„მშობელთა სკოლა ორსულთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის“
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი წარმატებით ახორციელებს პროგრამას „მშობელთა სკოლა ორსულთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის“, რომლის მიზანია მომავალი მშობლების ცოდნის გაღრმავება, ჯანმრთელი ორსულობის ხელშეწყობა და დედისა და ახალშობილის ჯანმრთელობის დაცვის თანამედროვე მიდგომების პოპულარიზაცია.
უწყების ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, აჭარის ანტენატალურ დაწესებულებებში ტარდება უფასო სასწავლო-საინფორმაციო კურსები, სადაც ორსულები და მათი ოჯახის წევრები სხვადასხვა პროფილის სპეციალისტებისგან იღებენ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ინფორმაციას. ინტერაქტიულ შეხვედრებს უძღვებიან მეან-გინეკოლოგები, ნეონატოლოგები, ფსიქოლოგები და ფიზიკური თერაპევტები.
მშობელთა სკოლის მორიგ სასწავლო პროცესს დაესწრო აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი რუსუდან შავიშვილი, რომელმაც მომავალ დედებთან ისაუბრა ორსულობის პერიოდში ჯანმრთელობის დაცვის მნიშვნელობაზე, რეგულარული ანტენატალური მეთვალყურეობის აუცილებლობაზე, ფიზიოლოგიური მშობიარობის უპირატესობასა და ახალშობილის მოვლისთვის მომზადების მნიშვნელობაზე, ძუძუთი კვების მხარდაჭერასა და დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის პროგრამებზე, რომლებიც აჭარაში ხელმისაწვდომია.
მშობელთა სკოლა მომავალ მშობლებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და სანდო ინფორმაცია, რაც ხელს უწყობს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას, ორსულობის უსაფრთხოდ წარმართვასა და ჯანმრთელი ბავშვის დაბადებას.
პროგრამა აჭარის ანტენატალურ დაწესებულებებში 2023 წლიდან ფუნქციონირებს და ორსულებისთვის უფასოა.