ქვეყანაში ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის
შუახევის მუნიციპალიტეტში, ჭვანის სატყეო უბნის სოფელ ბრილში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე, საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობების – ქართული კაკლისა და წაბლის ნერგები დაირგო.
ღონისძიება ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ, კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ დაკვეთით, განახორციელა. მისი მიზანია ადგილობრივი ბიომრავალფეროვნების დაცვა, იშვიათი სახეობების აღდგენა და ტყის ეკოსისტემის გაუმჯობესება.
ქართული კაკლის და წაბლის დაცვა და გამრავლება მნიშვნელოვანია ქვეყნის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის.
აჭარის სატყეო სააგენტო მხარს უჭერს ტყის ეკოსისტემის დაცვისა და აღდგენისკენ მიმართულ ინიციატივებს და აქტიურად მონაწილეობს რეგიონში ტყის რესურსების მდგრადი მართვისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების პროცესში.
აქციაში მონაწილეობდნენ აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ფანცხავა, აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსი ელდარ ცინცაძე, უფროსის მოადგილეები – ავთანდილ მახარაძე და გიორგი ჯინჭარაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი კეკელიძე, ველური ბუნების ეროვნული სააგენტოსა და შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები.
ცოტნე ცაბაძე