„მუსიკა – განწყობისთვის“
ასე ეწოდებოდა საღამოს, რომელიც მსმენელს ბათუმის კულტურის ცენტრის ქალთა აკადემიურმა კამერულმა გუნდმა (სამხატვრო ხელმძღვანელი – ზაირა ვადაჭკორია, მთავარი დირიჟორი – გელა ვადაჭკორია, კონცერტმაისტერი – ქეთევან რაზმაძე) შესთავაზა. ეს მართლაც სასიამოვნო და განწყობის საღამო იყო.
კონცერტი ბათუმის ბულვარის მაგნოლიების ხეივანში, საზაფხულო თეატრის წინ გაიმართა, სადაც ბუნების სილამაზე და ჰარმონიული მუსიკა გაერთიანდა.
კონცერტის პროგრამა მრავალფეროვანი იყო. გუნდმა, როგორც ყოველთვის, სხვადასხვა ეპოქის მუსიკა შემოგთავაზა, რამაც მსმენელი ემოციურად დატვირთა.
ღია ცისქვეშ შეკრებილმა საზოგადოებამ, სიამოვნებით მოისმინა როგორც ამერიკული ჯაზი, ისე ქართული კლასიკური მუსიკა, რომელიც ეროვნული ტრადიციებისა და ევროპული მუსიკალური აზროვნების უნიკალური შერწყმაა. მოვისმინეთ ჰიტები, პოპულარული მელოდიები, რომლებმაც დროს გაუძლეს და დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობენ, გულს გვითბობენ. შთამბეჭდავი იყო სოლო ნომრების შემსრულებლების: ნონა ვართანიანის, სოფო გაბაიძის, ნინო კახიძისა და თინათინ ყიფშიძის გამოსვლა.
საღამო ნამდვილად განწყობის, სილამაზის, მაღალი ხელოვნების დღესასწაული იყო. მაგნოლიების სურნელი და შესანიშნავი მუსიკის ჰანგები იქ მისულ მსმენელს დიდხანს გაჰყვება. სასიამოვნო იყო მრავალრიცხოვანი მაყურებლის, როგორც ადგილობრივი, ისე ქალაქის დამსვენებლების ხილვა, რომლებიც თითოეულ ნომერს ოვაციით ხვდებოდნენ. მსმენელის მიერ გაცემულმა სითბომ საღამო უფრო შთამბეჭდავი გახადა.
მუსიკას ერთი საოცარი თვისება აქვს, სანამ ის ჟღერს, ჩვენ ყველანი ერთი გუნდის წევრი ვართ და ამ დროს არც პროფესიას და არც ენას მნიშვნელობა არ აქვს.
– როგორც მუსიკოსი, რეპერტუარის მრავალფეროვნებით, თითოეული მომღერლით და განსაკუთრებით სოლისტებით, აღფრთოვანებული ვარ, ბრავო ზაირას და გელას… ესაა ჩემი სათქმელი. კარგია, თუ ასეთი საღამოები ხშირად გაიმართება, – აღნიშნა მუსიკოსმა მანანა გაბაიძემ.
მანანა ძიძიშვილი