ჩაოს სკოლა 100 წლისაა
By

ჩაოს სკოლა 100 წლისაა

ხულოს რაიონის სოფელ ჩაოში ქართული სკოლის აღდგენიდან 100 წლის იუბილე აღნიშნეს. სოფლის მკვიდრებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, მოწვეულ სტუმრებს მნიშვნელოვანი თარიღი მიულოცეს აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ, ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძემ, პოეტმა მურმან ცეცხლაძემ, ჟურნალისტმა ნოდარ ცეცხლაძემ, ბიზნესმენმა თამაზ მახარაძემ, სკოლის ყოფილმა მოსწავლეებმა – თადარიგის ოფიცერმა მამული მახარაძემ, ექიმმა დარინა ცეცხლაძემ, ვეტერანმა პედაგოგებმა მერი და თემურ აბულაძეებმა, სკოლის ყოფილმა დირექტორებმა – გენადი ცეცხლაძემ, იური აბულაძემ, მოქმედმა დირექტორმა ნაირა ჯოყილაძემ. პროფესორმა როინ მალაყმაძემ სკოლის ბიბლიოთეკას წიგნი „აჭარა“ უსახსოვრა. სკოლის საუკუნოვანი ისტორია მიმოიხილა პედაგოგმა მზია შავაძემ.

საიუბილეო ღონისძიების დაწყებამდე სტუმრებმა სკოლა დაათვალიერეს, იყვნენ ბიბლიოთეკაში, საკლასო ოთახებში, გაესაუბრნენ პირველკლასელებს. სკოლის დირექტორმა და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თათია გორგილაძემ, ცნობილი პოეტის ზურაბ გორგილაძის ქალიშვილმა საზეიმო ვითარებაში საბურველი ჩამოხსნეს ბანერს, რომელზეც დატანილია ზურაბ გორგილაძის ლექსი „ორი პოეტი“. ბანერი სკოლას საჩუქრად გამოუგზავნა ცნობილმა ქუთაისელმა მეცენატმა, პოეტმა, ექიმმა და საზოგადო მოღვაწე მერაბ კვიცარიძემ. მას 18 ბანერი აქვს მზად, რომელთაგან პირველი სწორედ ჩაოს სკოლას გადასცა საჩუქრად.

აღსანიშნავია, რომ გაისად, ზურაბ გორგილაძის დაბადებიდან 90 წლის იუბილეს აღსანიშნავად, მერაბ კვიცარიძე 90 ბანერის დამზადებას აპირებს და, ჩაოს მსგავსად, ისინი აჭარის კიდევ რამდენიმე სკოლაში განთავსდება.

ჩაო ერთ-ერთი უძველესი დასახლებაა ხულოს რაიონში. ამას მოწმობს სოფლის მიდამოებში აღმოჩენილი ღვინის ქვევრები. ადრე აქ 35 ჯიშის ყურძენს ითვლიდნენ. ახლა 23 ჯიშია შემორჩენილი, რომელთაგან ცხრა საღვინეა. სოფლის მდიდარი წარსულის უტყუარი მოწმეა კოტაჯვარი, სადაც ჩაოელი ბიზნესმენის თამაზ მახარაძის ინიციატივითა და ხულოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის თანადგომით შესანიშნავი ტურისტული ობიექტი მოეწყო.

როგორც საიუბილეო ღონისძიებაზე ითქვა, 1926 წლის ნოემბრიდან ჩაოში ქართული სკოლა ამოქმედდა. იგი თავდაპირველად სულეიმან მახარაძის ოჯახში განთავსდა. პირველი მასწავლებლები იყვნენ კლიმენტი მიქაძე და დარია კეჭაყმაძე. 1931 წელს სკოლა ხასან ლაბაძის საცხოვრებელ სახლში გადავიდა. მაშინ მოვლინებული მასწავლებლები იყვნენ ტიტე წილოსანი, დემირა და ჟორა მიქაძეები. სკოლამ კიდევ რამდენიმე ოჯახი გამოიცვალა, 1936 წლიდან მოყოლებული კი საკუთარი შენობა ჰქონდა. იმხანად ჩაოში მასწავლებლად მოავლინეს ამბროსი ცირამუა, შემდეგ – ვენერა წოწონავა. მათ 1951 წლამდე იმუშავეს სოფლის სკოლაში. 1959 წლის 1 სექტემბერს სოფელში გაიხსნა 7-წლიანი სკოლა, რომლის დირექტორად დაინიშნა ლევან ცეცხლაძე. იგი ამ საგანმანათლებლო კერას 1993 წლამდე ხელმძღვანელობდა. 1993 წლიდან 2005 წლამდე სკოლის დირექტორი გენადი ცეცხლაძე გახლდათ, 2000 წელს კი ჩაოს არასრული სკოლა გადაკეთდა საშუალო სკოლად. 2005-2007 წლებში სკოლას ადამ ცეცხლაძე, ხელმძღვანელობდა. 2007 წლიდან 2025 წლამდე – ამავე სოფლის მკვიდრი იოსებ აბულაძე, ამჟამად კიდირექტორია ნაირა ჯოყილაძე.

საუკუნის ისტორიის მქონე სკოლის კედლებში თაობები აღიზარდნენ, მათ შორის ცნობილი ბიზნესმენები – ამირან, გენად, მერაბ და თამაზ მახარაძეები, რამდენიმე წიგნის ავტორები – მურმან ცეცხლაძე და ჟუჟუნა შაინიძე, მეცნიერები – ადამ, ომარ მახარაძეები, ცნობილი სპორტსმენები – დარინა, გენად, ნიკა, ბესო, ხათუნა, აბდულ, რუსლან ცეცხლაძეები, საქართველოსა და აჭარის დამსახურებული მასწავლებლები – ზურაბ ცეცხლაძე და სიმონ მახარაძე, ქვეყნისა და აჭარის საკანონმდებლო ორგანოების ყოფილი წევრები – ნაზი ცეცხლაძე და ნათელა ლაბაძე. 2008-2009 სასწავლო წელს სკოლას ჰყავდა პრეზიდენტის სტიპენდიატი მასწავლებელი გენადი ცეცხლაძე.

ამჟამად სკოლაში 20-მდე მოსწავლეა და მათ აღზრდას 18 პედაგოგი ემსახურება. მისაბაძია ნათელა ფევაძისა და მზია შავაძის საქმიანობა. მზიამ სოფლის ახალგაზრდულ ცენტრში მუზეუმი მოაწყო და საინტერესო ექსპონატებს თავი მოუყარა, ნათელას კი საოჯახო მუზეუმი შექმნა.

საიუბილეო საღამო სკოლის მოსწავლეებმა სიმღერებით გაალამაზეს, წაიკითხეს ლექსებიც. მამული მახარაძემ სიმონ მახარაძის სტიპენდიები გადასცა პირველკლასელებს – ელენე ცეცხლაძესა და ომერ მახარაძეს.

სკოლის დირექციამ, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების ხულოს რაიონულმა საბჭომ მოქმედ პედაგოგებს ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობის სიგელები გადასცეს.

ოთარ ცინარიძე

  • No Comments
  • ნოემბერი 19, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *