რატომ არ მიიღო მონაწილეობა საქართველომ ევროკავშირის გაფართოების ფორუმში?
ბრიუსელში 15-16 ნოემბერს ევროკავშირის გაფართოების მეორე ფორუმი „ფართო ევროპა – ძლიერი ევროპა“ გაიმართა, რომელსაც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკომისარი მარტა კოსი მასპინძლობდნენ. ღონისძიება აერთიანებდა ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების ლიდერებს, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს რეგიონული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის საკითხების განსახილველად, თუმცა აღნიშნულ ღონისძიებაზე საქართველოს შესაბამის დონეზე მიწვევა არ მიუღია, რის შესახებაც საგარეო საქმეთა სამინისტროსგან გახდა ცნობილი.
როგორც უწყებაში განაცხადეს, ბრიუსელში დაგეგმილ ღონისძიებებში და მათ შორის დაკავშირებადობის მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს შესაბამის დონეზე მიწვევა არ მიუღია, ამდენად, აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს წარმომადგენლებმა მონაწილეობა არ მიიღეს, თუმცა საგარეო უწყებაში განმარტეს, რომ საქართველო რჩება ევროკავშირთან კონსტრუქციული თანამშრომლობის ერთგული და მზად არის, მიიღოს მონაწილეობა შეხვედრებში შესაბამის დონეზე მოწვევის შემთხვევაში. მათივე განცხადებით, აღნიშნული პოზიცია ცნობილი იყო ბრიუსელისთვის.
აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიისგან განსხვავებით, ღონისძიებაზე მხოლოდ საქართველოს ელჩი დაპატიჟეს და ეს მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნებს მინისტრები წარმოადგენდნენ. ცნობისთვის, საქართველო დაკავშირებადობის კუთხით, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სტრატეგიული ხიდია და „შუა დერეფანს“ წარმოადგენს. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, საქართველო რჩება ერთადერთ ქვეყნად, რომელიც დასავლეთს აღმოსავლეთთან აკავშირებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ევროკავშირი აღიარებს საქართველოს, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი შუა დერეფნის მნიშვნელობას, განსაკუთრებით ენერგომატარებლებისა და ტვირთების დივერსიფიკაციის კუთხით, თუმცა ევროკავშირში გაფართოების ფორუმზე საქართველოს მინისტრების ადგილი არ აღმოჩნდა, მაგრამ იქ იმყოფებოდნენ ქართველი ოპოზიციონერები.
ევროკავშირის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლებასთან მაღალი დონის პოლიტიკური ურთიერთობები შეზღუდული დარჩება მანამ, სანამ ოფიციალური თბილისი არ აჩვენებს მზადყოფნას, შეცვალოს არსებული პოლიტიკური კურსი. ამასთან, ევროკავშირის გაფართოების საკითხებში კომისარმა მარტა კოსმა განაცხადა, რომ ბრიუსელმა საქართველოს წარმომადგენლები არაერთხელ მიიწვია, თუმცა არა უმაღლეს დონეზე.
,,ბოლო პერიოდში ორჯერ თუ სამჯერ მოვიწვიეთ საქართველოს წარმომადგენლები ჩვენს ღონისძიებებზე, რომლებიც დაკავშირებადობას ეხებოდა, მაგრამ ისინი არ მოსულან. ვცდილობთ თანამშრომლობას, ვიწვევთ მათ, თუმცა თავად არ სურთ მოსვლა. ჩვენ არ ვიწვევთ მათ უმაღლეს დონეზე, მაგრამ, ზოგადად, ვცდილობთ ჩართულობის შენარჩუნებას“, – აღნიშნა ევროკომისარმა მედიასთან საუბრისას.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირს არ სურს
საქართველო გამოირიცხოს იმ უმნიშვნელოვანესი საქმიანობებიდან, რომლებსაც ევროკავშირი აწარმოებს ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრულ სფეროებში. ევროკომისარმა ასევე დასძინა, რომ საქართველოს კვლავაც მიიწვევენ ევროკავშირში, თუმცა გარკვეული პირობების სანაცვლოდ. მარტა კოსის თქმით, მიუხედავად საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობისა, ევროკავშირი საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას კვლავ გააგრძელებს.
აღნიშნულ თემას გამოხმაურება მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ევროკავშირისგან ღირსეულ მიწვევას ელოდებიან.
,,ქართველი ხალხი იმსახურებს სამართლიან და ჯანსაღ მიდგომას, რასაც დღეს ვერ ვხედავთ. ჩვენ გვექნება ღირსეული დამოკიდებულება, სადაც ღირსეულ მოსაწვევს მიიღებს ჩვენი ქვეყანა და იქ სათანადოდ იქნება წარმოდგენილი. სადაც დავინახავთ განსხვავებულ დამოკიდებულებას, იქ გვექნება შესაბამისი რეაგირება. გაფართოების ფორუმზე არმიწვევა ჩვენთვის არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ევროპული ბიუროკრატია არ მოქმედებს ევროპის ობიექტური ინტერესების შესაბამისად. სუვერენიტეტის პრობლემაა აშკარად.
სუვერენულად რომ მოქმედებდეს ევროპული ბიუროკრატია, ამ შემთხვევაში, საქართველოსთან ურთიერთობის გაღრმავება, რა თქმა უნდა, იქნებოდა მისი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. მინდა შეგახსენოთ, რომ რუსეთისგან იზოლაციის ფონზე, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, საქართველო ევროპისთვის რჩება ერთ-ერთ სახმელეთო კარიბჭედ აღმოსავლეთის მიმართულებაში. როდესაც ასეთ დროს ხელოვნურად ქმნი პრობლემას, როდესაც ასეთ დროს აფერხებ ღია და გამჭვირვალე დიალოგს, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ევროპული ბიუროკრატია კიდევ ერთხელ არ მოქმედებს ევროპის ობიექტური ინტერესების შესაბამისად/ვერ მოქმედებს ევროპის ობიექტური ინტერესების შესაბამისად,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით კი ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის არასათანადო დონის მიწვევა ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის უპატივცემულობაა. მისვე თქმით, ბრიუსელის დამოკიდებულება საბჭოთა მოსკოვის პოლიტიკას ემსგავსება.
რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლებს, ისინი საქართველოს მთავრობის ანტიევროპულ კურსზე საუბრობენ.
,,ღირსეულად რომ მოგექცნენ, შენც ღირსება უნდა გაგაჩნდეს, მაგრამ ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ასეთი ღირსება არ გააჩნია“, – აღნიშნა მედიასთან საუბარში ,,ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა. ზურა ( გირჩი) ჯაფარიძე კი, რომელიც ბრიუსელში იმყოფებოდა, მედიასთან საუბარში აღნიშნავს, რომ ფორუმზე საქართველო ერთხელაც არ იყო ნახსენები.
,,ჩვენ გვქონდა პირადი საუბარი რამდენიმე მათგანთან. მოლოდინი აქვთ, საქართველო, საბოლოო ჯამში, დაუბრუნდება ამ გზას, ჩვენც ამას ვეუბნებოდით, რომ დავბრუნდეთ აუცილებლად ამ გზაზე, თუმცა ამ წუთში იმასაც ამბობენ, რომ არის ძალიან მძიმე ვითარება. მე მაინცდამაინც პესიმისტურად არ ვარ განწყობილი, მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ არ იყო საქართველო ნახსენები. ბევრი კარგი და სწორი რამე ითქვა, მათ შორის, ბევრი მიმართულება, რომელიც ახლა რეფორმების მიმართულებით აირჩიეს, ცალსახად მიანიშნებს, რომ ევროკავშირი წლიდან წლამდე უფრო გაძლიერდება. ცალსახად ითქვა, რომ ევროკავშირის გაფართოება არ იქნება დასრულებული მანამ, სანამ მთლიანად კონტინენტი ამა თუ იმ ფორმით არ იქნება ამ სტრუქტურასთან დაკავშირებული, ან ამ სტრუქტურის ნაწილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი ითქვა იმაზეც, როგორ აპირებს ევროკავშირი, გააძლიეროს საკუთარი თავდაცვა და როგორ აპირებს გახდეს კიდევ უფრო ძლიერი გლობალური მოთამაშე. იმ მომენტში, როდესაც საქართველო დაუბრუნდება ამ გზას, ჩვენ დაგვხვდება, ჩემი აზრით, უკეთესი ევროკავშირი, ვიდრე აქამდე იყო“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე საქართველოს სათანადო დონეზე არმიწვევამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა თბილისსა და ბრიუსელს შორის არსებული განსხვავებული პოზიციები. მხარეები გადაწყვეტილებას სხვადასხვაგვარად აფასებენ, თუმცა უცვლელი რჩება მთავარი საკითხი – საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შემდგომი განვითარება და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივა.
თამარ ლამპარაძე.