობა. თანამედროვე ომის ბედი უკვე მხოლოდ ფრონტის ხაზზე აღარ წყდება, მას განსაზღვრავს სახელმწიფოს უნარი, სამხედრო ძალა ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ და პოლიტიკურ უპირატესობად აქციოს.
პოლიტიკური თვალსაზრისით ეს კონფლიქტი უკვე დიდი ხანია გასცდა მხოლოდ რუსეთსა და უკრაინას შორის დაპირისპირებას. დღეს წყდება, როგორი იქნება ევროპის უსაფრთხოების სისტემა მომდევნო ათწლეულებში და რამდენად ეფექტიანად შეუძლია საერთაშორისო თანამეგობრობას აგრესიის შეკავება. ვფიქრობ, ეს ომი XXI საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ გარდატეხად დარჩება.
როგორც ცნობილია, რუსეთი სამ დღეში აპირებდა კიევის აღებას, მაგრამ ვხედავთ, რომ უკრაინამ არა მხოლოდ შეძლო, გამკლავებოდა რუსულ არმიას, არამედ უკვე რუსეთის ტერიტორიაზე ანადგურებს ნავთობსადენ და ენერგეტიკულ ობიექტებს. ეს რისი მანიშნებელია?
– დიახ, ეს პირველ რიგში, მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის თავდაპირველი სამხედრო გათვლა ვერ განხორციელდა. 2022 წელს საუბარი იყო კიევის რამდენიმე დღეში დაკავებაზე, დღეს კი უკრაინა თავად ახორციელებს სისტემურ დარტყმებს რუსეთის სიღრმეში. ბოლო კვირებში უკრაინამ დაარტყა „ტრანსნეფტის“ ნავთობის სადგურს ვორონეჟში, ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებს ვოლგოგრადის, სლავიანსკისა და იაროსლავის მიმართულებით. ამ ოპერაციებმა უკვე შექმნა საწვავის დეფიციტი, ბენზინის შეზღუდვები და რიგები ავტოგასამართ სადგურებთან როგორც ყირიმში, ისე რუსეთის რამდენიმე რეგიონში. ეს ნიშნავს, რომ უკრაინა დღეს ცდილობს არა მხოლოდ ფრონტზე, არამედ რუსეთის სამხედრო-ეკონომიკურ შესაძლებლობებზეც მოახდინოს ზეწოლა. ომი აღარ არის მხოლოდ ტერიტორიებისთვის ბრძოლა – ის რესურსების, ლოგისტიკისა და ეკონომიკური გამძლეობის ბრძოლად იქცა.
თქვენი შეფასებით, რა როლი ითამაშა უკრაინელი ხალხის წინააღმდეგობის უნარმა და უკრაინის არმიამ ომის დღევანდელ ეტაპამდე მსვლაში?
– ვფიქრობ, უკრაინის წინააღმდეგობის მთავარი საფუძველი სწორედ ხალხის სიმტკიცე და ერთიანობა იყო. ომის პირველ დღეებში, როდესაც ბევრი უკრაინის სწრაფ დაცემას ელოდა, სწორედ საზოგადოების წინააღმდეგობის უნარმა ჩაშალა რუსეთის გეგმა. ამან უკრაინას ყველაზე მნიშვნელოვანი მისცა – დრო, რომ არმიას გადაჯგუფება, გაძლიერება და თანამედროვე დასავლური შეიარაღების ათვისება მოეხერხებინა. დღეს უკრაინის არმია უკვე ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და პროფესიონალური სამხედრო ძალაა. რეალური საბრძოლო გამოცდილების თვალსაზრისით, ის ნატოს არაერთ წევრ ქვეყანასაც კი აღემატება. მეტიც, უკრაინის არმიამ ძალიან სწრაფად შეძლო ტრანსფორმაცია. მან დასავლური ტექნიკა, დაზვერვა და ახალი საბრძოლო ტაქტიკა ეფექტიანად აითვისა, ხოლო დრონების გამოყენებაში დღეს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ არმიად მიიჩნევა. თუ 2022 წელს უკრაინა გადარჩენისთვის იბრძოდა, დღეს უკვე თავად ცვლის ომის წესებს და ინიციატივას სულ უფრო ხშირად საკუთარ ხელში იღებს.
რამდენად გადამწყვეტი აღმოჩნდა უკრაინისთვის დასავლეთის მხრიდან სამხედრო, ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა?
– ვფიქრობ, დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე უკრაინა რუსეთს ამ მასშტაბის წინააღმდეგობას, პრაქტიკულად, ვერ გაუწევდა. საუბარია არა მხოლოდ მილიარდობით დოლარის სამხედრო დახმარებაზე, არამედ თანამედროვე საჰაერო თავდაცვაზე, შორი მოქმედების რაკეტებზე, დაზვერვასა და ფინანსურ რესურსებზე, რომლებმაც სახელმწიფოს ფუნქციონირების შესაძლებლობა შეუნარჩუნა,
თუმცა ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაც უნდა აღინიშნოს – დასავლეთმა უკრაინას მისცა ინსტრუმენტები, მაგრამ ამ ინსტრუმენტების ეფექტიანად გამოყენება თავად უკრაინამ შეძლო. ვფიქრობ, სწორედ ამან განაპირობა ის, რომ დღეს უკრაინა უკვე მხოლოდ თავდაცვაზე აღარ საუბრობს და რუსეთის სიღრმეშიც ახორციელებს ოპერაციებს. ამასთან, ბოლო წლებში უკრაინამ მნიშვნელოვნად განავითარა საკუთარი სამხედრო წარმოებაც. დღეს ის უკვე თავად აწარმოებს „ნეპტუნის“ ტიპის რაკეტებს, შორი მოქმედების დრონებსა და სხვა შეიარაღებას. თუ ომის დასაწყისში ეს ქვეყანა თითქმის სრულად იყო დამოკიდებული დასავლურ დახმარებაზე, დღეს ის უკვე საკუთარ სამხედრო-სამრეწველო პოტენციალსაც სწრაფად აძლიერებს, რაც მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული უპირატესობა გახდა.
ვხედავთ იმსაც, რომ უკრაინამ ყირიმი, ფაქტობრივად, იზოლაციაში მოაქცია. თუ კიევი ამ რეგიონის განთავისუფლებას შეძლებს, მოვლენების როგორ განვითარებას ელოდებით?
– ყირიმი რუსეთისთვის მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორია აღარ არის, ის შავი ზღვის სამხედრო ცენტრი და სამხრეთის ფრონტის მთავარი ლოგისტიკური კვანძია. სწორედ ამიტომ უკრაინა დღეს ცდილობს არა მხოლოდ ყირიმზე შეტევას, არამედ მის ეტაპობრივ იზოლაციას.
ბოლო კვირებში ვიხილეთ დარტყმები ქერჩის მიმართულებით ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, ნავთობის საცავებსა და მომარაგების ხაზებზე. შედეგად, ყირიმში დროებით შეჩერდა საწვავის თავისუფალი გაყიდვა, შეიქმნა ბენზინის დეფიციტი, გაჩნდა რიგები ავტოგასამართ სადგურებთან, ხოლო სევასტოპოლში ელექტროენერგიის შეზღუდვებიც დაწესდა. ეს უკვე აჩვენებს, რომ უკრაინა ცდილობს რუსეთისთვის ყირიმის შენარჩუნება მაქსიმალურად ძვირი გახადოს.
თუ მომავალში უკრაინა შეძლებს ყირიმზე კონტროლის აღდგენას, ეს იქნება არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკური გარდატეხაც. ასეთ შემთხვევაში რუსეთი მნიშვნელოვნად დაკარგავს შავი ზღვის რეგიონში მოქმედების შესაძლებლობას და მისი პოზიციები სამხრეთის ფრონტზეც სერიოზულად შესუსტდება.
არის თუ არა უკრაინა სამხედრო გამარჯვების ზღურბლზე?
– მე ვფიქრობ, დღეს გამარჯვება მხოლოდ დაკავებული ტერიტორიების დაბრუნებით აღარ იზომება. თუ 2022 წელს მთავარი ამოცანა სახელმწიფოს გადარჩენა იყო, დღეს უკრაინა უკვე ახერხებს ომის რუსეთის ტერიტორიაზე გადატანას და მის სამხედრო-ეკონომიკურ რესურსებზე პირდაპირ ზემოქმედებას. ამავე დროს, უნდა ითქვას, რომ ომი კვლავ რთულ ფაზაშია. რუსეთი ჯერ კიდევ ფლობს მნიშვნელოვან სამხედრო რესურსებს, ამიტომ უკრაინის სრულ სამხედრო გამარჯვებაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ერთი რამ უკვე აშკარაა – ოთხი წლის წინ რუსეთი კიევის აღებაზე საუბრობდა, დღეს კი საკუთარ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და სამხედრო აეროდრომებს იცავს. ეს თავად მეტყველებს იმაზე, რამდენად შეიცვალა ომის ლოგიკა და ძალთა ბალანსი.
ოფიციალური კიევის თქმით, თუ რუსეთი არ დაასრულებს ომს, მაშინ უკრაინა მოსკოვს ბალისტიკური რაკეტებით შეუტევს. ამ მხრივ რუსეთისგან რა სამხედრო ნაბიჯებს უნდა ველოდოთ?
– თუ უკრაინა მართლაც დაიწყებს ბალისტიკური შესაძლებლობების ფართო გამოყენებას, ეს ომის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარდატეხა იქნება. უკვე დღეს ვხედავთ, რომ უკრაინამ ომი რუსეთის სიღრმეშიც გადაიტანა – დრონებით განხორციელებული დარტყმები მოსკოვის რეგიონზე, სამხედრო აეროდრომებზე, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაზე რამდენიმე წლის წინ თითქმის წარმოუდგენელი სცენარი იყო. XXI საუკუნეში პირველად, რუსეთის დედაქალაქის უსაფრთხოება მუდმივი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ეს მხოლოდ სამხედრო ფაქტორი აღარ არის – ომის გავლენა უკვე იგრძნობა რუსეთის ეკონომიკაში, ენერგეტიკულ სექტორში და საზოგადოებრივ განწყობებშიც. საწვავის დეფიციტი, ბენზინის გაყიდვის დროებითი შეზღუდვები, აეროპორტების პერიოდული დახურვა და უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები აჩვენებს, რომ ომის შედეგები რუსულ ყოველდღიურობამდეც მივიდა. სავარაუდოდ, კრემლი საპასუხოდ კიდევ უფრო გააძლიერებს მოსკოვისა და სხვა სტრატეგიული ობიექტების საჰაერო თავდაცვას, პარალელურად კი შეეცდება პრევენციული დარტყმებით შეაფერხოს უკრაინის სარაკეტო პროგრამა და სამხედრო წარმოება, თუმცა ერთი რამ უკვე ნათელია – ომი, რომელიც კრემლს რამდენიმე დღეში უნდა დაესრულებინა, დღეს თავად რუსეთის ტერიტორიაზეც ყოველდღიურ რეალობად იქცა.
თქვენი აზრით, რა სცენარით შეიძლება განვითარდეს რუსეთ-უკრაინის ომი და როგორ გავლენას მოახდენს მისი შედეგები ევროპის და საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაზე?
– ჩემი შეფასებით, ყველაზე რეალისტური სცენარი დღეს არც რუსეთის სწრაფი გამარჯვებაა და არც ომის უახლოეს პერიოდში დასრულება. უფრო სავარაუდოა, რომ ბრძოლა გაგრძელდება გამოფიტვის რეჟიმში, სადაც გადამწყვეტი იქნება სამხედრო წარმოება, ეკონომიკური მდგრადობა და დასავლეთის მხარდაჭერის შენარჩუნება.
რაც შეეხება საერთაშორისო უსაფრთხოებას, უკვე ნათელია, რომ 2022 წლამდე არსებული რეალობა აღარ დაბრუნდება. ევროპა მნიშვნელოვნად ზრდის თავდაცვით ბიუჯეტებს, აძლიერებს სამხედრო მრეწველობას და გაცილებით დიდ ყურადღებას უთმობს უსაფრთხოებას. შეიძლება ითქვას, რომ უკრაინის ომი ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის საწყის წერტილად იქცა.
ცხადია, გვერდს ვერ ავუვლით ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს. რა მიზანს მიაღწია აშშ-მ ირანთან მიმართებით?
– ვფიქრობ, აშშ-ის მთავარი მიზანი თავიდანვე ირანის რეჟიმის შეცვლა არ ყოფილა. ვაშინგტონის ამოცანა იყო ირანის სამხედრო, სარაკეტო და ბირთვული შესაძლებლობების მაქსიმალურად შეზღუდვა, ასევე იმის დემონსტრირება, რომ რეგიონში ძალთა ბალანსის შეცვლის მცდელობას სამხედრო პასუხიც მოჰყვება. ბოლო თვეებში სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა დარტყმები ირანის სარაკეტო, დრონებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. ამასთან, აშშ ცდილობს კიდევ ერთ სტრატეგიულ მიზანსაც მიაღწიოს – შეინარჩუნოს უსაფრთხო ნაოსნობა ჰორმუზის სრუტეში, რადგან სწორედ ამ მარშრუტზე გადის მსოფლიოში ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის მნიშვნელოვანი ნაწილი. ამიტომ ირანის შეკავება მხოლოდ ახლო აღმოსავლეთის საკითხი აღარ არის – ის პირდაპირ უკავშირდება გლობალურ ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და მსოფლიო ეკონომიკას, თუმცა, ჩემი შეფასებით, მიუხედავად სამხედრო წარმატებებისა, ვაშინგტონმა ჯერ ვერ მიაღწია მთავარ სტრატეგიულ მიზანს – ირანი კვლავ ინარჩუნებს რეგიონულ გავლენას, ხოლო ბირთვული პროგრამა და მისი როლი რეგიონში ისევ საერთაშორისო უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. ამიტომ ეს დაპირისპირება დასრულებული არ არის და უახლოეს პერიოდში, სამხედრო ოპერაციების განახლებას არ გამოვრიცხავ.
ზემოაღნიშნული ომი უნდა განვიხილოთ თუ არა ჩინეთ-აშშ- სამომავლო დაპირისპირების ჭრილში?
– დიახ, გარკვეულწილად, უნდა განვიხილოთ. დღეს მსოფლიოს მთავარი კონკურენცია მხოლოდ სამხედრო სფეროში აღარ მიმდინარეობს. ეს არის გავლენისთვის ბრძოლა ტექნოლოგიებში, ეკონომიკაში, ენერგეტიკაში და გლობალურ სავაჭრო მარშრუტებზე. ჩინეთი ყურადღებით აკვირდება როგორც უკრაინის, ისე ახლო აღმოსავლეთის მოვლენებს, რადგან ორივე კონფლიქტი მას მნიშვნელოვან გამოცდილებას აძლევს. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ მომავალში ტაივანის საკითხი შესაძლოა კიდევ უფრო აქტუალური გახდეს. ამიტომ ეს კრიზისები, გარკვეულწილად, იმ ფართო გეოპოლიტიკური კონკურენციის ნაწილიცაა, რომელიც დღეს ვაშინგტონსა და პეკინს შორის მიმდინარეობს.
დაბოლოს, ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ხდება ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირება. ამ მხრივ საქართველოს მომავალი როგორი იქნება?
– დიახ, მსოფლიო ახალი გეოპოლიტიკური რეალობის ფორმირების პროცესშია. იცვლება ძალთა ბალანსი, იზრდება რეგიონული კონკურენცია და უსაფრთხოების საკითხები ისევ საერთაშორისო პოლიტიკის ცენტრში ბრუნდება. ამ პროცესში საქართველოს მთავარი გამოწვევაც და შესაძლებლობაც მისი გეოგრაფიული მდებარეობაა. ჩვენ ვიმყოფებით ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სივრცეში, სადაც კონკურენცია სულ უფრო იზრდება. ამიტომ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები, სტაბილური ეკონომიკა და მკაფიო საგარეო პოლიტიკური კურსი. ჩემი აზრით, მსოფლიო წესრიგის ცვლილების პერიოდში წარმატებას აღწევს ის სახელმწიფო, რომელიც ახალ რეალობას დროულად ერგება და საკუთარ შესაძლებლობებს მაქსიმალურად იყენებს. ასეთ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებას, ეკონომიკური მდგრადობის განმტკიცებას და პარტნიორებთან თანმიმდევრული ურთიერთობის შენარჩუნებას. სწორედ ეს იქნება საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მომდევნო წლებში.

ლაშა ხომერიკი

  • No Comments
  • ივნისი 29, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *