პირველი ინჟინერი ქალი – აჭარაში
By

პირველი ინჟინერი ქალი – აჭარაში

ბათუმის ისტორია მრავალი გამორჩეული ადამიანის სახელს ინახავს. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სოფიო არსენის ასულ კვაჭაძეს – ქალს, რომელმაც XX საუკუნის 30-იან წლებში, იმ ეპოქაში, როდესაც საინჟინრო სფერო უმთავრესად მამაკაცების საქმიანობად მიიჩნეოდა, თავისი პროფესიული გზით ამ სფეროში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. იგი პირველი ინჟინერი ქალია აჭარაში. მან პროფესიული ცოდნა, შრომისმოყვარეობა და ადამიანებისადმი თანაგრძნობა ცხოვრების მთავარ ღირებულებებად აქცია. ოჯახი სათუთად ინახავს ისტორიას, რომელსაც შვილი, მარიამ (მარიკა) ლორთქიფანიძე გვიამბობს.

სოფიოს ცხოვრებისეული გზა შრომისმოყვარეობით, პასუხისმგებლობითა და მიზანდასახულობით გამოირჩეოდა. მასში საინჟინრო საქმის ცოდნა შერწყმული იყო ადამიანურ ღირსებებთან.

სოფიო ბათუმში ცნობილი და პატივსაცემი ოჯახის შვილი გახლდათ. მამა, არსენ კვაჭაძე, გონიერებით, მოხერხებულობითა და ადამიანებს შორის უთანხმოების მოგვარების უნარით გამოირჩეოდა. ოჯახში ექვსი ქალიშვილი იზრდებოდა. მამის ნაადრევი გარდაცვალების შემდეგ უმცროს დებზე ზრუნვის პასუხისმგებლობა სოფიომ საკუთარ თავზე აიღო. ეს მისთვის მხოლოდ ოჯახური მოვალეობა არ ყოფილა, იგი მთელი ცხოვრების განმავლობაში სიყვარულით და ერთგულებით მფარველობდა თავის დედმამიშვილებს.

საშუალო სკოლის მერვე კლასის შემდეგ  მან ბათუმის ინდუსტრიულ ტექნიკუმში, სამშენებლო ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. სოფიოს კურსი, სადაც იგი ერთადერთი გოგონა გახლდათ, სამშენებლო ფაკულტეტის პირველი გამოშვება იყო. მათემატიკის კარგი ცოდნა საშუალებას აძლევდა, პარალელურად მოსწავლეებიც მოემზადებინა და ამ გზით ქვრივ დედას უმცროსი ქალიშვილების აღზრდაში დახმარებოდა.

სოფიო კვაჭაძე დედასთან და დებთან ერთად

იმდროინდელ ბათუმში უმაღლესი პოლიტექნიკური სასწავლებელი არ არსებობდა, ამიტომ ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ სოფიო თბილისში გაემგზავრა და პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტი გახდა. სწავლის პარალელურად მუშაობასაც განაგრძობდა, რათა ოჯახის მხარდაჭერა არ შეეწყვიტა. ამგვარად, პროფესიული განვითარება მისთვის პირადი წინსვლის შესაძლებლობასთან ერთად, ახლობლებზე ზრუნვის გაგრძელებაც იყო.

სოფიო კვაჭაძემ საინჟინრო საქმიანობა იმ პერიოდში დაიწყო, როდესაც ქალის დამკვიდრება ტექნიკურ პროფესიაში განსაკუთრებულ ცოდნას, გამბედაობასა და შეუპოვრობას მოითხოვდა და მას ეს თვისებები რომ არ აკლდა, საქმით დაამტკიცა.

თურქული ენის გამართულად ცოდნამ პროფესიული საქმიანობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება გაუხსნა. სოფიომ ინჟინრად მუშაობა ბათუმში, თურქეთის საკონსულოში დაიწყო, პარალელურად, მრეწველობის სამმართველოშიც დასაქმდა. იგი აქტიურად ჩაება საქმეში და მალე დიდი ავტორიტეტი და პატივისცემა დაიმსახურა.

მისი შრომისმოყვარეობა, საქმის ცოდნა და კეთილსინდისიერება მალე სათანადოდ დაფასდა. თავდაუზოგავი შრომისთვის ადგილობრივი მრეწველობის სამმართველოს დირექციამ ტყავის პალტოთიც დააჯილდოვა. იმ პერიოდში ასეთი საჩუქარი ბევრისთვის სასურველი და იშვიათი გახლდათ.

სოფიო მამით ობოლი უმცროსი დების დასახმარებლად თავის მაქსიმალურად დატვირთვას არ თაკილობდა. სწორედ ამ მიზეზით დათანხმდა ქობულეთის აგურის ქარხნის ინჟინრის თანამდებობაზე დანიშვნის შემოთავაზებას.

სოფიო კვაჭაძის პიროვნების ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მხარე ადამიანებისადმი გულისხმიერი დამოკიდებულება იყო. ამის დასტურია ქობულეთის აგურის ქარხანაში მომხდარი ამბავიც, რომელსაც მისი შვილი, ექიმი მარიკა ლორთქიფანიძე განსაკუთრებული ემოციით იხსენებს.

„თურქეთის მოქალაქე საბუთების გარეშე თურქეთიდან ბათუმში სამუშაოდ ჩამოსულა. მაშინ ასეთი რამ ხშირად ხდებოდა. მუშას ჯანმრთელობა შეერყა და ოჯახი სამშობლოში დაბრუნებას ცდილობდა. არალეგალს, უსაბუთოდ, ვიზის აღება გაუჭირდა. დედა გვერდით დაუდგა მას. იგი ხომ თურქეთის საკონსულოში მუშაობდა და კარგი ურთიერთობა ჰქონდა თურქულენოვან თანამშრომლებთან, სარგებლობდა მათი პატივისცემითა და ნდობით, ვინაიდან თავის საქმეს ყოველთვის პასუხისმგებლობით ეკიდებოდა. იგი საქმის მოგვარებაში აქტიურად ჩაერთო. თურქი კონსულის იმედი ჰქონდა, რადგან მასთან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა. კონსული აღფრთოვანდა ქართველი მანდილოსნის ყურადღებით უბრალო თურქი მუშის მიმართ და დახმარებას დაჰპირდა. დედას მალევე გადაეცა მუშის თურქული პასპორტი და ვიზა. საბუთების მიღებით გახარებული, დაუყოვნებლივ ქობულეთისკენ გაემართა, რათა მუშისთვის სასიხარულო ამბავი ეცნობებინა, მაგრამ, სამწუხაროდ,  იგი გარდაცვლილი დახვდა. განცდებით დამძიმებულმა დედამ საბუთები შესაბამის სამსახურს უკან დაუბრუნა“.

სოფიოს შრომისმოყვარეობასა და ოჯახისადმი ერთგულებას მარიამ ლორთქიფანიძე განსაკუთრებული სითბოთი იხსენებს. ერთხელ, უკვე დაოჯახებულმა, დედას ჰკითხა, რატომ არ იყენებდა სტიპენდიას საკუთარი საჭიროებებისთვის. სოფიოს პასუხი მის ცხოვრებისეულ პრიორიტეტებს ნათლად გამოხატავდა: „ჩემთვის მთავარი იყო, უმცროსი დების სახეზე ღიმილი დამენახა, მეტი არაფერი მაინტერესებდა“.

ამ სიტყვებში ჩანს ადამიანი, რომლისთვისაც წარმატება მხოლოდ პროფესიულ წინსვლას არ ნიშნავდა. მისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი იყო, რას აძლევდა თავისი შრომით საყვარელ ადამიანებს, რამდენად შეეძლო სხვების ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებების შეტანა.

სოფიოს პროფესიული გზის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი ბათუმის ინდუსტრიული ტექნიკუმის სამშენებლო ფაკულტეტის პირველი გამოშვების კურსდამთავრებულთა შეხვედრაა. სწავლის დასრულებიდან ოცდაოთხი წლის შემდეგ შეკრებილთა შორის ბევრი ცნობილი პიროვნება იყო, მათ შორის აჭარაში სახელგანთქმული კოკი აბაშიძე, – აჭარის მთავარი არქიტექტორი და სოფიოს ახლო მეგობარი.

კურსდამთავრებულთა შორის სოფიოს განსაკუთრებული ადგილი ეჭირა – ორმოცი მამაკაცისგან შემდგარ ჯგუფში იგი ერთადერთი ქალი იყო. ეს გარემოება თავისთავად წარმოაჩენს იმ პროფესიულ გარემოს, რომელშიც სოფიოს უხდებოდა საქმიანობა და იმ გამბედაობასა და მიზანდასახულობას, რაც მის არჩევანსა და წარმატებას ახლდა.

სოფიო კვაჭაძის ცხოვრება გვახსენებს, რომ ისტორიულ მნიშვნელობას მხოლოდ მაღალი თანამდებობები ან ხმაურიანი მიღწევები არ განსაზღვრავს. ზოგჯერ ადამიანის ღვაწლი იმაშიც ვლინდება, რომ იგი თავის დროზე ირჩევს რთულ პროფესიას, კეთილსინდისიერად ასრულებს დაკისრებულ საქმეს, საკუთარი შესაძლებლობების განვითარებით სხვებსაც გზას უკვალავს და მათ მხარდაჭერასაც ახერხებს.

მეოცე საუკუნის 30-იანი წლების ბათუმში ინჟინერი ქალის პროფესიული საქმიანობა გამორჩეული მოვლენაა. სოფიო მამაცი ადამიანი რომ არ ყოფილიყო, ამას ვერ შეძლებდა. მან თავისი ცოდნითა და შრომით დაიმკვიდრა ადგილი ურთულეს სფეროში, რაც მამაკაცებისთვისაც კი არ იყო ადვილი. საკმაოდ მძიმე ტვირთს, რაც მის მიერ არჩეულ გზას, სხვებზე აღებულ პასუხისმგებლობას და საკეთებელი საქმის მოცულობას ახლდა, არასოდეს დაუთრგუნავს მისი ადამიანური მხარეები: გულმოწყალება, თანაგრძნობა, სიკეთე.

სწორედ ამ ერთიანობაში – პროფესიულ ცოდნაში, შრომისმოყვარეობასა და ადამიანურ თვისებებში ჩანს სრულად სოფიო კვაჭაძის ნამდვილი სახე, ქალის, რომლის ცხოვრებისეული მაგალითიც ბათუმის ისტორიაში ღირსეულ ადგილს და ხსოვნას იმსახურებს. მისი პიროვნების სიმაღლესა და დამსახურებაზე მიუთითებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის განსაკუთრებული დამოკიდებულება, რისი დასტურიცაა უწმინდესის მისვლა სოფიოს გარდაცვალების დღეს.

სოფიო კვაჭაძე შვილთან – მარიკა ლორთქიფანიძესთან ერთად 

ყურადღების მიღმა ვერ დავტოვებთ იმ ფაქტსაც, რომ სოფიო კვაჭაძემ ღირსეული შვილი გაუზარდა საქართველოს – ეს გახლავთ პროფესიით ექიმი კოაგულოლოგი, ქალბატონი მარიამ ლორთქიფანიძე, პროფესორ მარია მაჩაბლის მოწაფე. მან  48 წელი იმუშავა საქართველოს ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტში და მონაწილეობდა მსოფლიო მნიშვნელობის ახალი თეორიის შექმნაში, იმუშავა ამ თეორიის ქირურგიულ კლინიკაში დანერგვასა და გამოქვეყნებაზე.  საგულისხმოა, რომ მარიამ (მარიკა) ლორთქიფანიძემ სანაქებო ოჯახი ასევე მედიკოს, აღიარებულ, მრავალპროფილურ ქირურგ ოთარ ბურჯანაძესთან ერთად  შექმნა. პროფესორი ოთარ ბურჯანაძე მუშაობდა კლინიკური და ექსპერიმენტული ქირურგიის ინსტიტუტის გულმკერდის განყოფილების გამგედ. როგორც უნიკალური პროფესიონალი ოპერაციებს აკეთებდა ფილტვზე, გულზე, მუცლის ღრუსა და სისხლძარღვებზე. ეს ის ქირურგია, რომელმაც პირველად საქართველოში, ხელოვნური სისხლის მიმოქცევის აპარატის გამოყენებით, ჯერ ექსპერიმენტულად, შემდგომ კი კლინიკის პირობებში „მშრალ გულზე“ გააკეთა ოპერაცია (1962 წ.). პროფესორ მ. მაჩაბლის მიერ ახსნილი და მოწოდებული თრომბოჰემორაგიული თეორია ოთარ ბურჯანაძემ გულმკერდის ქირურგიასა და კლინიკაში დანერგა.

ბათუმის სიძე – პროფესორი ოთარ ბურჯანაძე

1961-1970 წლებში მან დიდი, მასშტაბური, სისხლმდენი ოპერაციების დროს თრომბოჰემორაგიული გართულებების თავიდან ასაცილებლად, მსოფლიოში პირველმა გამოიყენა პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტი ჰეპარინი უშუალოდ ოპერაციის წინა პერიოდში და დაადგინა მისი დოზები ფილტვის ოპერაციების წარმოებისას. გულმკერდის ქირურგიის განვითარებაში შეტანილი წვლილის გამო პროფესორ ოთარ ბურჯანაძის სახელი 1981 წელს ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში შეიტანეს, იმაზე, თუ რა მასშტაბის მედიკოსი გახლდათ მარიამ ლორთქიფანიძის მეუღლე, ნათლად მეტყველებს ეს ორი ამონარიდიც ცნობილი ადამიანების მრავალრიცხოვანი მოგონებიდან: „ოთარ ბურჯანაძის ქირურგიული აზროვნება წინ უსწრებდა მედიცინაში იმ დროის მოვლენებს“  (პროფესორი გურამ რცხილაძე);  „პროფესორ ოთარ ბურჯანაძის ცხოვრება საუკეთესო ილუსტრაციაა ჰომეროსის სიტყვებისა: „გამოცდილი ექიმი თავისი ქვეყნისთვის ნამდვილი განძია“. ოთარ ბურჯანაძე მართლაც განძი იყო. მასთან ერთად მომუშავე რუსმა სანიტარმა ქალმა ერთხელ თქვა: „Такого никогда не было и никогда не будет“. ასეთ შეფასებას, ალბათ, ბევრი ინატრებდა“ (პროფესორი ალექსანდრე ბეთანელი).

მანანა ტაკიძე

  • No Comments
  • ნოემბერი 19, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *