პარკში ნერგები დარგეს
22 აპრილს დედამიწის დღე აღინიშნება. ეს დღე გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა და მისი დაცვა.
ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძემ საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, 9 აპრილის პარკში სიმბოლურად, მარადმწვანე მცენარეების ნერგები დარგეს.
გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის ათივე ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა დასუფთავების მასშტაბური აქცია, რომელშიც ჩართული იყვნენ საჯარო მოხელეები, მუნიციპალური ორგანიზაციები, წითელი ჯვრის ქედის ფილიალის მოხალისეები და ადგილობრივი მოსახლეობა.
„სუფთა და ჯანსაღი გარემოსთვის ბრძოლასა და ცნობიერების ზრდასთან ერთად, იზრდება სამოქალაქო საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენი პლანეტის დაცვისა და მასზე ზრუნვის აუცილებლობას წარმოადგენს“, – გვითხრა მამუკა თურმანიძემ.
ცოტნე ცაბაძე
გალერეა
