,,პოლიტიკური გაკვეთილები“ – წიგნი საქართველოს უახლოესი ისტორიის მაგალითებით
By

,,პოლიტიკური გაკვეთილები“ – წიგნი საქართველოს უახლოესი ისტორიის მაგალითებით

,,პოლიტიკური გაკვეთილები“ – წიგნი საქართველოს უახლეს ისტორიაზე, რომელიც 1989 წლის 9 აპრილიდან 2012 წლამდე პერიოდს მოიცავს, სადაც შეგვხვდებათ რეალურ ამბებზე დაფუძნებული ბევრი მხატვრულ-დოკუმენტური ეპიზოდი. ამის თაობაზე გვესაუბრება ამ წიგნის ავტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, სოციალურ-მეცნიერებათა დოქტორი ირაკლი მეგრელიშვილი.

საკუთარ პერსონას როგორ წარმოგვიდგენთ?

– ამჟამად ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი და სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი. ჩემი ძირითადი საქმიანობა უკავშირდება საქართველოს უახლესი ისტორიის, პოლიტიკური კრიზისების, პოლიტიკური იდეოლოგიებისა და გეოპოლიტიკის კვლევა-სწავლებას.

რამ განაპირობა თქვენი პროფესიის არჩევანი?

– 2002 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ჩავაბარე, თუმცა ჩემი მიზანი დიპლომატის კარიერა არ ყოფილა. უფრო მეტად შიდა პოლიტიკური პროცესები მაინტერესებდა. მინდოდა გამეგო, როგორ მუშაობს მსოფლიო, რა განაპირობებს სახელმწიფოების წარმატებას და რომელი გამოცდილების გაზიარება შეიძლებოდა საქართველოსთვის. მოგეხსენებათ, იმ წლებში არც ინტერნეტი იყო ფართოდ ხელმისაწვდომი, არც კომპიუტერები და მით უმეტეს, სმარტფონები. საკუთარი ძალებით ვცდილობდი, ისეთი ცოდნა მიმეღო, რომელიც მომავალში ჩემი ქვეყნის განვითარებისთვის სასარგებლო იქნებოდა.

რა გახდა თქვენი მთავარი მოტივაცია, რომ დაგეწერათ წიგნი ,,პოლიტიკური გაკვეთილები, რატომ შეარჩიეთ სწორედ 1989 წლიდან 2012 წლამდე პერიოდი

– ამ წიგნის დაწერის რამდენიმე მიზეზი მქონდა. ეს ჩემი პირველი წიგნი არ არის. დოქტორანტურაში სწავლების პერიოდში დავიცავი დისერტაცია, სახელწოდებით „მოდერნიზაცია და ევროპის იდეა საქართველოში“ და სევქმენი სალექციო კურსის რიდერი – „ევროპული გაერთიანებების ისტორია ანტიკური სამყაროდან ევროკავშირამდე“. ორივე ნაშრომი, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, ძირითადად, აკადემიური წრის წარმომადგენლებისთვის იყო განკუთვნილი. ამჯერად, მინდოდა დამეწერა წიგნი, რომელიც ისტორიულ ფაქტებსა და პოლიტიკურ ანალიზს ისე გადმოსცემდა, რომ ფართო მკითხველისთვის ყოფილიყო საინტერესო. მეორე მიზეზი ის არის, რომ 2001-2012 წლებში საქართველოს პოლიტიკური პროცესების უშუალო მონაწილე და თვითმხილველი ვიყავი. ამიტომ ჩავთვალე, რომ მეტი გულწრფელობა იქნებოდა, რეალურ გამოცდილებას ავტობიოგრაფიული ეპიზოდებით თუ გადმოვცემდი და არა მხატვრული პერსონაჟებით. ამ თვალსაზრისით წიგნი ორ ნაწილად იყოფა. პირველი მოიცავს ჩემი ბავშვობის პერიოდს – 1989- 2001 წლებს, როდესაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს უფრო დამკვირვებლის პოზიციიდან ვადევნებდი თვალს. მეორე ნაწილი 2001-2012 წლებს ეძღვნება, როდესაც თითქმის ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესის უშუალო მონაწილე და თვითმხილველი ვიყავი. ამიტომ წიგნში ისტორიული მოვლენები მხოლოდ აღწერილი კი არ არის, არამედ გადმოცემულია იმ ადამიანების გამოცდილებით, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ამა თუ იმ პროცესში. იმედი მაქვს, სწორედ ეს გახდის მას მკითხველისთვის საინტერესოს.

რომ არა 1989 წლის 9 აპრილი. . . როგორია დროის გადმოსახედიდან ამ მოვლენების არსი, მნიშვნელობა?

– 9 აპრილი არის ჩემი პირველი შეხება პოლიტიკასთან, როდესაც ვიყავი 5 წლის და მამას ველოდებოდი დედასთან ერთად. მაშინ არ მესმოდა, რა ხდებოდა, მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა გავაცნობიერე. იმ დილით რუსი ჯარისკაცები ჯავშანტრანსპორტიორებით თბილისის ქუჩებში მოძრაობდნენ. მახსოვს ჩვენს ქუჩაზეც ჩამოიარეს და იარაღის მოშვერით დაგვიძახეს, სახლში წავსულიყავით. მამამ კი დააგვიანა, მაგრამ, ჩვენდა საბედნიეროდ, დაბრუნდა, თუმცა ეს იყო ტრაგიკული დღე, ტკივილიანი პროცესი, რომელმაც შვა თავისუფალი საქართველო. ახლა ამ პროცესებს აკადემიური თვალით ვუყურებ და ნათელია, რომ საქართველო დაისაჯა, ისჯებოდა და ისევ ისჯება თავისუფლებისთვის. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას მუდამ გადარჩენისთვის უწევდა ბრძოლა და დღესაც ვერ მოვახერხეთ ისეთ სამშვიდობოზე გასვლა, რომ მომავალი თაობისთვის გარანტირებული იყოს თავისუფლება, უსაფრთხოება და კეთილდღეობა.

წიგნს მხატვრულდოკუმენტურ უწოდებთ, როგორ მოახერხეთ ისტორიული ფაქტებისა და მხატვრული თხრობის ერთმანეთთან შერწყმა ისე, რომ რეალობა არ დამახინჯებულიყო?

ჩემი ამოცანა იყო, რომ მხოლოდ სიმართლე დამეწერა. შეიძლება ვინმეს სუბიექტურად მოეჩვენოს, მაგალითად 90-იანი წლების აღწერა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში გულწრფელი ვარ და ჩემს ემოციებს გადმოვცემ. ამ წლებმა და იმ ეპოქის გარემოებამ განაპირობა ჩემი შემდგომი პოლიტიკური არჩევანი და შეხედულებები. ყველა აღწერილი ისტორია, ყველა ამბავი არის მაქსიმალურად მიახლოებული სინამდვილესთან. ეს ის წლებია, შელამაზება რომ  არ სჭირდება… დრამატული თავგადასავლები საქართველოს არასოდეს აკლდა. წიგნში ჯერ ვაანალიზებ მიმდინარე პროცესებს, ხოლო შემდეგ მხატვრული ფორმით გადმოვცემ მასთან დაკავშირებულ ამბებს თავისი პერსონაჟებით, რაც პოლიტიკურ მოვლენებს უფრო აცოცხლებს და გვაახლოებს ცხელ წერტილებთან თუ გადაწყვეტილებების მიმღებებთან. შესაბამისად, ვხედავთ კულისებს მიღმა რა ხდებოდა, თუ როგორ ახდენდნენ გავლენას ჩვეულებრივ მოქალაქეებსა და მათ ცხოვრებაზე.

წიგნში აღწერილი მოვლენებიდან რომელი იყო ყველაზე რთული გასაანალიზებელი და რატომ?

ყველაზე მეტი კვლევა ეროვნულ მოძრაობას დასჭირდა, რადგან იმ დროს ბავშვი ვიყავი და ბევრი რამ არ მესმოდა, ხოლო დანარჩენი, რაც დავწერე, მასზე დიდი ხნით ადრე მქონდა ნაფიქრი და კარგად გაანალიზებული. მიუხედავად იმისა, რომ არ ვყოფილვარ ყველასთვის ცნობილი ფიგურა, ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო გზა გავიარე და ბევრი მნიშვნელოვანი გამოცდილება შევიძინე, რაც მკითხველისთვის შეიძლება საინტერესო გამოდგეს. პოლიტიკურ აქტივიზმს 2012 წელს შევეშვი. ეს არ ყოფილა ერთდღიანი გადაწყვეტილება. შესაბამისად, მომდევნო წლებში მუდმივად ვცდილობდი, ბევრი რამ გარედან გამეანალიზებინა, რასაც პროცესებში ჩართული ადამიანები ხშირად ვერ აკეთებენ. ალბათ ბევრი ისევე გულწრფელად ერთვება პოლიტიკაში, როგორც მე 17-18 წლის ასაკში, თუმცა დროთა განმავლობაში აწყდება უსამართლობას, იდეალების მსხვრევას და იმედგაცრუებას. ბევრი პირველივე წინააღმდეგობისას ნებდება, ბევრი რამდენიმე წელი ძლებს, ზოგი კი ცხოვრების ბოლომდე პოლიტიკას უძღვნის თავს. ასეთი ადამიანები ან მართლა გმირები არიან, ან ნაძირლები და მათ შორის ზღვარის გავლება ძალიან უჭირს საზოგადოებას.

თქვენი შეფასებები ეფუძნება რეალურ ფაქტებს, რამდენად ცდილობდით პოლიტიკური სიმპათიებისა და ემოციებისგან დისტანცირებას, რათა ანალიზი მაქსიმალურად ობიექტური ყოფილიყო?

დღეს საერთოდ არ გამაჩნია სიმპათიები რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ და არც რაიმე ბმა მაკავშირებს ვინმესთან. ამიტომ სრულიად თავისუფალი ვარ და ჩემი ამოცანაც ის იყო, ვყოფილიყავი მაქსიმალურად ობიექტური. ამავე დროს გულწრფელად აღვწერ იმ განცდებს და ემოციებს, რომლებიც იმ დროს მე ან ჩემს გარშემომყოფებს გვამოძრავებდა. 2012 წლამდე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვიყავი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მოგვწონდა იმ დროს. მუდმივად იყო შიდა გუნდური დაპირისპირებები. ეს წიგნი სწორედ იმ ეპოქის გადააზრების, კრიტიკულად შეფასების და დადებითი მხარეების აღიარებაც არის. წიგნში ყველაფერს ვაკრიტიკებ საკუთარი თავის ჩათვლით, რადგან მკითხველმა იგივე შეცდომები არ გაიმეოროს, რაც იმ დროს ხდებოდა.

რუსეთმა საქართველოში რამდენიმე ომი აწარმოა, თქვენი აზრით, რატომ?

დიახ, ოთხი ომი და უამრავი სამხედრო ოპერაცია აწარმოა – ეროვნული მთავრობის დამხობა, ომი ცხინვალში, აფხაზეთში და შემდეგ აგვისტოს ომი. ჩვენ და რუსეთს განსხვავებული ამოცანები გვაქვს. ჩვენი, როგორც პატარა ქვეყნის, ამოცანაა გადარჩენა, თავისუფლების მოპოვება და მისი შენარჩუნება. ეს ხან უკომპრომისო ბრძოლით ხდება, ხან დიდ სახელმწიფოებს შორის ლავირებით. ქართული პოლიტიკა მხოლოდ ამაზე ტრიალებს. რუსეთი კი დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშეა. იგი თავისი გავლენის გაფართოებისთვის იბრძვის, ხან თმობს, ხან წინ მიიწევს და ჩვენ მისთვის ერთ-ერთი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა ვართ. ჩვენზე გავლენის მოპოვებით ის ცდილობს გავლენის შენარჩუნებას კავკასიაში, რომელიც მისთვის არის ერთგვარი უსაფრთხოების ზონა დიდ სახელმწიფოებთან ჭიდილში. რუსეთისთვის ჩვენი დაკარგვა მისი პოზიციების დაკარგვაა, რასაც მტკივნეულად აღიქვამს და ხისტად რეაგირებს. თუ უშუალოდ კონფლიქტებით დავკონკრეტდებით, ძალიან მოკლედ ვიტყოდი, რომ 9 აპრილი და ეროვნული მთავრობის დამხობა მოაწყო გავლენის შენარჩუნებისთვის. მაშინ საბჭოთა კავშირი ინგრეოდა, მაგრამ იქმნებოდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა. დღეს ყველამ ვიცით, რომ ეს ორგანიზაცია ეფექტიანი ვერ გამოდგა, მაგრამ იმ დროს იმპერიის შენარჩუნებად აღიქმებოდა. მასში გაწევრიანებაზე საქართველო უარს ამბობდა. ამიტომ გაგვხვიეს ომებში, წავაგეთ, დავკარგეთ ტერიტორიები და ბოლოს მაინც გაგვაწევრიანეს. 2008 წლის ომი კი პირველი გეოპოლიტიკური რეაქცია იყო ნატოს გაფართოების წინააღმდეგ. რუსეთმა ამ გზით შეაჩერა დასავლური გაფართოება და გაიარა ერთგვარი რეპეტიცია უკრაინისთვის, თუ ისიც არ შეაჩერებდა რუსეთის გავლენისგან თავის დაღწევას.

თქვენი აზრით, რომელი პოლიტიკური გაკვეთილები ვერ ისწავლა ქართულმა საზოგადოებამ, რის გამოც მსგავსი შეცდომები კვლავ მეორდება?

ბევრია ასეთი შეცდომა, რაც ერთ წრეზე გვატრიალებს. პირველი – პოლარიზაცია, რასაც პოლიტიკოსები თავად უწყობენ ხელს და დამღუპველია საქართველოსთვის. სამწუხაროდ, ასეთ დროს პოლიტიკაში ჩართულ ადამიანებს ისე სძულთ ერთმანეთი, მზად არიან ბოლომდე გაწირონ. მეორე – ემოციებზე დამყარებული პოლიტიკა. დღემდე მიტინგების რიტორიკა მართავს პროცესებს, მაშინ როდესაც აუცილებელია რაციონალური და პრაგმატული მიდგომები. მესამე – პოლიტიკური ლიდერები. ზოგჯერ პოლიტიკოსებს ავიწყდებათ თავიანთი პასუხისმგებლობები და არ უფრთხილდებიან არც საკუთარ რეპუტაციას, არც ქვეყნისას. ისინი არ ცდილობენ საკუთარ და სხვის შეცდომებზე სწავლას. ერთი და იგივე ნარატივით ახდენენ თავიანთი შეხედულებების პროპაგანდას, ასეთი პოლიტიკური კლასი კი მოსახლეობაში ნიჰილიზმს და უიმედობას თესავს. ამასთან, ჩვენი საზოგადოების სისუსტეა, რომ კვლავ უპირობოდ ენდობიან თავიანთ ლიდერებს, თუმცა მათიც მესმის. საქართველომ იმდენი ქაოსი და უბედურება გამოიარა, ლოგიკურია, რომ ერთი და ძლიერი მმართველი ხელის მოთხოვნილება არსებობს.

წიგნში საუბრობთ არა მხოლოდ მოვლენების აღწერაზე, არამედ მათ მიზეზებსა და შედეგეზეც, რომელი გადაწყვეტილება მიგაჩნიათ ყველაზე გადამწყვეტ პოლიტიკურ მოვლენად?

ყველაზე უარყოფით გადაწყვეტილებად ვაფასებ 1991-1992 წლებში ეროვნული მთავრობის დამხობას. მართალია, ასეთი გადაწყვეტილება მოსკოვში მიიღეს, მაგრამ ყველაფერი ქართველების ხელით შესრულდა. ამგვარი ბოროტება ქართველებს ქართველების მიმართ დიდი ხანი არ გვქონდა ჩადენილი. მას მოჰყვა ის უკიდურესად მძიმე შედეგები, რაც 1990-იან წლებში მივიღეთ. ყველაზე დადებით და დიდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიმაჩნია ედუარდ შევარდნაძის და ასლან აბაშიძის გადადგომა. მიხარია, რომ დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, კრიტიკულ დროს ორივემ მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება და სისხლისღვრას გადავრჩით. ყველაზე უიღბლო და მძიმე გადაწყვეტილებები უკავშირდება რუსეთის მიერ წარმოებულ ომებს ცხინვალსა და აფხაზეთში, როგორც 1990-იან წლებში, ასევე 2008 წელს. ამ ომების ბედი არ იყო ქართველ პოლიტიკოსებზე დამოკიდებული. რუსეთმა ის გააკეთა, რაც დაგეგმა. ალბათ მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლებოდა ამ ომების თავიდან არიდება ან მხოლოდ გარკვეული დროით გადადება. ეს მოხდებოდა იმ შემთხვევაში,  თუ 1980-იანი წლებიდან სრულ მორჩილებას გამოვუცხადებდით რუსეთს, მაგრამ ამოქმედდებოდა მაშინვე, როგორც კი დამოუკიდებლობისკენ გავიხედავდით. თავისუფლება კი ის არის, რასაც ვერასოდეს ვერ თმობს ქართველი და იმედია, ოდესმე მიხვდება რუსეთი, რომ თავისუფალი საქართველო მისთვის საფრთხე არ არის.

ვისთვის არის ეს წიგნიმხოლოდ პოლიტიკით დაინტერესებული მკითხველისთვის, თუ იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც საქართველოს უახლესი ისტორიის უკეთ გაცნობა სურს?

ვფიქრობ, ორივესთვის. ეს წიგნი არის პოლიტიკური გაკვეთილები სწორედ საქართველოს უახლესი ისტორიის მაგალითებით. შესაბამისად, განკუთვნილია იმ მკითხველისთვის, ვისაც აინტერესებს არა მხოლოდ ისტორიული მოვლენების მხატვრულად აღწერა, არამედ თითოეული მოვლენის, მისი პოლიტიკური მიზეზების, მიღებული გადაწყვეტილებების და მათი შედეგების ანალიზი.

როგორ ფიქრობთ, რა დისკუსიას ან საზოგადოებრივ აზრს უნდა შეუწყოს ხელი ,,პოლიტიკურმა გაკვეთილებმა“?

წიგნში განხილულ თემებზე უკვე დავიწყე ვიდეობლოგების გაკეთება, რასაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თუ საზოგადოების ჩართულობა და მხარდაჭერა გაგრძელდება, ამ თემებს მომავალი წლიდან პოდკასტების საშუალებით უფრო ღრმად და დეტალურად გავშლი საინტერესო სტუმრებთან ერთად. ეს თემებია – ეროვნული მოძრაობა და მისი კრიზისი; 1990-იანი წლების სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრება; ეთნო-კონფლიქტების საფუძვლები; სამოქალაქო აქტივიზმი, რევოლუციები და პოლიტიკური ტექნოლოგიები; გეოპოლიტიკის გავლენა საქართველოზე; რუსეთის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში; „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დადებითი და უარყოფითი შეფასებები; პოლიტიკური ლიდერების როლი და ოპოზიციის კრიზისი.

დაბოლოს, თუ მკითხველი წიგნის დასასრულის შემდეგ მხოლოდ ერთ მთავარ დასკვნას გამოიტანს, რას ისურვებდით, რა დასკვნა უნდა იყოს ეს?

უსამართლობამ არ დააბრკოლოთ თავისუფლებისთვის ბრძოლაში.

ლაშა ხომერიკი

 

  • No Comments
  • ივლისი 14, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *