„ნესტისგან დაზიანებული დოკუმენტები გადავარჩინეთ“
By

„ნესტისგან დაზიანებული დოკუმენტები გადავარჩინეთ“

– არქივები უდიდეს როლს ასრულებს. მის საცავებში შენახული მასალების სახით მომავალ მკვლევრებსა და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ ჩვენს ხელთ არსებული უტყუარი დოკუმენტებითა და სხვა ჩანაწერებით. გაისად 75 წელი სრულდება, რაც შუახევის რაიონი ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოიყო. შუახევის რაიონული არქივი რამდენიმე წლის შემდეგ დაფუძნდა და არსებული მასალების ათვლა იქიდან იწყება. 1961 წლის მაისიდან 1965 წლის ნოემბრამდე მიმდინარე რეორგანიზაციებს შუახევის რაიონის გაუქმება მოჰყვა, –  ამბობს ჩვენთან საუბარში აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს შუახევის არქივის უფროსი  კახა დავითაძე.

– ადმინისტრაციული ერთეულის ასეთი რეორგანიზაცია, ეროვნული მეურნეობის ყველა დარგთან ერთად, არქივის მუშაობაზეც გავლენას იქონიებდა?

– რა თქმა უნდა. ამ ორგანიზაციაში მუშაობის საკმაო გამოცდილება დამიგროვდა. კეთილი სიტყვებით მსურს მოვიხსენიო ის ადამიანები, რომლებიც დიდი სირთულეებისა და განუკითხაობის ფონზე, სოფელ-სოფელ დადიოდნენ, ორგანიზაციებს აკითხავდნენ და არქივში დასაცავ მასალებს აგროვებდნენ. ერთი მათგანი, 80 წელს გადაცილებული ვალიკო ხიმშიაშვილი, ამ დღეეში გარდაიცვალა. უფალმა ნათელი დაუმკვიდროს მას და კიდევ ნაადრევად წუთისოფლიდან წასულებს, ჩემს წინამორბედებს – ნაზი ხიმშიაშვილსა და თემურ დავითაძეს. არქივების საერთაშორისო დღეს, ჩვენთან დასაქმებულ მარინა გოგიტიძესა და ირაკლი დიასამიძესთან ერთად, მათ ხსოვნას პატივი მივაგეთ. რახან სიტყვამ მოიტანა, მარინასა და ირაკლის  საქმიანობა მინდა შევუქო. შარშან, როცა მიწების სისტემური დაკანონება მიმდინარეობდა, მოქალაქეთა მოზღვავების გამო, ხშირად არასამუშაო საათებშიც მუშაობდნენ. მოქალაქეთა გულისწყრომას იწვევს ისიც, რომ რაიონის გაუქმება-აღდგენის  პერიოდის მრავალი დოკუმენტი ჩვენთან არ ინახება და მოქალაქეთა გადამისამართება ხულოს ან სხვა არქივებში გვიხდება.

– კომუნისტური რეჟიმის ბოლო წლების საქმეებიც ბევრგან  ხელაღებით გაანადგურეს. თქვენთან რა მდგომარეობაა?

– ვალიკო ხიმშიაშვილი შემთხვევით არ მიხსენებია. მისი დამსახურებით, იმ რეჟიმის მრავალი საქმეა შემონახული. ისიც უნდა აღვნიშნო, რომ წინა ხელისუფლება ჩვენს სისტემაში დასაქმებულთა მორალურ და მატერიალურ წახალისებაზე ნაკლებად ზრუნავდა, დაბალი იყო ხელფასებიც. ახლა ეს საკითხი მოწესრიგებულია.

– დასაქმებულთა მატერიალურ ანაზღაურებასთან ერთად, უმჯობესდება მატერიალური ბაზა. თქვენთან რა მდგომარეობაა?

– ჩვენთან შენახული საქმეები დრო-ჟამის მსხვერპლი რომ არ გახდეს, სათანადო მოვლას ითხოვს. ყოვლად გაუმართლებელია, რომ რაიონული არქივი უსახურ შენობაში იყო შეხიზნული. დიდი შრომა გავწიეთ, ახალ ტერიტორიაზე რომ გადმოვედით. ნესტისგან დაზიანებული დოკუმენტები გადავარჩინეთ. შარშან ჩვენთვის განკუთვნილი ფლიგელის რემონტი დასრულდა, რაც იმედს გვაძლევს, რომ შენახული საქმეები აღარ განადგურდება. ყურადღება და თანადგომა არ გვაკლია როგორც საარქივო სამმართველოს, ისე შუახევის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისგან. ისინი პროფესიულ დღესასწაულებს გვილოცავენ.

– კარგი წამოწყება იყო, რომ აჭარის საარქივო სამმართველოს ხელმძღვანელობა გასვლით ღონისძიებებს რაიონებში ატარებდა…

– ასეთი აქტივობები სისტემაში დასაქმებულებს ერთმანეთთან გვაახლოებს, მრავალ სიახლეს ვეცნობით. იმედია, სამმართველოს ახლანდელი ხელმძღვანელობა ამ ინიციატივას გააგრძელებს.

– აჭარის საარქივო სამმართველოს ხელმძღვანელობამ წლების წინ დაიწყო ეროვნული მეურნეობის სხვადასხვა დარგში დასაქმებული წარმატებული ადამიანების საქმეების არქივში თავმოყრა. რამდენად გაამართლა ამან?

– მომავალი თაობა  წინამორბედზე უკეთესად თუ არ იმუშავებს, ქვეყანა ერთ წერტილზე გაიყინება… შუახევში მრავალი სასახელო პიროვნება გვყავდა. სელიმ ხიმშიაშვილის გარდა, არავის სახლ-მუზეუმი არ გვაქვს. ვიცი, რა ჯაფა დასჭირდათ მუზეუმის დაარსების ინიციატორებს, რომ  ცალკეული ექსპონატისთვის მიეკვლიათ. მომავალში ღირსეული და წარმატებული ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის ამსახველი მასალები საძებარი რომ არ ჰქონდეთ, ამისთვის ვზრუნავთ და მასალებს აჭარის სამმართველოს საცავებში ვინახავთ. ჩემი ხელძღვანელად მუშაობის წლებში 10-მდე პიროვნების საქმე შევაგროვეთ.

ოთარ ცინარიძე

  • No Comments
  • ივნისი 11, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *